ამურ აბუაშვილი ძიუდოს მწვრთნელია, იგი დაუღალავად შრომობს საქართველოსთვის მომავალი ჩემპიონების აღსაზრდელად. ამური ტატამზე პირველად ბავშვობაში ავიდა. სპორტი მისი ცხოვრების ნაწილი პატარაობიდანვე გახდა და ახალგაზრდობაში არაერთ შეჯიბრებაშიც გაიმარჯვა. 19 წლის ასაკში ამური ჭიდაობის დროს მძიმედ დაშავდა…
„1988 წლის მაისში, საქართველოს პირველობაზე, მოხდა ასეთი ტრაგიკული შემთხვევა, სადაც ერთ-ერთი შეხვედრის დროს მივიღე სერიოზული ტრავმა და მას შემდეგ ასე მოყვება, ვიბრძვი და მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მხრივ ძალიან უკან დამხია ამ შემთხვევამ, მაინც დიდი სიყვარულით ვარ ამ სპორტში ჩართული“, – ამბობს ამურ აბუაშვილი, ძიუდოს მწვრთნელი.
ამურის ერთ-ერთი საზრუნავი ისაა, რომ ახალგაზრდებისთვის არა მარტო მწვრთნელი, არამედ შეუპოვრობის მაგალითი იყოს. ახალგაზრდა ფალავნებს ამური მასწავლებელი ძალიან უყვართ და მის მიერ ახსნილ ილეთებსა თუ სხვადასხვა შეგონებას დიდი გულისყურითა და ყურადღებით ისმენენ.
„დარბაზში პირველად რომ ჩამოვედი და პატარა ბავშვებს დავაწყებინე ვარჯიში, დავინახე, თუ როგორ შემომციცინებდნენ თვალებში, გეკითხებიან – აბა, ამური მას, ეს ილეთი როგორ გავაკეთო, ეს გდება როგორ შევასრულო. მე კი შეძლებისდაგვარად ვუხსნი და აი, ამ სპორტისადმი სიყვარულს ვუღვივებთ“, – ამბობს ამურ აბუაშვილი, ძიუდოს მწვრთნელი.
ამურ აბუაშვილი მოსწავლეებს ლეგენდარული ქართველი მოჭიდავის – კულა გლდანელის სახელობის საჭიდაო დარბაზში ავარჯიშებს, სადაც თავად ეზიარა პირველად ჭიდაობას. დანგრეული დარბაზი სწორედ მისი ინიციატივითა და კოლეგების დახმარებით განახლდა.
„იმდენად აქვს გამჯდარი სისხლში ჭიდაობა და სპორტის სიყვარული, რომ ეტლიდანაც საკმარისია, ასწავლოს ბავშვს და დაუძახოს, მისცეს ის მითითებები, ის დავალება მისცეს ბავშვს, რომ მან სწორად გაართვას თავი“, – ამბობს მამუკა ბექაური, ყოფილი ძიუდოისტი.
ერთ-ერთი ვარჯიშის დღეს კი, ამურისა და მის მოსწავლეებს მასტერკლასის ფარგლებში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონები ნესტორ ხერგიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი ესტუმრნენ.
„ვფიქრობ, რომ ყველა წარმატებულმა ძიუდოისტმა ის მნიშვნელოვანი საქმე უნდა გააკეთოს, რასაც მომავალი თაობის წახალისება ჰქვია. ამურის დამოუკიდებლად გადაადგილება აღარ შეუძლია და იგი ეტლს არის მიჯაჭვული და მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყოველდღიურად ავარჯიშებს და დიდ სტიმულს აძლევს მარტო პატარებს კი არა, არამედ დიდ სპორტსმენებსაც“, – ამბობს ავთანდილ ჭრიკიშვილი, ძიუდოისტი.
ამურ აბუაშვილი ახლა 40-მდე ახალგაზრდა ძიუდოისტს ავარჯიშებს. მათ ადგილობრივ ასპარეზზე ძალიან დიდი წარმატებები აქვთ და, რა თქმა უნდა, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონობაზეც ოცნებობენ…