სოციალურ ქსელში არაერთი მოქალაქე ჯარიმების შესახებ საუბრობს. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონის დარღვევას ედავება.
ასევე მოქალაქეები საუბრობდნენ უწყებიდან მიღებულ შეტყობინებებზე, სადაც ეწერა, რომ პოლიცია მათ ავტომობილის გაჩერების წესის დარღვევისთვის აჯარიმებდა მაშინ, როცა სატრანსპორტო საშუალებები საერთოდ არ ჰყავთ.
შეტყობინებებში, რომლებიც მოქალაქეებმა მიიღეს წერია, რომ ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეხუთე ნაწილით. ამ მუხლით ადამიანს აჯარიმებენ მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევისთვის – სახის ნიღბის ტარება ან ლაზერის ფლობა, ან გზის ხელოვნურად გადაკეტვა და ა.შ.
თუმცა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული არაერთი პოსტის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერია, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მსგავსი შეტყობინება მიიღო, ედავებიან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევას, სატრანსპორტო საშუალება კი ტექნიკური ხარვეზის გამო არის ნახსენები.
იურისტი ნიკა სიმონიშვილი განმარტავს, რომ ამით შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქმე გაიმარტივა.“ მისი თქმით, საჯაროდ გამოქვეყნებულად ითვლება განცხადება SMS შეტყობინების მიღებიდან 30 დღის ვადაში, შემდეგ 10 დღეში კი შესაძლებელია მისი გასაჩივრება.