მთავარიევროპარუსეთირუსეთის სამხედრო ძალა წითელ მოედანზე

რუსეთის სამხედრო ძალა წითელ მოედანზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ სხვადასხვა დროს გავრცელებულ კადრებში განადგურებული რუსული ტექნიკა მრავლად ჩანს. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორი წლის, ორი თვისა და 15 დღის გასვლის შემდეგ პუტინი ძალის დემონსტრირებას ახლა  წითელ მოედანზე ცდილობს. თუმცა კრემლის მმართველი და სხვებიც ომის დაწყების პირველ დღეებში თვლიდნენ, რომ უკრაინა მალე დაეცემოდა და მოსკოვი სამხედრო მიზნებსაც მიაღწევდა.

რა ტიპის ტექნიკა წარმოადგინა დღეს პუტინმა წითელ მოედანზე… რამდენად შეიძლება ეს ძალის დემონსტრირებად ჩაითვალოს. სამხედრო მიმომხილველთა აზრით, განსაკუთრებული და თვალსაჩინო რაიმე ახალი შეიარაღება პუტინს წითელ მოედანზე არ გამოუყვანია. ისევ იყო მეორე მსოფლიო ომისდროინდელი  ტანკები Т-34-ები, სარაკეტო სისტემები С-300  და С-400, სტრატეგიული კომპლექსი „იარსი“, თვითმავალი ქვემეხები „მალვა“ და „გიაცინტი“,  ტანკები Т-72Б3М, Т-80БВМ, Т-90М, ასევე  ქვეითი ძალის სიუხვე.

„თანამედროვე ტექნიკას რაც შეეხება, რაიმე განსაკუთრებული მრავალფეროვნება არ იყო. მთელი რიგი ტექნიკის სახეობები, რომლებიც აქტიურად იყო წარმოდგენილი წინა წლებში, 9 მაისს არ ჩანდა. არსად ჩანდა „არმატას“ ტიპის ტანკი და მისივე ტიპის მძიმე ქვეითთა საბრძოლო მანქანა. მინიმალისტურად იყო წარმოდგენილი ყველა სახეობის ტექნიკა“, – ამბობს სამხედრო მიმომხილველი გიგა ინაშვილი.

აღლუმზე პირველად გამოჩნდა უპილოტო საფრენი აპარატები. ეს ის სამხედრო სისტემებია, რომლებიც აქტიურად გამოიყენება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ესენია: „ლანცეტი“ – დარტყმითი კამიკაძე დრონი, „ორლან-10“ – სადაზვერვო დრონი და „გერანი“ – მძიმე დარტყმითი დრონი. უკრაინაში რუსეთის არმია განსაკუთრებულად სწორედ „გერანებს“  იყენებს. მაგალითად, 8 მაისს 20 ასეთი დრონით მიიტანეს იერიში უკრაინულ ქალაქებზე. დღეს წითელ მოედანზე შეკრებილი ხალხის წინაშე სწორედ იმ ტექნიკამ ჩაიარა, რომელსაც კრემლი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იყენებს და რომელიც უკრაინის არმიის მიერ ყოველდღიურად ნადგურდება.

აღლუმში დაახლოებით 11 000 სამხედრო მონაწილეობდა. მათგან ბევრი იყო უკრაინის ფრონტიდან. პუტინმა ტრადიციულად ბირთვული შეიარაღებითაც მოიწონა თავი. თუმცა ავიაცია, წინა წლებთან შედარებით, მოკრძალებულად გამოჩნდა. არანაირი სტრატეგიული ავიაცია და ვერტმფრენი. სამხედრო მიმომხილველები თვლიან, რომ კრემლს აღლუმზე გამოსაყვანი ტექნიკა ყოველთვის ეყოლება, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში მოსკოვი ასობით ერთეულ ტექნიკას კარგავს.

კრემლის მმართველმა პუტინმა სამხედრო აღლუმზე ტექნიკის მოკრძალებული რაოდენობა ჩინეთიდან და სხვა, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ქვეითი ძალებით დააბალანსა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend