მთავარიამერიკააშშაშშ-ის სამხედრო ძალა ევროპაში

აშშ-ის სამხედრო ძალა ევროპაში

უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ახალი ამბების კვლევითი ორგანიზაციები ვარაუდობდნენ, რომ აშშ-მა შესაძლოა ევროპაში სამხედრო ძალები შეამციროს და ჩინეთიდან მომდინარე პრობლემების მოსაგვარებლად აღმოსავლეთით გადაიყვანოს.

ერთ-ერთი არგუმენტი ისიც იყო, რომ პიტ ჰეგსეთმა ამის შესახებ მიანიშნა. ფაქტია, რომ ამ გაურკვევლობამ ევროპაში ვითარება შეცვალა. ახლა ევროკავშირის ქვეყნები გამალებით ცდილობენ თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას.

ამერიკული სამხედრო ძალა ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩნდება. საინტერესოა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიოში სამხედრო ძალა სარდლობების მიხედვით ჰყავს დაყოფილი.

აშშ-ს ძალები განაწილებული ჰყავს წყნარი ოკეანის, სამხრეთის, ჩრდილოეთის, ასევე ცენტრალური სარდლობის მიხედვით, რომელიც ცენტრალურ აზიის ქვეყნებს მოიცავს, ძალები გადანაწილებული არიან აფრიკის სარდლობაშიც. რა თქმა უნდა, აშშ-ის სამხედროები არიან ევროპაშიც – ევროპის სარდლობა.  ევროპის სარდლობა რეგიონში არაერთ სამხედრო აქტივობაში იყო ჩართული. საქართველოშიც იმართებოდა წვრთნები, როგორებიცაა: Noble Partner, Agile spirit, Defender Europe, Formidable Shield, Steadfast Defender, Swift Response, Saber Guardian და ასე შემდეგ.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის დიდი დამსახურებაა ევროპის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლება. სულ რამდენიმე დღის წინ სენატში მოსმენაზე სწორედ აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა გენერალმა ქრისტოფერ კავოლიმ აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში ეს სარდლობა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიარაღებული ძალების კომიტეტში როგორც რესპუბლიკელებმა, ასევე დემოკრატებმა აღნიშნეს, რომ ძალების შემცირება ევროპის სარდლობაში დაუშვებელია.

აშშ-ს ყველაზე მეტი სამხედრო ბაზა გერმანიაში აქვს.  ამის შემდეგ მოდის იტალია, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ოთხი ბაზა აქვს აშშ-ს ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ბაზებია რუმინეთში საბერძნეთში, ესპანეთში, თურქეთში, ბულგარეთსა და ნორვეგიაში.

სწორედ ამ ბაზებიდან იმართება სხვადასხვა სამხედრო ოპერაცია. მაგალითად, გერმანიაში არსებული რამშტაინის სამხედრო ბაზა აქტიურად იყო ჩართული ავღანეთის ოპერაციაში. გერმანიაში ამერიკას პასიური ბაზებიც აქვს, რაც ნიშნავს, რომ იქ ძირითადად სამხედრო შეიარაღებაა შენახული და საჭიროების შემთხვევაში დიდი ქვედანაყოფის დაკომპლექტება შეუძლია, როგორც ჯავშანტექნიკით, ისე სხვა სამხედრო ტექნიკით.

საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის მონაცემებით,  გერმანიაში 38 700 ამერიკელი სამხედრო იყო, პოლონეთში – 14 000, იტალიაში – 12 600, დიდ ბრიტანეთში – 10 000, ესპანეთში – 3 500, რუმინეთში – 2 150, თურქეთში – 1700, ლიეტუვასა და ესტონეთში – 1700, ბელგიაში – 1150, ნორვეგიაში – 1 100,  ხოლო საბერძნეთში – 600.

ევროპის სარდლობის მეთაურთან კონგრესში მოსმენის შემდე ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ არ აპირებს ექსკლუზიური თანამდებობების დათმობას ნატოშიც, საუბარია იმ პოზიციებზე, რომლებიც ისტორიულად მხოლოდ შტატების წარმომადგენლებს ეკავათ.

ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობის გამოწვევებზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ანალიტიკური ცენტრის, „ჯეოქეისის“, მკვლევარმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend