პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ცხრა აპრილთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც არაერთხელ იყო ნახსენები „უცხოური ძალა“, თუმცა არც ერთხელ რუსეთი ან საბჭოთა კავშირი. მისივე სიტყვებით, დღესაც, ისევე, როგორც 36 წლის წინ, უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველზე.
„9 აპრილი არის დღე, როდესაც უცხოურმა ძალამ განახორციელა ძალადობა ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ“,- წერია ირაკლი კობახიძის მიმართვაში.
სწორედ ამ განცხადების შინაარსის გამო, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი მას აკრიტიკებს და მოღალატეს უწოდებს.
ამავდროულად, არაერთი განცხადებას ავრცელებენ საელჩოები, რომლებიც აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის.
ირაკლი კობახიძის ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
„სირცხვილი თქვენ- საქართველოს ე.წ. მთავრობა: „რუსები“ იყვნენ ის უმოწყალო ჯარისკაცები და არა „უცხო ძალა“ და ამის თქმასაც ვერ ბედავთ!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი და გმობს როგორც რუსულ ომს, ისე რუსულ ძალადობას.
„9 აპრილი რუსეთის ჯარის მიერ ჩადენილი სასტიკი და უმოწყალო დარბევის დღეა! მხოლოდ რუსებს და მათ მონებს მოაქვთ ომი და ძალადობა! იმარჯვებს მშვიდობა, მომავლის რწმენა, თავისუფლება და დამოუკიდებლობა“,- წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
სალომე ზურაბიშვილმა გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანიც. მანაც ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები, რუსეთს არ ახსენა და დაწერა, რომ ქედს იხრის „9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპული გმირების ხსოვნის წინაშე.“
„თავდაცვის მინისტრიც, რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, როგორ გვიცავს ნეტავ და ვის წინააღმდეგ“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
