მთავარიკუბიAmnesty International სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს წერილით მიმართავს

Amnesty International სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს წერილით მიმართავს

საერთაშორისო უფლებადავითი ორგანიზაცია Amnesty International პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის შესახებ კამპანიას იწყებს და საქართველოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს წერილით მიმართავს.

კოკა კაციტაძისთვის გაგზავნილ მიმართვაში ორგანიზაცია წერს, რომ მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებები და მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა აჩენს ეჭვებს მის მიზანმიმართულ დევნაზე.

ორგანიზაცია ითხოვს, პასუხი აგონ იმ პოლიციელებმა, რომლებიც 11-13 იანვრის ღამეს ძალადობდნენ მშვიდობიან მომიტინგეებზე ბათუმში. წერილში საუბარია ბათუმის პოლიციის უფროსზე, ირაკლი დგებუაძეზეც.

„პასუხი აგოს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და ასევე იმ პირებმა, ვინც დაკავებულთა მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაშია ეჭვმიტანილი“,- ვკითხულობთ წერილში.

Amnesty International მოუწოდებს ყველა სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციას, იხელმძღვანელონ მათი მიმართვის დოკუმენტით და მსგავსი წერილები გაუგზავნონ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ, რომ მზია ამაღლობელის დაკავების გარემოებები, მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობა და სასამართლო პროცესი მკვეთრ ეჭვებს აჩენს მისი დევნის მოტივებზე.

კოკა კაციტაძისადმი განკუთვნილ წერილში ნათქვამია, რომ პოლიციელებისა და კონკრეტულად კი ირაკლი დგებუაძის მხრიდან მზია ამაღლობელის შეურაცხყოფა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებები აშკარა მცდელობაა, რომ ის დაამცირონ და დააშინონ, როგორც ქალი.

„ეს არ არის გამონაკლისი შემთხვევა. საქართველოში ქალები, რომლებიც უპირისპირდებიან ავტორიტეტებს, განსაკუთრებით პოლიტიკურ და საპროტესტო კონტექსტში, კიდევ უფრო მტრული და შეურაცხმყოფელი მოპყრობის სამიზნეები ხდებიან“, – წერს Amnesty International.

უფლებადაცვითი ორგანიზაციის წერილში აღნიშნულია, რომ არც პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძესა და არც სხვა პოლიციელებს არ შესჩერებიათ უფლებამოსილება, მიუხედავად მტკიცებულებებისა და ბრალდებებისა მათ წინააღმდეგ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2024 წლის 12 დეკემბრიდან ინფორმირებული იყო ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძის მიერ მზია ამაღლობელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის, ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობის, სახეში შეფურთხების, საპირფარეშოთი სარგებლობისა და წყლის დალევის შეზღუდვის შესახებ.

ამავე წლის 15 დეკემბერს თავად მზია ამაღლობელის ადვოკატებმა დეტალური, წერილობითი ინფორმაცია მიაწოდეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. უწყებამ ამ ბრალდებების გათვალისწინებით აღძრა საქმე, თუმცა არ გამოუვლენია არც ერთი ეჭვმიტანილი და დაზარალებულად არ უცნია არც ერთი მომჩივანი.

ორგანიზაცია მოუწოდებს კოკა კაციტაძეს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძესა და ყველა იმ პოლიციელს, რომლებიც მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფუძვლო დაკავებასა და მათ მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ, სანამ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ იქნება სწრაფად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოძიებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend