სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2024 წლის ანგარიშს აქვეყნებს. 66-გვერდიან დოკუმენტში საუბარია რუსული საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებებზე, ამ თვალსაზრისით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე, დეზინფორმაციაზე, ჰიბრიდულ ომსა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე, ასევე ტერორიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე. დოკუმენტში ყურადღება ეთმობა პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასაც.
სუსის ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებებისა და საკუთარი ინტერესების გასატარებლად აქტიურად იყენებდნენ ფარულ ოპერაციებს და ე.წ. „რბილი ძალის“ ინსტრუმენტებს.
„უცხო ქვეყნების პოლიტიკური ძალების, სახელმწიფო ინსტიტუტების, ცალკეული ფონდების, სხვადასხვა პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების დაფინანსებით და ორგანიზებით ტარდებოდა კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, მედიაფორუმები, ხორციელდებოდა ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობ-შემეცნებითი პროექტები“, – წერია სუსის ოფიციალურ დოკუმენტში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განმარტავს, რომ უცხო ქვეყნის სპეციალურ სამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი ორგანიზაციის წარმომადგენლები, მიღებული დავალების შესაბამისად ცდილობდნენ ქვეყანაში დესტრუქციული პროექტები განეხორციელებინათ. თუმცა უწყება არცერთი კონკრეტული შემთხვევის შესახებ მოცულობით დოკუმენტში არ წერს.
„დეზინფორმაცია და ჰიბრიდული ომის სხვა საფრთხეები“ – ამ ქვეთავში სუსი წერს, რომ „გამოვლინდა ცალკეული მედიასაშუალებები და ჟურნალისტები, რომლებიც უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ან მათთან კავშირში მყოფი პირების, სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მითითებითა და დაფინანსებით საქართველოში ახორციელებდნენ პროექტებს, რომლებიც კონკრეტული ქვეყნების ინტერესების გატარებას ემსახურებოდა, ღიად ეწეოდნენ უცხო ქვეყნებისთვის სასარგებლო პროპაგანდასა და სახელმწიფოს უსაფუძვლო კრიტიკას“, – უწყება არც ამ შემთხვევაში აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების ინტერესის გატარებაზეა საუბარი.
„ე.წ. რბილი ძალა და ფარული ოპერაციები“ – ასე ასათაურებს სუსი მიგნებებს, რომლებიც ქვეყანაში 2024 წლეს განხორციელებულ სხვადასხვა პროექტს შეეხება.
„უცხო ქვეყნების პოლიტიკური ძალების, სახელმწიფო ინსტიტუტების, ცალკეული ფონდების, სხვადასხვა პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების დაფინანსებითა და ორგანიზებით ტარდებოდა კონფერენციები, სემინარები, ტრენინგები, მედიაფორუმები, ხორციელდებოდა ჰუმანიტარული, საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობ-შემეცნებითი პროექტები“, – წერია დოკუმენტში. თუმცა არაფერია ნათქვამი რომელიმე კონკრეტულ პროექტზე ან ღონისძიებაზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოსთვის ეროვნული უსაფრთხოების კუთხით ყველაზე დიდ საფრთხედ კვლავ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას ასახელებს. უწყების ოფიციალურ დოკუმენტში საუბარია საოკუპაციო ძალის მიერ ანექსიისკენ მიმართულ ქმედებებზე, უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე.
„საანგარიშო პერიოდში ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით იდენტიფიცირდა უკანონოდ დაკავების 37, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 36 შემთხვევა. ორივე მიმართულებით გამოვლინდა ე.წ. ბრალის ხელოვნურად დამძიმების პრაქტიკა, სხვადასხვა გამოგონილი ბრალდებით, მათ შორის ოფიციალური თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობის, ე.წ. კონტრაბანდის, ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისა და 15 სხვა“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ დოკუმენტში.
სუსი ასევე წერს, რომ 2024 წელს უწყება ინტენსიურად თანამშრომლობდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან (EUMM), რომელიც უწყებისვე შეფასებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგების მონიტორინგის განმახორციელებელი ერთადერთი ორგანიზაციაა.
სუსის 2024 წლის ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად გასულ წელს კვლავ რჩებოდა ქვეყნის კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წარმოებული კიბერშეტევითი და კიბერსადაზვერვო ოპერაციები.