კატეგორიები
კლინიკა „ვივამედში” პატიმარი გარდაიცვალა
კუბი

კლინიკა „ვივამედში” პატიმარი გარდაიცვალა

გუშინ, 4 მაისს, კლინიკა „ვივამედში“ საღამოს საათებში გარდაიცვალა პატიმარი, რომელიც იქ სხეულის მძიმე დაზიანებით გადაიყვანეს გლდანის მერვე პენიტენციური დაწესებულებიდან.

გარდაცვლილი იოსებ გორგაძის ადვოკატი მუხრან ღურწკაია ამბობს, რომ ციხეში მიყენებული დაზიანება იმდენად მძიმე იყო, რომ ექიმების 3.5-თვიანი მკურნალობა უშედეგო გამოდგა. მისი თქმით, პატიმარი გლდანის მერვე დაწესებულებიდან სასტიკად ნაცემი გადაიყვანეს კლინიკაში.

„ნაცემი იყო, მაგრამ გამოძიებას არაფერი გაუკეთებია და თვითონ ავითარებენ ვერსიას, რომ წაიქცა”, – აცხადებს გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატი.

46 წლის იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება. ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, მათ რელევანტური ინფორმაცია და საკანთან არსებული დერეფნის ვიდეოჩანაწერები შეისწავლეს, თუმცა გაირკვა, რომ უშუალოდ საკანში ვიდეომეთვალყურეობა არ მიმდინარეობდა.

„პატიმრის სამედიცინო მასალებით ვლინდება მრავლობითი დაზიანება. აუცილებელია გამოძიებამ და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ ამომწურავი პასუხები გასცეს მათი წარმომავლობის შესახებ კითხვებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში და აქვე ნათქვამია ისიც, რომ სახალხო დამცველის აპარატი, უფლებამოსილების ფარგლებში, გააგრძელებს საქმის სრულფასოვან შესწავლას და საგამოძიებო უწყებებთან კომუნიკაციას, გამოძიების მონიტორინგის მიზნით.

იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული პენიტენციური სამსახური კლინიკა „ვივამედში“ გარდაცვლილ პატიმართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პენიტენციური სამსახური ამბობს, რომ მძიმე დაზიანებით გადაყვანილ იოსებ გორგაძეზე ძალადობა არ დასტურდება.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2025 წლის 23 იანვარს ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. აღსანიშნავია, რომ ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არ დასტურდება”, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ბრალდებულს ან მის უფლებადამცველს დაწესებულებაში ყოფნის სრული პერიოდის განმავლობაში პენიტენციური სამსახურისა და ადმინისტრაციის მიმართ რაიმე სახის საჩივარი ბრალდებულის უფლებების დარღვევის შესახებ არ დაუწერიათ.

Latest video