მოძრაობა „სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის” წევრებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან განცხადება გაავრცელეს. მოძრაობა, რომელიც საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების ოჯახის წევრებისგან შედგება, 14 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილ დაგეგმილ მარშს შეუერთდება.
პატიმართა ოჯახების წევრთა თქმით, მათი წინააღმდეგობა „ქართული ოცნების“ პოლიტიკისადმი გაგრძელდება და მომდევნო დღეებში უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
„მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება, როგორც ვხედავთ, არ ჩერდება რეჟიმი და ფიქრობს, მაქსიმალურად სწრაფად, ყველგან სადამსჯელო და დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს საპროტესტო ელექტორატს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს მას არ გამოუვა.
ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების კონსოლიდაციას ვახდენთ და ერთობის ძალიან დიდ ჯგუფს ვაკეთებთ. ჩვენი ეს საქმიანობა ამ მიმართულებით უკვე დასასრულს უახლოვდება და მოკლე ხანში ძალიან სერიოზული სიმძიმის ცენტრით დავუპირისპირდებით ამ თვითმარქვია, არალეგიტიმურ და მოღალატე ხელისუფლებას.
ჩვენ, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები არ ვმალავთ, რომ ვაპირებთ ძალიან ხისტი ბრძოლის გამართვას ამ რეჟიმის წინააღმდეგ. უნდა ვუთხრათ, რომ მზად ვართ და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში სიცოცხლეს დავიცავთ და ხელჩართულ ჩხუბსაც გავმართავთ. არავინ უკან დახევას არ აპირებს!
ჩვენ არ ვაპირებთ, ჩვენი სიცოცხლე დავუთმოთ მათ, თუმცა არც იმას ვაპირებთ, რომ ვინმეს სიცოცხლე საფრთხეში ჩავაგდოთ. დავიცავთ საკუთარ სიცოცხლესაც და მათ სიცოცხლესაც, ვინც ჩვენ გვერდით დადგება, ჩვენ ამის ძალა უკვე გვაქვს. უკან დახევას არ ვაპირებთ იმიტომ, რომ საქართველო არის ჩვენ ზურგს უკან, ჩვენი შვილები არიან ჩვენ ზურგს უკან, ჩვენი ქვეყნის მომავალი არის ჩვენ ზურგს უკან და უკან დასახევი გზა უბრალოდ მოჭრილია, ამის ფიცი უკვე დავდეთ ჩვენ.
პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები გვერდში დავუდგებით ახალგაზრდებს, ყველგან და ყველაფერში, რათა ამ ფიცის ღირსეულად შემსრულებელი თაობა იყოს და ასე შევიდეს ის ისტორიაში.
მოგიწოდებთ, 14 აპრილს ყველა ერთად დავდგეთ და ძალიან მაგარი ღონისძიება ჩავატაროთ, დავანახოთ ამათ, რომ მართლა სერიოზული ძალა ვართ. ჩვენს აქციებს წინამძღოლები ეყოლებათ და დაცვა ეყოლება, რომ ხელი ვერავინ ვერავის შეახოს“, – განაცხადა აქციებისას დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ.
2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების ფარგლებში 50-ზე მეტი პირი სისხლის სამართლის წესით დააკავეს, მათ შორის არიან სტუდენტები, მსახიობები და ჟურნალისტი, ავტორიტეტიანი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი.