„ჩინეთი ამერიკის ინტერესებისთვის მთავარი საფრთხეა“, – ასეთი იყო დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის განცხადება მისი პირველი ვადის დროს, 2016 წელს და ეს პოზიცია დონალდ ტრამპს არც თეთრ სახლში მეორე ვადით დაბრუნების შემდეგ შეუცვლია.
თუმცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაკეთებულმა განცხადებებმა სხვადასხვა წარმოდგენა შექმნა იმის შესახებ, თუ რა პოლიტიკა შეიძლება ჰქონოდა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას. მისი თქმით, ვაშინგტონი ზედმეტად ბევრ ფულს ხარჯავდა საგარეო კონფლიქტებსა და პროექტებში, რომლებიც არ წარმოადგენდა აშშ-ის ინტერესებს.
[მსგავსი განცხადება მან გააკეთა რუსეთის ომზე უკრაინაში, როდესაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონსა და კიევს ატლანტის ოკეანე აშორებს. ამავდროულად ტრამპის ადმინისტრაცია აქტიურად უწევს დახმარებას ისრაელს და ჩართულია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში. ბოლო დროს კი უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, განსაკუთრებით კი ტაივანი.
2025 წლის 29 მარტს აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებამ, რომლის თანახმადაც, ამერიკის შეიარაღებული ძალები სრულად უნდა კონცენტრირდნენ ჩინეთსა და ჩინეთის მიერ ტაივანში შეჭრის საფრთხეზე, კიდევ ერთხელ ცხადი გახადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მზარდი გავლენების შეკავებას შეეცდება.
ტაივანს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს როგორც, სამხედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ტაივანსა და რეგიონში სხვა მოკავშირეებთან თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებულ შტატებს წყნარი ოკეანის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში მიმოსვლის დიდი თავისუფლება აქვს.
ტაივანი მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისითაც. კომპიუტერული ჩიპების საერთო წარმოების 68% სწორედ ტაივანში დაფუძნებულ კომპანიებზე მოდის და ეს ჩიპები სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
აქვს თუ არა აშშ-ს ჩინეთის შეკავების რესურსები და რა როლი ექნება ამ პროცესში ტაივანს, ამის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ჩინეთმცოდნე შალვა ჩიხლაძემ ისაუბრა.