მთავარისაქართველობავშვები სიღარიბეში

ბავშვები სიღარიბეში

სოციალურად დაუცველთა ბაზაში საქართველოში არასრულწლოვანთა 43%-ია რეგისტრირებული, 31%-ზე მეტი კი საარსებო შემწეობას იღებს.

გურამიშვილის გამზირთან ახლოს ყოფილი ნევროლოგიის ინსტიტუტის შენობაში 300-მდე სოციალურად დაუცველი და დევნილი ოჯახი ცხოვრობს. ამ ოჯახების დიდი ნაწილისთვის მთავარი საარსებო წყარო სახელმწიფოსგან მიღებული სოციალური დახმარებაა.

„მე პირადად სოციალური (დახმარება) მაქვს და ასეა თუ ისე ვხმარობ… ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად… ანალოგიურად არიან სხვებიც. ბევრი რამ  არის, რაც ბავშვებს სჭირდებათ – არის რამდენიმე ოჯახი, რომელსაც მართლაც სჭირდება დახმარება – ტანსაცმელი, საჭმელი”, – გვეუბნება სოციალურად დაუცველი ნათია ღვინჯილია.

აქვე, ეზოში, 4 მცირეწლოვანი ბავშვის ბებიას ვკითხეთ, რამდენად აკმაყოფილებს არასრულწლოვანთა საჭიროებებს სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება.

„საკმარისი ნამდვილად არ არის, ვცდილობთ, ვიმყოფოთ… ცოტ-ცოტა კი არა ბევრი, ყველაფერი აკლიათ (ბავშვებს), მაგრამ რაღაცას ვახერხებთ… კიდევ რაღაც-რაღაცებზე დავრბივარ-ხოლმე, სამუშაო თუ გამოჩნდა”, – ამბობს ნანა გახარია.

ცხრასართულიან კორპუსში, სადაც ბავშვები, მოხუცები და შშმ პირებიც ცხოვრობენ, ვიდეოკამერასთან ღიად საუბარს ბევრი ერიდება.

„სახის გამოჩენის წინააღმდეგი ჩემი შვილის გამო ვარ… არ სურს, რომ ამ თემებზე ვისაუბრო”, – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი.

ეზოში შეკრებილი მეზობლები კამერის მიღმა ჰყვებიან იმ გაჭირვებაზე, რომელშიც ათეულობით ოჯახს წლების განმავლობაში უწევს ცხოვრება.

„სოციალური არის მართლა ჩვენი საარსებო – ეს რომ არ იყოს, მართლა არ ვიცი, როგორ უნდა გაზარდო შვილები…

ხორცსა და სხვა რაღაცებზე უბრალოდ ზედმეტია ლაპარაკი… ბავშვები თან, ხომ იცით, ან მაღაზიასთან გაივლი, ან რაღაც – იქ ნაყინი უნდა, იქ სხვა რაღაც… მერე საკვები, საფენები, წამალი…”

ყოველდღიურ პრობლემებზე გვიყვება 9 წლის შშმ ბავშვის დედაც.

„მე ვერ ვტოვებ ბავშვს და ვერ მივდივარ, ვერ ვმუშაობ… ვართ სოციალურსა და ბავშვის პენსიაზე (დამოკიდებულები). თუ დატოვე, დავუშვათ, ძიძა უნდა აიყვანო, ძიძას კი იმდენი უნდა (გადაუხადო) – 800 ლარი, სულ ცოტა, თუ დათანხმდა საერთოდ ამ თანხაზე…

კიდევ უფრო მძიმეა იმ ოჯახების მდგომარეობა, ვისაც მხოლოდ უფასო სასადილოს საკვებით სარგებლობა შეუძლია და ფულად დახმარებას ვერ იღებს.

კვება გვაქვს დღეში ერთი პური ორ სულზე, სასადილოში. კვებაზე დაგვაყენეს იმ ქულით, რაც მოგვანიჭეს. ჯანდაცვის სამინისტროში, სააგენტოებში, გამგეობაში პასუხს ვერავინ მცემს, რატომ მომდის ამდენი ქულა. ყველა ამბობს, რომ შემოვდივართ თქვენს მდგომარეობაში, მაგრამ რომ გამცენ პასუხიც, რატომ ეს ქულა და არა ნაკლები – ვერავინ იძლევა პასუხს, ყველა ამბობს, რომ ამას ითვლის კომპიუტერი და ეს ქულათა სისტემა მთავრობისგან არის მიღებული“.

„ბავშვთა კეთილდღეობა საქართველოში“- ასე ჰქვია გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად ჩატარებული კვლევას, რომელმაც ბავშვთა მატერიალური და სოციალური დანაკლისი ახალი, ევროპული სტანდარტით – 16 კრიტერიუმზე დაყრდნობით განსაზღვრა. როგორც ირკვევა, ბავშვების 38% – მატერიალური და სოციალური დანაკლისის პირობებში, ხოლო 20% ანუ ყოველი მეხუთე ბავშვი აბსოლუტურ სიღარიბეში ცხოვრობს.

„ბავშვის მრავალგანზომილებიანი სიღარიბე იზომება ნებისმიერი სამი კომპონენტის არარსებობით, იმ 16-ს შორის, რასაც ეს ინდექსი განსაზღვრავს და ამ მონაცემებით 32 პროცენტი ბავშვებისა ცხოვრობს მატერიალური და სოციალური დანაკლისის პირობებში, ხოლო ყოველი მე-5 ბავშვი გვყავს აბსოლუტურ სიღარიბეში. 5-დან 2 ბავშვი კი მატერიალური და სოციალური დანაკლისის პირობებშია.

ბავშვების თითქმის 6 პროცენტს არ მიუწვდება ხელი ბოსტნეულსა და ხილზე და 24 პროცენტს (თითქმის მეოთხედს) არ მიუწვდება ხელი ცილოვან საკვებზე ყოველდღიურად, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჰარმონიული განვითარებისთვის”, – ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკისა და ეკონომიკის სპეციალისტი ქეთევან მელიქაძე.

განსხვავებაა გეოგრაფიული თვალსაზრისითაც.

„დანაკლისი აღენიშნება სოფლად მაცხოვრებელი ბავშვების თითქმის ნახევარს (47.1%), ხოლო ქალაქში ეს მაჩვენებელი ვლინდება 1/3-ზე ნაკლები ბავშვისთვის (31.2%)“, – ნათქვამია კვლევაში.

სოციალურ დახმარებაზე მყოფი ბავშვების რაოდენობის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას ბოლო ანგარიშში სახალხო დამცველიც.

„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” რეგისტრირებული ბავშვების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 6,51%-ით გაიზარდა, გარდა ამისა, იმ ოჯახების რიცხვი, რომლებშიც ერთი არასრულწლოვანი მაინც ირიცხება, 125,743- ს გაუტოლდა, ხოლო ბაზაში 2024 წლის განმავლობაში პირველად დარეგისტრირდა 34,758  18 წლამდე ასაკის ბავშვი“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, „კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანაში მოქმედი მიზნობრივი სოციალური დაცვის ცენტრალური და მუნიციპალური პროგრამები სრულფასოვნად ვერ პასუხობს მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებებს, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ბავშვების კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, განვითარებასა და სიცოცხლეს“.

„სოციალურად დაუცველთა ბაზაში საქართველოს მოსახლეობის 34 პროცენტია რეგისტრირებული, თითქმის მილიონ ორასი ათასი ადამიანი მიმართავს სახელმწიფოს სოციალური შემწეობის მიღების თხოვნით და აქედან 18,6 იღებს სოციალურ დახმარებას, რაც დაახლოებით 700 ათას ადამიანამდე ადის. თუმცა თუ არასრულწლოვანების სურათს ვნახავთ – სიღარიბე არასრულწლოვანებში კიდევ უფრო მაღალი ხარისხით არის გამოვლენილი, სოციალურად დაუცველთა ბაზაში 43 პროცენტზე მეტია რეგისტრირებული არასრულწლოვანებისა და მათგან 31 პროცენტზე მეტი სოციალურ შემწეობას იღებს. როგორც სახალხო დამცველმაც აღნიშნა, წინა წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაზრდილი იყო და ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა”, – ამბობს თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.

სახელმწიფო სოციალურად დაუცველ 16 წლამდე ასაკის ბავშვებს ყოველთვიურად 200 ლარს უხდის, 16-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის კი ეს თანხა 30-დან 60 ლარამდე მერყეობს და იმ ქულების რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომლებსაც მათ ოჯახებს სოციალური აგენტი ანიჭებს. სოციალურად დაუცველთათვის არსებობს მუნიციპალური დახმარებაც, რაც კრიზისში მყოფი ოჯახებისთვის 100-დან 200 ლარამდე მერყეობს, თუმცა ამ დახმარებას ერთჯერადი ხასიათი აქვს და გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის განსაზღვრული არ არის.

ბავშვთა სიღარიბის თემაზე კითხვები ევრონიუს ჯორჯიამ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსაც გაუგზავნა, თუმცა მათგან ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია.

„ბავშვის აღზრდა არის ძვირი – ყველანაირ ოჯახს სჭირდება დახმარება… რა თქმა უნდა, არსებობს მოდელები, რომლებითაც ცდილობენ, ყველაზე მდიდრები გამოთიშონ სისტემიდან – სჯობს გამოთიშო ყველაზე მდიდრები, ვიდრე ამოკენკო ღარიბები, რადგან ამ ამოკენკვისას შეიძლება დაუშვა შეცდომა და სისტემის მიღმა დატოვო ისეთი ბავშვები და ოჯახები, რომლებსაც კრიტიკულად სჭირდებათ ფულადი დახმარება.

სახელმწიფოს ხედვა ბავშვის დახმარებისა არსებობს – სახელმწიფო ხედავს ბავშვს, როგორც პრიორიტეტულ ჯგუფს, რომელსაც უნდა დაეხმაროს, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, რამდენად ბევრია 200 ლარი. ვიცით, რამდენი საჭიროება აქვს ბავშვს და როგორი ძვირია ყველაფერი, თუმცა ჩვენ თვისობრივი კვლევაც ჩავატარეთ, დახმარების მიმღებ მშობლებსაც გავესაუბრეთ და ყველა ამბობს, რომ ეს სტაბილური მინიმალური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის. იხდიან ბინის ქირას. მაგალითად, ზოგი მშობელი იმასაც ამბობდა, რომ გადაიფიქრა საზღვარგარეთ წასვლა… ეს ფული მართალია მცირე, მაგრამ მაინც დადებითი მოვლენაა ოჯახისთვის. მეორე მხრივ, ფული მნიშვნელოვანი, მაგრამ არასაკმარისი დახმარებაა ოჯახებისთვის, რომლებიც გაჭირვებაში ცხოვრობენ. ამ დახმარების გარდა ბავშვებს სჭირდებათ ასევე მომსახურებები – ხელმისაწვდომობა განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე, ასაკის შესაბამის წიგნებზე, საკვებზე, სათამაშოებზე, სოციალიზაციის საშუალებებზე, არიან ოჯახები, რომლებსაც უჭირთ სახლის გათბობა, არ აქვთ ტრანსპორტის ან ინტერნეტის საშუალება. თანამედროვე ბავშვს ასევე სჭირდება ხელმისაწვდომობა ინტერნეტთან, რათა მიიღოს სასარგებლო ინფორმაცია, რომელიც იქ არის“, – ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პოლიტიკის და ეკონომიკის სპეციალისტი ქეთევან მელიქაძე.

„ჩვენს სოციალური დაცვის სისტემას ისედაც ჰქონდა პრობლემა. ის სრულად ვერ მოიცავდა სოციალური და მატერიალური დანაკლისის მქონე ოჯახებსა და ბავშვებს. დაახლოებით 47% დანაკლისის მქონე ბავშვებისა შემწეობას არ იღებდა, ამიტომაც, ფულადი დახმარების ზრდა, ერთი მხრივ, შეიძლება შეფასდეს როგორც პოზიტიური დინამიკა, რადგან უფრო მეტი ბავშვი მოექცა სოციალური მხარდაჭერის სისტემაში. თუ ჩვენ შევხედავთ სხვა, უფრო დიდ მონაცემებსაც, ისეთ სხვა პარამეტრებს, როგორებიცაა განათლებაში უთანასწორობა, სერვისებზე წვდომაში უთანასწორობა ქალაქებსა და რეგიონებს შორის, ძალიან აშკარაა, რომ სინამდვილეში ჩვენ ვსაუბრობთ ისეთი მხარდაჭერის სისტემაზე საქართველოში, რომელიც არ ეხმარება ოჯახებს სიღარიბის დაძლევაში. სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების ძალიან დიდი ნაწილი ვერ ახერხებს სოციალურ მობილობას, ისინი წლების განმავლობაში დამოკიდებულნი ხდებიან შემწეობაზე და ამ რეალობიდან ვერ  ამოდიან.

ჩვენ ამის უკან ვხედავთ პოლიტიკურ დაინტერესებასაც რეჟიმის, რომ მუდმივად ჰყავდეს მასზე ჩამოკიდებული ოჯახები, რომელთა პოლიტიკურ კონტროლს სწორედ ამ შემწეობების ინსტრუმენტით ცდილობს და ბუნებრივია, რომ ეს აღმაშფოთებელია. სახელმწიფო უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ გააძლიეროს მოქალაქეები, დაიცვას მათ სოციალური უსაფრთხოება, ღირსება, ამოიყვანოს სიღარიბიდან და არა ჩატოვოს ამ სიღარიბეში, მიზერული შემწეობის იმედად და ის მათი პოლიტიკური ნების კონტროლისთვის გამოიყენოს”, – ამბობს თამთა მიქელაძე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი.

სოციალური დახმარება, რომელიც სიღარიბეში მცხოვრები ბავშვებისთვის ბოლო წლების განმავლობაში 200 ლარამდე გაიზარდა, კვლავაც საარსებო მინიმუმზე დაბალია. ბოლო მონაცემებით, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულმა საარსებო მინიმუმმა 260 ლარს მიაღწია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend