დღეს, 29 აპრილის დილას, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკის მიზნით შევიდნენ ჟურნალისტისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის, მისი შვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის, აქტივისტ მარიამ ბაჯელიძისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის, საცხოვრებელ ბინებში. ასევე გაჩხრიკეს ფონდ „ერთმანეთისთვის 24/7-ის” დამფუძნებლის, გუგა ხელაიას, ბინა.
პროკურატურის თანამშრომლები ნანუკა ჟორჟოლიანის ბინაში შვიდი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, მისი ბინიდან წაიღეს ყველა სახის ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის გაფუჭებული ტელეფონები და მისი შვილების დაბადების დღეებისა და ნათლობის ვიდეოჩანაწერებიც კი.
ჩხრეკისთვის შევიდნენ ასევე სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის საცხოვრებელ ბინაში. როგორც მარიამ ბაჯელიძე აცხადებს, მისი სახლი ზედაპირულად გაჩხრიკეს და პროკურატურის წარმომადგენლების მთავარი მიზანი ტელეფონის ამოღება იყო. მისი თქმით, სამართალდამცველებმა მოგვიანებით გადაწყვიტეს ლეპტოპის წაღებაც. მარიამ ბაჯელიძე აცხადებს, რომ ჩხრეკისას ეძებდნენ ელექტრონულ მოწყობილობებს, ასევე შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ნივთებს, თუმცა პროცესი ზედაპირულად ჩატარდა.
პროკურატურის თანამშრომლები დღეს დილით მივიდნენ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილის, ბინაშიც. ეს ინფორმაცია მისმა ცოლმა ნინო ხუტურიძემ გაავრცელა სოციალური ქსელით.
ჩხრეკის მიზნით პროკურატურის თანამშრომლები მივიდნენ ფონდ „ერთმანეთისთვის 24/7-ის” დამფუძნებელ გუგა ხელაიასთან. როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, მას ჩამოართვეს ტელეფონი. მისი თქმით, ბინის სრული ჩხრეკის შემდეგ ვერ აღმოაჩინეს ვერაფერი კანონსაწინააღმდეგო და წავიდნენ.