„აქ არაფერია სათამაშო მოედნის გარდა“, – განაცხადა კრივი-რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, რომელსაც 20 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვის.
მოსკოვის თავდასხმის შედეგად, დაშავდა კიდევ სულ მცირე 70 მშვიდობიანი მოქალაქე, მათგან ასაკით ყველაზე პატარა 3 თვისაა. დაშავებულთა დიდი ნაწილი საავადმყოფოში მკურნალობს.
„ჩვენს ქალაქზე სარაკეტო თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 9 ბავშვი. ისკანდერ-M საცხოვრებელ ზონაში, ბავშვთა სათამაშო მოედანზე დაეცა. ერთი ასაკოვანი ქალი საკუთარ სახლში დაიწვა.
ამ მხეცებისთვის გამართლება არ არსებობს. ეს აშკარა ტერორისტული აქტია. აქ არაფერია სამხედრო თუ სამხედროსთან ასოცირებული, არც პოლიცია… არაფერი სათამაშო მოედნის გარდა“, – განაცხადა კრივი რიჰის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 20-მდე საცხოვრებელი კორპუსიც, 30-ზე მეტი მანქანა, საგანმანათლებლო შენობა და რესტორანი.
რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ იერიშს 85 ჯარისკაცი და უცხოელი ოფიცერი შეეწირა, თუმცა დამოუკიდებელი წყაროები ამ ცნობას არ ადასტურებენ. ინფორმაციას უარყოფს უკრაინის გენერალური შტაბიც.

კრივი-რიჰი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მშობლიური ქალაქია. თავდასხმის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში მან რუსეთის ყოველდღიური შეტევა ომის დასრულების სურვილის არარსებობით ახსნა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ყოველი რაკეტა და ყოველი იერიში ამტკიცებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი სურს. მან უკრაინის მოკავშირეებს მოუწოდა, გაზარდონ მოსკოვზე ზეწოლა და გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
„რუსეთმა რაკეტები შავი ზღვიდან გაისროლა. ჩვენმა მოკავშირეებმა იციან, თუ რომელი ხომალდები დაგვესხნენ თავს და ზღვის რა ნაწილიდან. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთი ამახინჯებს დიპლომატიას, უარს ამბობს ცეცხლის უპირობო შეწყვეტაზე. ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ თავისუფალ გადაადგილებას არ ეხება, ეს უპირველეს ყოვლისა მშვიდობასთან მიახლოების გზაა. პუტინს ომის დასრულება არ სურს. იგი ეძებს გზებს, რომ ნებისმიერ მომენტში კიდევ უფრო დიდი ძალით განაახლოს შეტევა. სწორედ ამიტომაა რუსეთზე ყველა ფორმით ზეწოლის გაგრძელება გადამწყვეტი, ისევე როგორც თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება, სანქციების შენარჩუნება და მოსკოვთან ისეთი დიალოგის წარმოება, რომელიც მას მკვლელობის გაგრძელების შესაძლებლობას არ მისცემს. უკრაინა დასთანხმდა აშშ-ს წინადადებას ყოვლისმომცველი, უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. პუტინი ამაზე უარს ამბობს. ველოდებით პასუხს აშშ-სგან, ჯერჯერობით არაფერი ისმის. ველოდებით რეაგირებას ევროპისგანაც და ყველასგან, მსოფლიოს გარშემო, ვისაც ნამდვილად სურს მშვიდობა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
All day today—following the Russian strike on Kryvyi Rih—every effort has been made in the city to save lives. Some of the wounded, those in critical condition, were transported to Dnipro. Doctors are doing their utmost to save as many lives as possible. I am grateful to everyone… pic.twitter.com/bLylpOsHtI
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) April 5, 2025
რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას დაბომბვა არ მოსწონს და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ომი მისი პრეზიდენტობის პირობებში არასდროს დაიწყებოდა.
„ჩვენ ვესაუბრებით რუსეთს. დაბომბვა გრძელდება, ეს მე არ მომწონს. მსურს, რომ თავდასხმა შეწყდეს. ყოველ კვირა ათასობით ახალგაზრდა იღუპება. საშინელებაა. ეს არასდროს უნდა დაწყებულიყო და არც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მოსკოვის თავდასხმაზე აშშ-ის საელჩოს რეაგირებით იმედგაცრუებულია. „ასეთი ძლიერი ქვეყანა, ასეთი ძლიერი ხალხი და მაინც ასეთი სუსტი რეაქცია“, – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
მოსკოვმა იერიში კრივი-რიჰის გარდა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე მიიტანა, მათ შორის კიევზეც, სადაც თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 13 რაკეტა და 40 დრონი ჩამოაგდეს.