სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროკავშირი აპირებს გააუქმოს გადახდის ამერიკული ბარათები, როგორებიც არის Visa და Mastercard, ამასთან, სხვა უცხოური ონლაინგადახდის პლატფორმები, PayPal და Alipay. თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და კონტექსტიდან არის ამოღებული.
ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორმა კრისტინ ლაგარდმა ირლანდიურ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება ამერიკულ და ჩინურ საგადახდო სისტემებზე. მისი თქმით, დღეს მათი ციფრული გადახდების დიდი ნაწილი, ასევე ბარათებითა და ტელეფონის საშუალებით გადახდები, ყოველთვის დამოკიდებულია არაევროპულ ინფრასტრუქტურაზე.
„როგორც წესი, როდესაც იყენებთ ბარათს ან ტელეფონს გადახდებისთვის, ეს ხდება Visa-ს, Mastercard-ის, Paypal-ის, Alipay-ს საშუალებით. საიდან მოდის ეს ყველაფერი? ამერიკიდან ან ჩინეთიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევამციროთ დამოკიდებულება ან უზრუნველვყოთ, რომ ხელმისაწვდომი იყოს ევროპული შეთავაზება“,- განაცხადა კრისტინ ლაგარდმა ინტერვიუში.
სწორედ ამ განცხადებამ სოციალურ ქსელში ძალიან დიდი გაუგებრობა გამოიწვია. თუმცა, ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით, სოციალურ მედიაში ლაგარდის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოღებული და Visa-ზე, Mastercard-ზე, PayPal-ზე ან Alipay-ზე უარის თქმას არ უჭერენ მხარს. მათი თქმით, ევროპის ცენტრალური ბანკი მხარს უჭერს მრავალფეროვან და კონკურენტულ საგადახდო გარემოს, რომელიც მოიცავს, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ვარიანტებს, ციფრული ევრო იქნება დამატებითი არჩევანი მომხმარებლებისა და საწარმოებისთვის და არა არსებულის ჩანაცვლება.