სამოქალაქო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ახალი ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის დეკემბრიდან საჯარო უწყებებში საკადრო წმენდამ მასშტაბური სახე მიიღო.
საჯარო უწყებებში რეორგანიზაციის გამოცხადების შესახებ საქართველოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გასული წლის დეკემბერში გაკეთებული განცხადებებიდან მალევე თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებაში დასაქმებულთა გათავისუფლება დაიწყო. ზოგან რეორგანიზაციის, ზოგან სამსახურების ლიკვიდაციის, ან კომპეტენციის ნაკლებობის მოტივით საჯარო მოსამსახურეები სამსახურებიდან დაითხოვეს.
გათავისუფლებულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებული აზრის გამო იდევნებიან, კონკრეტულად კი მათი საჯარო პროტესტის გამო „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.
ათეულობით ყოფილ საჯარო მოხელეს უფლებადამცველი სამოქალაქო ორგანიზაციები ეხმაურებიან და სხვადასხვა მიმართულებით ეხმარებიან სამართლებრივად. დისკუსიის ფორმატის მორიგ შეხვედრაზე, რომელიც სამოქალაქო სექტორის მიერ იყო ორგანიზებული, საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ისინი მმართველი პარტიის რეპრესიების ქვეშ მოექცნენ, თუმცა, ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ.
თავდაცვის სამინისტროდან 2023 წელს გაშვებული გიორგი შაიშმელაშვილი აცხადებს, რომ ის დაითხოვეს სოციალურ ქსელში დაწერილი საპროტესტო წერილის გამო, რომლითაც ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონს აპროტესტებდა.
„საჯარო პროტესტის გამო ჯერ მე გამათავისუფლეს და ამის შემდეგ დაიწყო თავდაცვის სამინისტროში თანამშრომლების მასობრივი გაშვება, მათი, ვინც აპროტესტებდა მთავრობის საგარეო კურსს. განსაკუთრებით ის ხალხი გაუშვეს, ვინც საჯარო მოხელეების საპროტესტო პეტიციას მოაწერა ხელი, რითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ვაპროტესტებდით. ჩემი გათავისუფლება ცალსახად უკავშირდება „რუსული კანონის“ პირველად მიღების დროს, ჩემ მიერ სოციალური ქსელში გამოქვეყნებულ მწვავე პოსტს, რომელშიც მე პროტესტს გამოვხატავდი.
ჩემს დეპარტამენტში ძალიან სწრაფად გამოცხადდა რეორგანიზაცია და რატომღაც მხოლოდ მე გამიშვეს სამსახურიდან. გასაგებია რატომაც. დღემდე მიმდინარეობს სასამართლო დავა, თუმცა ნამდვილად არ მაქვს ამ სასამართლოს მხრიდან პოზიტიური მოლოდინი. ამ რეჟიმის ერთადერთი ამოცანაა ის, რომ პარტიას მთლიანად დაუქვემდებარონ საჯარო მოხელეები. ეს იმას ნიშნავს, რომ ნელ-ნელა ყველა ის ადამიანი გათავისუფლდება უკანონოდ, ვინც რაიმე ფორმით წინააღმდეგობას გაუწევს რეჟიმის ინტერესებს“, – აღნიშნავს გიორგი შაიშმელაშვილი.
სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ საჯარო მოხელეთა შესახებ ახალი კანონით, არც ერთი საჯარო მოხელე დაცული აღარ არის და არა მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამოხატვის შემთხვევაში, არამედ მარტივი მიზეზითაც კი შეიძლება დაკარგონ სამსახური.
„საჯარო მოხელეებთან მიმართებით ვხედავთ ძალიან დიდ უსამართლობას. ვითარება განსაკუთრებით გამძაფრდა, რაც კანონი შეცვალეს საჯარო სამსახურში აყვანა/გაშვებასთან დაკავშირებით. ფაქტობრივად, ყველა საჯარო მოხელე აბსოლუტურად დაუცველია რეჟიმის რეპრესიებისგან. ის არ შეეხება მხოლოდ განსხვავებული პოლიტიკური ნიშნის მქონე საჯარო მოხელეს. იმდენად გამარტივებულია სამსახურიდან გაშვების პროცედურები, რომ ნებისმიერი მიზეზით, ნებისმიერს შეეხება. ყველა ასეთ რეპრესირებულს ჩვენ დავეხმარებით, მაგრამ აუცილებელია თავად იმოქმედონ. მასობრივად გამოხატონ პროტესტი და გაუწიონ წინააღმდეგობა იმ რეპრესიებს, რაც ახლა მიმდინარეობს“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.
საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებული მოქალაქეები პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავენ და ერთმანეთს მხარდაჭერას უცხადებენ. ყოფილი საჯარო მოხელეები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ საჯარო სამსახურებში პარტიული ნიშნით მიმდინარეობს კვალიფიციური და პარტიულად დაუმორჩილებელი კადრების ღია წმენდა. ისინი გამოსავალს სახელმწიფო უწყებებში ჯერ კიდევ დასაქმებულთა მხრიდან მასობრივ პროტესტში ხედავენ.
ავტორი: ალეკო გვეტაძე