თეირანი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ კიდევ ისაუბრებენ. დაძაბულობის ათწლეულების ფონზე ეს დიდი პროგრესია. 19 აპრილს ორივე ქვეყნის დიპლომატებს რომში ელოდებიან. ირანის ბირთვულ პროგრამაზე საუბარი უნდა გაგრძელდეს, თუმცა რომამდე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში ჩავა, ამერიკელებთან მიმდინარე მოლაპარაკებები სტრატეგიულ პარტნიორთანაც უნდა განიხილოს.
„ესაა წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი მოსკოვში, რომელიც კვირის ბოლოს შედგება. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებლობა იქნება გამოყენებული მასკატში მიმდინარე მოლაპარაკებების განსახილველადაც. თუ ჩვენ გვსურს ეფექტური მოლაპარაკებები და თუ სერიოზულად ვუდგებით დიპლომატიურ ძალისხმევას, სწორად უნდა შევარჩიოთ მიდგომები. მუქარისა და დომინაციის ენა ვერ იქნება შედეგიანი. თუ მეორე მხარე განაგრძობს ძალისხმევას სანქციების შემსუბუქების თვალსაზრისით, ამის გარანტიებიც უნდა წარმოადგინოს, ეს არ უნდა იყოს ცარიელი სიტყვები“, – აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
სიტყვებთან სიფრთხილეს იჩენს შეერთებული შტატებიც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ლიდერი არც ხისტ განცხადებებს მორიდებია. აშშ-ის პრეზიდენტმა მანამდე დააანონსა, რომ თუ ირანთან შეთანხმება ვერ შედგება და მას ბირთვული პროგრამის შემცირებაზე ვერ დაითანხმებენ, ისრაელის დახმარებით იქნება სამხედრო პასუხი. ამჟამად ორი ქვეყანა ურთიერთობების დადებით ფაზაშია, შესაბამისად, ტრამპიც დიპლომატიურია.
„მე ბევრ სხვადასხვა ჯგუფს შევხვდი ირანიდან და ვფიქრობ, ირანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს სწრაფად მივიღებთ. ეს მალე მოხდება. მოლაპარაკებები კარგად მიდის. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ამას მნიშვნელობა არ ექნება, ვიდრე შედეგი არ დაიდება. ამიტომაც, არ მიყვარს ამაზე საუბარი, თუმცა ამასთან გეტყვით, რომ ირანთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მიდის”, – ასე გამოეხმაურა ირანთან მოლაპარაკებების საკითხს დონალდ ტრამპი.
დონალდ ტრამპი 12 აპრილის თითქმის სამსაათიან შეხვედრაზე საუბრობს, როდესაც ომანის ქალაქ მასკატში მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივენ ვიტკოფი ირანის პირველ დიპლომატ აბას არაღჩის შეხვდა. საუბრის დეტალები არ გასაჯაროებულა. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ამერიკული და ირანული მხარეები გვერდიგვერდ ოთახებში ისხდნენ და ომანელი შუამავლის მეშვეობით ცვლიდნენ გზავნილებს – რაც არაპირდაპირ მოლაპარაკებებს ახასიათებთ. ჩანს, რომ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთმანეთთან პირისპირ გასაუბრებაც შეძლეს.
„სესიის დასრულების შემდეგ რამდენიმე წუთის მანძილზე ვისაუბრეთ კიდეც. პირველი სესიისთვის საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა იყო. საუბარი ძალიან მშვიდ და თავაზიან გარემოში შედგა. შეუსაბამო ენა არავის გამოუყენებია, ორივე მხარემ აჩვენა მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მიმართული ნება, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ორივესთვის მისაღებ შეთანხმებამდე. ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ სურს შეთანხმებას უმოკლეს ვადებში მიაღწიოს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მარტივი და ამას დასჭირდება ორივე მხარის ნება. ამასთან ფაქტია, რომ ჩვენმა პარტნიორებმა დღეს აჩვენეს ნება სამართლიანი და შესაბამისი შეთანხმებისკენ”, – ამბობს აბას არაღჩი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ამ ნაწილში განსხვავება აშკარაა. ამერიკელი ოფიციალური პირები მიანიშნებენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამის სრული გაუქმება სურთ, მათ შორის, მისი სამოქალაქო კომპონენტისაც. ირანი ამ შეთავაზებას უარყოფს, რადგან თვლის, რომ ეს ირანს შეასუსტებს. თეირანში ამბობენ, რომ ბირთვული ბომბის შექმნა მათი მიზანი არ ყოფილა და არსებულ ინფრასტრუქტურას მხოლოდ სამოქალაქო დატვირთვით იყენებენ. ამის დასადასტურებლად, მზად არიან ამჯერადაც დაუშვან ქვეყანაში საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს წარმომადგენლები. უწყების ხელმძღვანელი რაფაელ გროსსი ადგილზე 16 აპრილს ჩავა.
„როგორც უზენაესმა ლიდერმა თქვა, ჩვენ წარმოვადგენთ ყველა საჭირო გარანტიას, რათა დავამტკიცოთ, რომ არასოდეს ვესწრაფოდით, არც ამჟამად და არც მომავალში არ ვისწრაფვით ბირთვული ბომბის შექმნისკენ. მათ ეს ათასჯერ გამოიძიეს და შეუძლიათ, ისევ მოვიდნენ და გამოიძიონ. ამ ქვეყანაში ამერიკულ ინვესტიციებთან დაკავშირებითაც არ არსებობს არანაირი წინააღმდეგობა. ინვესტორებს შეუძლიათ მოვიდნენ და ინვესტიციები აქ დააბანდონ“, – ამბობდა აქამდე მასუდ ფეზეშკიანი, ირანის პრეზიდენტი.
აშშ-ის მიმართ არამტრული რიტორიკა ირანში დიდი ხანია არ გაჟღერებულა. ეს იმიტომ რომ მიმდინარე მოლაპარაკებებში თეირანს სანქციების მოხსნის იმედი მიეცა. ეს არის კიდეც მათი მთავარი მიზანი, რადგან მათ მიერ მხარდაჭერილ დაჯგუფებებზე ისრაელის დარტყმებმა რეგიონში ირანის პოზიციები შეასუსტა, აშშ-სთან მოლაპარაკებების დაწყებისთანავე კი ირანულმა ვალუტამ 16%-იანი ზრდა ნახა.
„ახლო აღმოსავლეთში არსებობს წუხილის ერთი წყარო. „ჰამასის”, „ჰეზბოლას”, ჰუსიტების თუ თავად ირანი სახით ყველაფერი ერთ კონკრეტულ რეჟიმამდე მიდის. ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან ცხადად ამბობს, რომ ვერ ვიქნებით შემწყნარებელი ბირთვულად შეიარაღებულ ირანის მიმართ. ამგვარი პოლიტიკა კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავად რეგიონისთვის. ამას მხარს უჭერენ ჩვენი მოკავშირეები. ბაიდენის ადმინისტრაციამ დაუშვა, რომ ირანი გახდა უფრო მდიდარი. მისი ბირთვული პროგრამა კი სწრაფად პროგრესირებადი გახდა და არაა შორს ბირთვული იარაღისგან. ძალის ჩვენება და გადაწყვეტა ამ კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზაა“, – ამბობს კრის რაითი, აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი.
თუმცა ბაიდენამდე ირანის ბირთვული შეთანხმებიდან 2018 წელს სწორედ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გავიდა. ეს მწვავე კრიტიკის საფუძველი გახდა, რამაც ბევრის მოსაზრებით, თეირანს მარაგში არსებული ურანის გამდიდრებისკენ უბიძგა. ახლა აშშ-ის პრეზიდენტს სურს, ირანთან იმაზე ძლიერ შეთანხმებას მიაღწიოს, ვიდრე ეს ბარაკ ობამამ 2015 წელს შეძლო. პრეზიდენტს არ დაუზუსტებია, ამას როგორ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ მისი სურვილი აყვავებული ირანის ნახვაა ბირთვული იარაღის გარეშე.