ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში ქვეყნის კოსმოსური სარდლობის მეთაურს მოუსმინეს. მას კითხვები დაუსვეს ახალი სარაკეტო თავდაცვის სისტემის მნიშვნელობაზე. სისტემა „ოქროს გუმბათის“ ინიციატივა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეკუთვნის. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ სარაკეტო თავდაცვის საშუალებებს კოსმოსში განათავსებს.
კონგრესმენმა მარკ მესმერმა კოსმოსური სარდლობის მეთაურს ჰკითხა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავდაცვის დეპარტამენტისთვის გაიზარდოს კოსმოსური თავდაცვითი საშუალებები, რაზეც გენერალმა სტივენ უაითინგმა უპასუხა: „იმისთვის, რომ „ოქროს გუმბათი“ რეალურად იყოს გლობალური და შევძლოთ, შევაკავოთ რაკეტები, რომლებიც ტრაექტორიის შუა ფაზაზეა, ან ახალი გაშვებულია, ანდა უკვე კოსმოსურ სივრცეს კვეთს, საჭიროა კოსმოსში განთავსებული საშუალებები. მხოლოდ ასე შევძლებთ დროულად მოქმედებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია „ოქროს გუმბათის“ მრავალშრიანი სისტემისთვის“.
როგორც რამდენიმე დღის წინ NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში აღნიშნა, ალიანსს აქვს ინფორმაცია, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას გეგმავს. დონალდ ტრამპმა კი მიმდინარე წლის იანვარში სამხედრო სამსახურებს 60-დღიანი დრო განუსაზღვრა, რათა შეემუშავებინათ რეკომენდაციები სისტემის შესაქმნელად. ბოლო პერიოდში რუსეთისა და ჩინეთის სარაკეტო შესაძლებლობების განვითარებამ აშშ აიძულა, სარაკეტო თავდაცვის ახალ სისტემებზე დაფიქრებულიყო. კონგრესმენმა ჯეფ ქრენქმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ დრო არ არის დასაკარგი, რადგან მოწინააღმდეგეები ძალიან სწრაფად ავითარებენ ახალ შესაძლებლობებს.
„ჩვენ მოვუსმინეთ ევროპის, ინდო-წყნარი ოკეანის, ჩრდილოეთ ამერიკის, სტრატეგიული ძალებისა და კოსმოსური ძალების სამხედრო ლიდერებს. ყველაფერი ამტკიცებს, რომ რუსეთისა და ჩინეთის კოსმოსური საფრთხე უფრო ახლოსაა პრეზიდენტ ბაიდენის სუსტი, 4-წლიანი მმართველობის შემდეგ. ჩვენ გავიგეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩრდილოეთის სარდლობისა და კოსმოსური სარდლობის მაქსიმალური ურთიერთთანამშრომლობა და კომუნიკაცია იმისთვის, რომ „ოქროს გუმბათი“ წარმატებული იყოს. პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან მედგრად და უშიშრად წამოჭრა „ოქროს გუმბათის“ იდეა და ეს უნდა განვახორციელოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პროექტი იყოს წარმატებული. ჩვენ უნდა შევთავაზოთ პრეზიდენტს ყველაზე ქმედუნარიანი სამხედრო ძალები ჩინეთის საფრთხის დასაძლევად“, – აღნიშნა კონგრესმენმა ჯეფ ქრენქმა.
კოსმოსურ სარდლობას არ დაუზუსტებია, რა დაჯდება ახალი სარაკეტო თავდაცვის სისტემა, თუმცა როგორც სარდლობაში აცხადებენ, შემუშავებული ვარიანტები, რომლებიც თავდაცვის დეპარტამენტს გადაეგზავნა, სავარაუდო ხარჯებსაც მოიცავს. საინტერესოა, რომ პრეზიდენტი ტრამპი თავდაცვის ხარჯების 1 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას გეგმავს, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუმჟღავნებია. კონგრესმენებმა ისრაელის შეიარაღებაში არსებული „რკინის გუმბათის“ ეფექტიანობასა და სარაკეტო თავდაცვის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ ვიმუშაოთ „ოქროს გუმბათზე“. მე არ ვიზიარებ ზოგიერთი ჩემი კოლეგის შიშს, რომ ეს გამოიწვევს ბირთვულ ომს. პირიქით, ეს ხელს შეუშლის ამას და, როგორც ჩემი მეგობარი, ბატონი უილსონი ამბობს, ომის დამნაშავე პუტინსაც დაამხობს“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე კონგრესმენმა დერიქ ვან ორდენმა.
„ოქროს გუმბათი“ აერთიანებს არსებულ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებსა და ახალ კოსმოსურ შესაძლებლობებს. მსგავსი იდეა 1980-იან წლებში პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმაც წამოჭრა. ის ცნობილი იყო „ვარსკვლავური ომების“ სახელით, თუმცა ფინანსური და ტექნოლოგიური პრობლემების გამო ვერ განხორციელდა. „ოქროს გუმბათის“ შესახებ ზოგადი ინფორმაცია მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სამხედრო კომპანიის „ლოქჰიდ მარტინის“ ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ეს კომპანია კი ყველასთვის კარგად ნაცნობ „ჰაიმარსებს“, „ჯაველინებს“, ATACMS-ებს, F-16-ებს, F-22-ებსა და სხვა უამრავ საშუალებას ამზადებს.