მთავარიმსოფლიო„ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული მთხრობელი“

„ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული მთხრობელი“

პერუს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლიტერატორი, ნობელის პრემიის ლაურეატი მარიო ვარგას ლიოსა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მისმა შვილმა, ალვარო ვარგას ლიოსამ, სოციალური მედიის საშუალებით მიაწოდა. მისი თქმით, მარიო ვარგას ლიოსა ლიმაში, სიმშვიდესა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა.

ალვარო ვარგას ლიოსას განცხადებით, მამამისის დაკარგვა სევდას მოჰგვრის როგორც ახლობლებსა და მეგობრებს, ასევე მრავალრიცხოვან მკითხველს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. თუმცა იგი იმედოვნებს, რომ მათ ნუგეშს მისცემს მწერლის მდიდარი შემოქმედება, რომელიც გაცილებით დიდხანს იცოცხლებს, ვიდრე მისი ავტორი. მარიო ვარგას ლიოსა ლათინოამერიკული ლიტერატურისა და კულტურის თვალსაჩინო ფიგურა იყო.

კარიერამ, რომელმაც ნახევარ საუკუნეზე მეტი გასტანა, მარიო ვარგას ლიოსას შესაძლებლობა მისცა, ძალაუფლებისა და კორუფციის მექანიზმები თავის რომანებში აესახა. მისი ყველაზე გამორჩეული რომანები – „გმირის დრო“, „საუბარი კათედრალში“, „ვაცის ნადიმი” და სხვა – ამ თემების ირგვლივ იშლება. ის თავისი შემოქმედების მსგავსად მრავალფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობდა, ერთ დროს პერუს პრეზიდენტობისთვისაც კი იბრძოდა, თუმცა უშედეგოდ. ასევე დიდი დროის განმავლობაში უპირისპირდებოდა მწერალ გაბრიელ გარსია მარკესს, 2010 წელს კი ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

„ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული მთხრობელი“ – ასე უწოდებდნენ მარიო ვარგას ლიოსას. ის ლათინოამერიკული ლიტერატურის ე.წ. „ბუმის“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა და ისეთ მწერლებთან ერთად მოიაზრებოდა, როგორებიც იყვნენ ხულიო კორტასარი, კარლოს ფუენტესი და გაბრიელ გარსია მარკესი.

1987 წელს მარიო ვარგას ლიოსამ 120,000-კაციანი საპროტესტო აქცია მოაწყო ლიმაში და პერუს საფინანსო სისტემის ნაციონალიზაციის გეგმას დაუპირისპირდა. ეს ნაბიჯი მის პოლიტიკურ აქტივობას დაედო საფუძვლად. სამი წლის შემდეგ, 1990 წელს მან პერუს პრეზიდენტობისთვის იყარა კენჭი, თუმცა მუქარისა და ზეწოლის ფონზე, არჩევნებში ალბერტო ფუხიმორთან დამარცხდა და ქვეყანა მალევე დატოვა. 1993 წელს კი ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო. ლიოსა ამბობდა, რომ მას თავგადასავლებით სავსე ცხოვრება სურდა, თუმცა მისი ყველაზე დიდი თავგადასავალი სწორედ მწერლობა იყო.

ნობელის პრემიის მოპოვების შემდეგ მარიო ვარგას ლიოსამ კიდევ ოთხი რომანი გამოსცა. 2023 წელს კი განაცხადა, რომ ახალ რომანზე სამუშაოდ სიცოცხლის დარჩენილი დღეები აღარ ეყოფოდა, რადგან თითო რომანისთვის 3-4 წელი სჭირდებოდა.

„თუმცა არასოდეს შევწყვეტ წერას და იმედი მაქვს, რომ მეყოფა ძალა, ასე გავაგრძელო ბოლო დღეებამდე“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend