მთავარისაქართველოქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში

ქართული დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში

ქართულ დელეგაციას ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე შეხვდა. ეს თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციასთან ქართული მხარის პირველი ოფიციალური შეხვედრაა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჯოშუა ჰაკთან საუბარი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს დაეთმო. უწყების ცნობით, შეხვედრა შედგა, აგრეთვე, აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტშიც. შეხვედრების შემდეგ ქართულ დელეგაციაში აღნიშნეს, რომ სამივე უწყებასთან შეხვედრა პროდუქტიული იყო და მეტწილად თანამშრომლობის პერსპექტივებს ეხებოდა, ისევე როგორც ერთობლივად განსახორციელებელ გეგმებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიზანი მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება და საქართველოსა და აშშ-ს შორის სამომავლო თანამშრომლობის გამყარებაა.

„ხედვებსა და იდეოლოგიაში თანხვედრა დაგვეხმარება იმაში, რომ პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგი ავაწყოთ. ამაზე საუბარი იყო სახელმწიფო დეპარტამენტში. ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებაზე ვაჭრობის სამინისტროში. ჩვენ გვაქვს ინიციატივები, რომლებიც საინტერესოა, როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-ისთვის. ეს ეხება ვაჭრობის კიდევ უფრო მეტ წახალისებას. საქართველო არის მნიშვნელოვანი ჰაბი, ამერიკული პროდუქცია რეექსპორტის სახით ნაწილდება შუა აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს აშშ-ის ძალიან საინტერესო პარტნიორი”,  – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილი შეხვედრის შემდეგ.

დელეგაციას ფინანსთა სამინისტროსგან ლაშა ხუციშვილი წარმოადგენდა. მან ყურადღება გაამახვილა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში შეხვედრების შედეგებზე.

„მნიშვნელოვანია ის, რომ მსოფლიო ბანკი აგრძელებს თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიც არის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი, ასევე ადამიანის რესურსების განვითარების მიმართულებით პროგრამა, რომელიც ერთობლივად გვაქვს შეთანხმებული და ითვალისწინებს 500 მილიონი დოლარის დაფინანსებას. ეს პროგრამები აქტიურად გაგრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ჩამოვა საქართველოში”, – აღნიშნა მან.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend