მთავარისაქართველოაშშ-ის კონგრესში „MEGOBARI აქტი” 349 ხმით მიიღეს

აშშ-ის კონგრესში „MEGOBARI აქტი” 349 ხმით მიიღეს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „MAGOBARI აქტი“ მიიღო. 433 კონგრესმენიდან კანონპროექტს მხარი სულ 349 კონგრესმენმა დაუჭირა, კერძოდ, 168 რესპუბლიკელმა, ხოლო 181-მა დემოკრატმა, რაც მას აქცევს ორპარტიულ კანონპროექტად, რომელსაც 80%-იანი მხარდაჭერა აქვს.

„მეგობარი აქტის“ წინააღმდეგ მხოლოდ 42 კონგრესმენი წავიდა, ხოლო დარჩენილმა 42-მა ხმა საერთოდ არ მისცა.

„მეგობარი აქტის“ ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენია სამხრეთ კაროლინიდან, ჯო უილსონი, რომელიც კანონპროექტის მიღებამდე კონგრესის წინაშე სიტყვით წარდგა. „მეგობარი აქტი“ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების წინაპირობებს ითვალისწინებს და რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს პირობები არ იქნება დაცული.

კერძოდ, „მეგობარი აქტის“ მოიცავს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების სანქცირებასა და საქართველოსთან თანამშრომლობის ფორმატის გადახედვას, რაც მოიცავს დახმარების პაკეტის შემცირებას ან მის მთლიანად შეჩერებას.

გამომსვლელთა შორის იყო კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენმა ბრაიან მასტიც. მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა პარტნიორი ქვეყნები სწორი პოლიტიკის გატარებისთვის უნდა დააჯილდოოს და შესაბამისად „მეგობარ აქტსაც“ აქვს მეორე მხარე, რაც ითვალისწინებს თუ რა მოხდება, როცა საქართველო პროდასავლურ გზას დაუბრუნდება.

„სამწუხაროდ, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გადადგმულმა ნაბიჯებმა, აგრეთვე, მათი ჩინეთისა და ირანის მთავრობებთან დაახლოებამ დააზიანა. პროდასავლური და დემოკრატიული საქართველოს პოტენციალი აშკარაა. შავ ზღვაზე მდებარეობის გამო ვაჭრობისთვის საკვანძო ადგილი აქვს და რეგიონში ირანისა და რუსეთის გავლენის დაბალანსების შესაძლებლობას ქმნის. მხარს ვუჭერ ამ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც ბატონმა ვილსონმა წარადგინა, რადგან ის იზიარებს მიდგომას „ამერიკა პირველ ყოვლისა“.

კანონპროექტი სანქციებს უწესებს რეჟიმის მაღალჩინოსნებს, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და პროევროპულ მომავალს. აგრეთვე, კანონპროექტი საშუალებას გვაძლევს საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებსა და დახმარების პროგრამებს გადავხედოთ, აგრეთვე, მოვითხოვოთ დეტალური ანგარიში საქართველოში რუსული სპეცსამსახურების საქმიანობის შესახებ. კანონპროექტი საქართველოს ალტერნატივასაც სთავაზობს. როგორც კი შეერთებული შტატების პრეზიდენტი დაადასტურებს რომ საქართველო დაუბრუნდა პროდასავლურ გზას, კანონპროექტი ითვალისწინებს ქვეყნებს შორის გაუმჯობესებულ ორმხრივ კავშირებსა და სამხედრო თანამშრომლობას. შეერთებულმა შტატებმა პარტნიორები კარგი საქციელისთვის უნდა დააჯილდოოს. „MEGOBARI აქტი“ ქართველ ხალხზე თავდასხმა არაა, არამედ ის ცდილობს დაეხმაროს ქართველ ხალხს თაღლითი მაღალჩინოსნების დასჯით ან მათი შეერთებული შტატებისგან დისტანცირებით“, – ამბობს აშშ-ის კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბრაიან მასტი.

ბრაიან მასტი რესპუბლიკელი კონგრესმენია, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევისას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა.

სხვა კონგრესმენებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ჯო უილსონმა ხაზი გაუსვა, რომ მოქალაქეები უკვე 500 დღეზე მეტია, რაც დემონსტრაციებს მართავენ. მან აგრეთვე, შეშფოთება გამოხატა შავ ზღვაზე პორტის ჩინეთზე მიყიდვის ფაქტზე და აღნიშნა, რომ პორტი ქართველ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს.

„500 დღეა, რაც თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხი მშვიდობიანად გამოდის ქუჩებში თავისი მომავლის, თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად. მათი სურვილი ნათელია. ისინი არ დაუშვებენ, რომ კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილის უკანონო რეჟიმმა მათი ქვეყანა დაანგრიოს და შეუმდგარი საბჭოთა კავშირის დაქვემდებარებაში ამყოფოს. საქართველო ყოველთვის დიდად აფასებდა მძიმე ბრძოლებით მოპოვებულ თავისუფლებას და სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ნებას ძირს უთხრის არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი და ამერიკის მოძულე მაფიოზების ჯგუფი, რომელიც ცდილობს ქვეყანა ამერიკის მოწინააღმდეგეებზე გაყიდოს. მათ შორის ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, რომლისთვისაც შავ ზღვაზე პორტის გადაცემას აპირებს. ეს პორტი ქართველი ხალხის უნდა იყოს“, – ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონი.

ყველა კონგრესმენი ერთ აზრზე არ ყოფილა. ზოგიერთის აზრით, „მეგობარი აქტი“ სცდება ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგს, რომელსაც „ამერიკა პირველ ყოვლისა“ პოლიტიკა ითვალისწინებს და უმჯობესი იქნება, თუ ყურადღებას სხვა საკითხებზე გაამახვილებენ.

„ტრადიციულად ყველაფერს ვუჭერ მხარს, რასაც თავმჯდომარე უჭერს, თუმცა ეს კანონპროექტი არასწორი მიმართულებითაა შემუშავებული და ვიმედოვნებ, რომ კოლეგები ამას მხარს არ დაუჭერენ. არ უნდა ჩავერთოთ ყველა იმ კონფლიქტში, რომელში გვიწვევენ და დამატებით კონფლიქტების ძებნა ნამდვილად არ გვჭირდება. ჩვენ შეგვიძლია, ქართველ ხალხს ყველაფერი კარგი ვუსურვოთ ევროპის მიმართ თავდაცვაზე ჩვენი ვალდებულების ზედმეტი გაფართოების გარეშე.

უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს რუსეთისგან დაცვა რეალურად არ შეუძლია და ისინი თავდაცვაზე მშპ-ის 2%-საც კი არ ხარჯავენ, რაც ნატოში გაწევრებისთვის მინიმალური მოთხოვნაა.

ამაში მათ ვერ დავადანაშაულებთ, როდესაც დიდი ქვეყნები, მაგალითად, გერმანია ამ მინიმუმს არ ხარჯავს. საქართველოს ეკონომიკა არც ისე დიდია, ამრიგად, მეტიც რომ დახარჯონ, ამას მნიშვნელობა არ ექნება.

ეს ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების მიმართ არასწორი მიდგომაა და ჩვენი სანქციების ეფექტიანობას ასუსტებს. ვიმედოვნებ, რომ ვკონცენტრირდებით „ამერიკა პირველ ყოვლისა“ მიდგომაზე“, – ამბობს რესპუბლიკელი კონგრესმენი, უორენ დევიდსონი.

„მეგობარი აქტი“ ჯერ ბოლომდე ძალაში არაა შესული. მას კიდევ რამდენიმე ეტაპი ექნება გასავლელი, კერძოდ, ახლა მას შეერთებული შტატების სენატი განიხილავს და საბოლოოდ უკვე კანონპროექტს ხელს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოაწერს. ჯერჯერობით კანონპროექტის სენატში განხილვის თარიღი უცნობია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend