მაგიური პერსონაჟების, ხელნაკეთი ფიგურების, ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორების ნინო როტას და ენიო მორიკონეს მელოდიების ჯადოსნური სამყარო…
ეს ქართველი ხელოვანის ირაკლი ნასიძის მიერ დანახული და მისი ახლებური ინტერპრეტაციით აღქმული იტალიელი ფოტოგრაფის მარიო ლასალანდრას სამყაროა.
მარიო ლასალანდრას სიურეალისტური პერფორმანსის „ილ მაჯიკოს“ რეინტერპრეტაცია და მისი ფოტოგამოფენა, ფოტოფესტივალის „ქოლგა თბილისის“ ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის ხელმძღვანელი და კრეატული დირექტორი კი ირაკლი ნასიძე გახლავთ.
ირაკლი ნასიძის ექსპრესიული ინსტალაცია, სახელწოდებით „საიდუმლოს გასაღებები“ მარიო ლასალანდრას წარმოსახვითი სამყაროთია შთაგონებული. მარიო ლასალანდრა სიურეალისტური და ექსპრესიული ელემენტებით გაჯერებულ პერფორმანსებს, იტალიის ქალაქ სან ფელიჩე სულ პანაროში მართავდა, სადაც ადგილობრივები მის მაგიურ პერსონაჟებს ერთი დღით განასახიერებდნენ. ირაკლი ნასიძე, რომელიც მარიო ლასალანდრას ნამუშევრებს პირველად 10 წლის წინ გაეცნო, დამთვალიერებელს ამ ჯადოსნური სამყაროს მისი აღქმითა და ხედვით სთავაზობს.
ფოტოგამოფენაზე, „პოეტები, ნიღბები, მსახიობები, მოჩვენებები“ დამთვალიერებელს მარიო ლასალანდრას 150-მდე შავ-თეთრი ფოტოს ნახვა შეუძლია, რომლებიც 1962-2011 წლებშია გადაღებული. ხელოვანის ამ რეტროსპექტივის კურატორი მისი ქალიშვილი პაულა ლასალანდრაა.
„ეს მხოლოდ გამოფენა არ არის. ეს სრული პროექტია. ჩემი მიზანია ვაჩვენო მარიო ლასალანდრას სამყარო. აქ წარმოდგენილია მისი შავთეთრი ფოტოები. ასევე მიმდინარეობს ფილმის ჩვენება. მესამე, მაგიური ნაწილი კი არის ის რასაც მამაჩემი „ილ მაჯიკოს“ უწოდებს. ეს არის პერფორმანსი, რომელსაც ის იტალიის პატარა ქალაქში ფოტოგრაფებისთვის აწყობდა. სოფლის მოსახლეობასთან ერთად ის ამას 11 წლის განმავლობაში აკეთებდა. ირაკლიმ კი, რომელიც 12 წლის წინ პარიზში გავიცანი, მამაჩემის ამ მაგიას ახალი ინტერპრეტაცია მისცა. ეს ძალიან დიდი პატივია, რადგან ერთადერთი ადამიანი, ვისაც, ამის გაკეთება, იმავე სულისკვეთებით, იმავე პოეტურობით შეეძლო, სწორედ ირაკლი ნასიძეა“, – ამბობს პაულა ლასალანდრა.
მარიო ლასალანდრას ნამუშევრების რეტროსპექტივა, რომლის სტილსაც თავად ავტორი „მაგიურ სიურეალიზმს“ უწოდებს, მე-20 საუკუნის იტალიას ასახავს.
„მისი ნამუშევრები მართლაც გამორჩეულია და სწორედ ამიტომ მას იტალიასა და მსოფლიოში კრიტიკოსები ერთ-ერთ საუკეთესო ფოტოგრაფად მიიჩნევენ. ამ პროექტის ინიციატორი ირაკლი ნასიძეა. ჩვენ არ გვინდოდა, რომ მხოლოდ ფოტოებით შემოვფარგლულიყავით, არამედ გვსურდა სრულად გვეჩვენებინა მარიოს მაგიური და სიურეალისტური სამყარო. ეს ძალიან ემოციურია. გამოფენამდე ერთი დღით ადრე მამას ვესაუბრე და მან ერთი რამ მითხრა – მადლობა. მადლობა მთელს გუნდს… თბილისის ფოტოფესტივალის გუნდი შეუდარებელია“, – ამბობს პაულა ლასალანდრა.
ფოტოფესტივალის „ქოლგა თბილისი ფოტო 2025-ის“ ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართველი და საერთაშორისო ხელოვანების დაკავშირებაა.
პროექტის მხარდამჭერი და პარტნიორია საქართველოში იტალიის საელჩო. იტალიის ელჩის თქმით, ასეთი პროექტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იტალიელი და ქართველ ხალხის დაახლოებისთვის.
„ჩვენ გადავწვიტეთ მოგვეწყო ამ ფოტოების გამოფენა და პერფორმანსი. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ავსებენ ერთმანეთს იტალია და საქართველო, როგორ შეუძლიათ მათ თანამშრომლობა, როგორც ხელოვნების ისე ზოგადად კულტურის დონეზე. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა საქართველოში იტალიის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ.
ირაკლი ნასიძის ინსტალაციამ და მარიო ლასალანდრას ნამუშევრებმა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი შეკრებილ დამთვალიერებელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.
თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ირაკლი ნასიძის მიერ შექმნილი ინსტალაციის და მარიო ლასალანდრას ნამუშევრების რეტროსპექტივის ხილვა დამთვალიერებელს 15 ივნისის ჩათვლით შეეძლება.
თორნიკე კოპლატაძე