მთავარისაქართველოNational Geographic-ის ფოტოს მიღმა

National Geographic-ის ფოტოს მიღმა

ისტორიული ჟურნალის ფოტოგრაფი მარკ თისენი თბილისშია

© მარკ თისენი, National Geographic

საქართველოში ფოტოგრაფია უყვართ… ყველამ იცის ჟურნალ National Geographic-ის ფოტოების ფასი. ამიტომაც განსაკუთრებული მოვლენა იყო, როცა თბილისში ამ ჟურნალის ფოტოგრაფი მარკ თისენი ჩამოვიდა.

ვიზიტი „National Geographic საქართველოს” აპრილის ნომრის გამოსვლას დაემთხვა. ამ გამოცემაში ევოლუციის ისტორიაზე, დნმ-ის კვლევის უახლეს მიღწევებსა და აღმოჩენებზეა საუბარი. არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილი ჰომინინის თავის ქალისა და სახის აღდგენის პროცესი National Geographic-ის  ფოტოგრაფმა მარკ თისენმა გადაიღო. მან საქართველოში ყოფნის დროს საგანგებოდ შეკრებილ აუდიტორიასთან სწორედ ამ ამბავზე ისაუბრა.

„მე აქ  ვსაუბრობ National Geographic-ის გარეკანზე, რომლისთვისაც ფოტო გადავიღე. ასევე ვიმუშავე სტატიის სხვა ფოტოებზე. ამ პროექტს რამდენიმეწლიანი მოსამზადებელი ეტაპი უძღოდა წინ. მისი ნაწილი იყო ის ფოტოც, რომელსაც ჟურნალის გარეკანზე ხედავთ. ეს კომპიუტერული გრაფიკით არ გაკეთებულა.  ის რეალურად არის აღდგენილი. ამ რეკონსტრუქციას თვეობით კვლევა და მუშაობა დასჭირდა. მე ეს ოთხთვიანი პროცესი გადავიღე, როდესაც თიხისგან თავი გამოიძერწა, შემდეგ დამზადდა ლატექსის ყალიბი. საბოლოოდ კი თმის თითოეული ღერი სათითაოდ დამაგრდა თავზე. მარტო ეს პროცესი  ორი თვე მიმდინარეობდა. პალეოარტისტი, რომელმაც ეს ყველაფერი შექმნა, ჯონ გურჩია. ის შეუდარებელია. მისნაირი სხვა არავინაა. ის 74 წლისაა და გაჩერებას ჯერ არ აპირებს. არავინ იცის, ჰომინინი როგორ გამოიყურება. ჯონმა იცის! მას შეუძლია, თავის ქალასა და ანატომიას შეხედოს და წარმოდგენა შეექმნას, თუ როგორ განლაგდება კუნთები და მყესები“, – ამბობს National Geographic-ის ფოტოგრაფი მარკ თისენი ევრონიუს ჯორჯიასთან საუბარში.

მარკ თისენი 30 წელზე მეტია National Geographic-ისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იღებს ფოტოებს. ის ამ ჟურნალის შტატიანი თანამშრომელია, რაც მართლაც, იშვიათი ამბავია.

საქართველოში კი მარკ თისენი „National Geographic საქართველოსა“ და კომპანია „სილქნეტის“ შემეცნებითი შეხვედრების ფარგლებში ჩამოვიდა. 26 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მან აუდიტორიას თავისი გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, National Geographic-ის სტანდარტის მისაღწევად დაუზოგავი მუშაობაა საჭირო.

„იმისთვის რომ National Geographic-ის ფოტოგრაფი გახდე, ბევრი უნდა იმუშაო, უნდა იყო მიზანდასახული და შეუპოვარი, რომ გააკეთო ის, რისი გაკეთებაც საჭიროა. ასევე მნიშვნელოვანია, წინასწარ ბევრი კვლევა ჩაატარო. მუდამ უნდა ფიქრობდე ფოტოების გადაღების განსხვავებულ საინტერესო გზებზე. საბედნიეროდ, National Geographic-ში ჩვენ ამის დრო გვაქვს. ჩვენ არ ვჩქარობთ, როგორც ეს შეიძლება ახალი ამბების ფოტოგრაფების შემთხვევაში იყოს. ჩვენ შეგვიძლია, განვსაზღვროთ დრო და კარგად გავაანალიზოთ, თუ როგორ გვსურს ამბის გაშუქება. თუნდაც, ვიფიქროთ იმაზე, რომ ჰომინინის თავის ქალის აღსადგენად ჯონ გურჩისთან თანამშრომლობა გვსურს“, – ამბობს National Geographic-ის ფოტოგრაფი.

მარკ თისენი მუშაობდა ტყის ხანძრების, ღამურის ნადირობის, ჰოლივუდის რეჟისორის ჯეიმს კამერონის ოკეანის ექსპედიციისა და სხვა გადაღებებზე. სამუშაოს  მრავალფეროვნების გამო მარკ თისენი თავს შვეიცარიულ დანას უწოდებს. მისი თქმით, უმნიშვნელოვანესია ამბის გადმოცემის უნარი და პირადი განვითარების მუდმივი სურვილი. ამასთანავე, ფოტოგრაფი ნებისმიერი გამოწვევისათვის მზად უნდა იყოს.

„ისეთი პროექტის გადაღებისასაც, როგორიც ტყის ხანძრებია, ჩვენ მზადებას ზამთარში ვიწყებთ. ვუკავშირდებით ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურების წარმომადგენლებს. მე სახანძრო სკოლაც გავიარე, გავხდი სერტიფიცირებული მეხანძრე, რომ ხანძრის გადაღების დროს უსაფრთხოდ ვიყო.  მედიის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მე პროფესიონალების გაყოლა აღარ მჭირდება. თუ ნებას დამრთავენ, შემიძლია სახანძრო ჯგუფს პირდაპირ შევუერთდე. ასე მე მათთვის ზედმეტი ტვირთი არ ვიქნები და უსაფრთხოდ ვიმოქმედებ. შესაბამისად, ჩვენი საიდუმლო არის დრო და სწორი დაგეგმვა. ყოველთვის ვამბობ: იფიქრე, დაგეგმე, გააკეთე. ჩვენ ვფიქრობთ პროექტზე და ამას დიდ დროს ვუთმობთ. შემდეგ ვგეგმავთ, ბოლოს კი ვაკეთებთ. ხშირ შემთხვევაში მოქმედების ნაწილი ყველაზე ხანმოკლეა. ამას ნაკლები დრო სჭირდება. ფიქრი და დაგეგმვა ნამდვილად არის ის, რაც განსხვავებას იძლევა და გვაძლევს იმ ხარისხს, რომელიც National Geographic-ის დონეს შეესაბამება“, – ამბობს მარკ თისენი.

მარკ თისენმა ფოტოგრაფობა ადრეულ ასაკში დაიწყო. პირველი კამერა 14 წლის ასაკში შეიძინა. მალევე მისივე გადაღებული ფოტო ლოს-ანჯელესში ადგილობრივი გაზეთის ყდაზე დაბეჭდეს.

„ფოტოგრაფობა ბავშვობიდან მინდოდა. ლოს-ანჯელესში ველოსიპედით გაზეთებს ვარიგებდი. 14 წლის ვიყავი, შესაბამისად, მანქანისთვის ძალიან პატარა ვიყავი. შეგროვებული ფული კამერაზე დავხარჯე, ასევე სახანძროსა და პოლიციის რადიოზე, რომ მომესმინა, რა ხდებოდა. ერთ ზაფხულს, კვირა დილას, როდესაც სკოლაში არ ვიყავი, მანქანას მატარებელი დაეჯახა. მაშინვე დედაჩემს ვთხოვე, იმ ადგილას წავეყვანე. მივედით. მანქანა ლიანდაგზე გაჩერებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო და გადარჩა. შემდეგ კი მატარებელი მანქანას დაეჯახა. მე იქ ფოტოები  გადავიღე და გამომცემლობაში მივიტანე. შემდეგ კი იმავე დღეს, შუადღეს, მომცეს გაზეთების დასტა, რომ ქალაქში დამერიგებინა. და ჩემი ფოტო სწორედ იქ იყო, გაზეთის პირველ გვერდზე. ეს იყო 1980 წლის სექტემბერი…“ – იხსენებს მარკ თისენი.

„National Geographic საქართველოსა“ და კომპანია „სილქნეტის“ შემეცნებითი შეხვედრების ორგანიზატორების თქმით, ადგილობრივ ფოტოგრაფებთან შეხვედრა გამოცდილების გაზიარებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობაა.

„მარკ თისენი  35-წლიანი გამოცდილების მქონე ფოტოგრაფია. არის ამერიკული გამოცემის შტატიანი თანამშრომელი. არაჩვეულებრივი ფოტოგრაფია. მას აქვს ისეთი გამოცდილება, რომელიც სხვა ძალიან ბევრ ფოტოგრაფს არ აქვს. ადგილობრივ ფოტოგრაფებთან შეხვედრა ყოველთვის კარგი შესაძლებლობაა“, – ამბობს „National Geographic საქართველოს” მთავარი რედაქტორი ქეთევან ჭუმბურიძე.

„მარკ თისენი ჩვენი ძველი მეგობარია. სიმბოლურია, რომ ის აქ იმყოფებოდა, როდესაც „National Geographic საქართველო“ გაიხსნა თბილისში. ის გახლავთ ძალიან ცნობილი ფოტოგრაფი. მისი ლექცია ბევრი ახალგაზრდისთვის ინსპირაციის წყარო იყო და ეს ლექცია საუკეთესოდ წარმოაჩენდა National Geographic-ის როლს, მის მისიას – თუ როგორ უნდა უკავშირდებოდეს კვლევა და მეცნიერება ხელოვნებას“, –  ამბობს  საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.

ჟურნალ „National Geographic საქართველოს” პირველივე დღიდან ნაკისრი აქვს განათლებისა და ცოდნის გავრცელების პასუხისმგებლობა. მსოფლიოს მნიშვნელოვანი ამბები ქართულ ენაზე 2012 წლიდან გამოდის. ჟურნალის ქართველ მკითხველს კი საინტერესო სტატიების წაკითხვასთან ერთად შესაძლებლობა ეძლევა, თავად ამ ამბების ავტორებს შეხვდეს და მათი გამოცდილება გაიზიაროს.

ავტორი: თორნიკე კოპლატაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend