სოციალურ მედიაში ვირუსულად გავრცელებული პოსტები იუწყებიან, რომ ევროკავშირს სურს აკრძალოს ამერიკული საბანკო ბარათები, როგორებიცაა Visa და Mastercard-ი, ისევე როგორც უცხოური ონლაინ გადახდის პლატფორმები, მაგალითად PayPal და Alipay.
პლატფორმა X-ზე გავრცელებულ პოსტებში ნათქვამია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ მათ ჩანაცვლებას ევროპული ალტერნატივებით აპირებს.
ერთ-ერთ პოსტში ნათქვამია, რომ ლაგარდს სურს ამერიკული საბანკო ბარათები ევროპის ცენტრალური ბანკის ციფრული ევროთი ჩაანაცვლოს. თუმცა, როგორც ირკვევა ლაგარდის სიტყვები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი.
გუგლში ძიებამ მიგვიყვანა ინტერვიუმდე, რომელიც მან 2 აპრილს ირლანდიურ რადიოსადგურ Newstalk-ს მისცა, რომელშიც საუბრობს, რომ ევროპა არ უნდა იყოს ამერიკულსა და ჩინურ ტექნოლოგიებზე დამოკიდებული.
კრისტინ ლაგარდი – ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი:
„ბარათისა თუ ტელეფონის გამოყენებისას, როგორც წესი, ტრანზაქცია Visa, Mastercard, PayPal, Alipay საშუალებით ტარდება, და საიდან მოდის ეს ყველაფერი? ეს არის აშშ ან ჩინეთი. მთელი ინფრასტრუქტურული მექანიზმი, რომელიც გადახდის შესაძლებლობას იძლევა, იქნება ეს საკრედიტო თუ სადებეტო ტრანზაქცია – არ არის ევროპული. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ უნდა შევამციროთ დამოკიდებულება და ამასთან უზრუნველყოთ, რომ არსებობდეს ევროპული ალტერნატივა, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის ხელმისაწვდომი იქნება, რადგან არასოდეს იცი რა ხდება“
ასე რომ, კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, ლაგარდი ამბობს, რომ მას სურს, ამერიკული და ჩინური გადახდის სისტემებთან ერთად ევროპული ალტერნატივაც არსებობდეს – აკრძალვასთან დაკავშირებით კი მას არაფერი უთქვამს.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით ევროპის ცენტრალურ ბანკს, რომელმაც დაადასტურა, რომ ის არ უჭერს მხარს გადახდის სისტემების აკრძალვას.
„ჩვენ ვამჯობინებთ მხარი დავუჭიროთ მრავალფეროვანი და კონკურენტული საგადამხდელო გარემოს შექმნას, რომელიც მოიცავს როგორც კერძო, ასევე საჯარო ვარიანტებს“ – ნათქვამია მათ განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ მაგალითად ციფრული ევრო ასეთი ერთ-ერთი დამატებითი ალტერნატივა იქნება.
მუდმივი დეზინფორმაციული კამპანიის ფონზე, რომ თითქოსდა ციფრული ვალუტები ნაღდ ფულს ჩაანაცვლებს, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ციფრული ევრო ჩაანაცვლებს ნაღდ ფულს და არსებულ ციფრულ გადახდის მეთოდებს.