გადაცემა „რეალური სივრცე“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვეღარ გავა. გუნდის წევრებმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველებთან“ ერთად პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას გააცნეს თავიანთი გადაწყვეტილება – არ მოაწერონ ხელი ხელმძღვანელობის შეთავაზებას. ეს კი, მათი განცხადებით, ნიშნავს, რომ არხი მათთანაც გაწყვეტს შრომით ხელშეკრულებებს.
გუნდის განცხადებით, 30 აპრილს მენეჯმენტმა მათ აცნობა, რომ მას შემდეგ, რაც წამყვანი ნინო ზაუტაშვილი გაუშვეს, აღარ იგეგმებოდა გადაცემის საპროექტო ვადის გაგრძელება. თანამშრომლების თქმით, საზმაუმ გადაწყვიტა დაშალოს „რეალური სივრცის“ გუნდი და გადაანაწილოს ისინი მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე.
„რეალური სივრცის” სარედაქციო გუნდმა მხარდაჭერა გამოუცხადა დაკავებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, მხნეობა უსურვა „საზმაუს მცველების“ წევრებს, რომლებიც რჩებიან მაუწყებელში და „აგრძელებენ უმნიშვნელოვანეს ბრძოლას საზმაუს იდეის დასაცავად“.
„ჩვენ ვრჩებით მათ გვერდით და გარედან არ დავაკლებთ ძალისხმევას, რომ საზოგადოებამ ბოლოსდაბოლოს მიიღოს ნამდვილი საზოგადოებრივი მაუწყებელი. სოლიდარობა და თავისუფლება ჩვენს კოლეგას, მზია ამაღლობელს, რომლის სიტყვებიც – იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის, უნდა გვახსოვდეს”.
11 აპრილს ცნობილი გახდა, რომ დისციპლინური მოკვლევის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. ორივე ტელეწამყვანი აცხადებს, რომ მოკვლევის შედეგები და ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი მათთვის ცნობილი არ არის.
