კოვიდის შემდეგ ტრამპი! – გლობალურ ბაზარზე დიდი რყევაა. ამერიკული ტარიფებით გამოწვეული ცვლილებები პირველმა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონმა იგრძნო. საფონდო ბირჟების გახსნისთანავე აქციების ფასის ვარდნა შანხაის, ტოკიოს, სიდნეისა თუ ჰონკონგის ბირჟებზე შეიმჩნეოდა. რამდენიმე საათში კი ტალღა ევროპულ ინდექსებზეც აისახა.
აშშ-ის პრეზიდენტისთვის თითქმის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებული სავაჭრო ომის პოტენციური შედეგები ცნობილია, თუმცა დონალდ ტრამპისთვის მიზანი საშუალებას ამართლებს. მან ნათლად მიანიშნა, რომ უკან დახევას არ აპირებს – „დეფიციტი ამოსავსებია”.
„რა მოუვა ბაზარს? ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენი ქვეყანა გაცილებით ძლიერი იქნება. არ მსურს არაფრის გაფუჭება, თუმცა ზოგჯერ მედიკამენტი უნდა მიიღო იმისთვის, რომ გაუმჯობესდე. მე ვესაუბრე ბევრ ლიდერს ევროპიდან, აზიიდან, მთელი მსოფლიოდან. მათ სურთ გარიგება. მე ვპასუხობ მათ, რომ მათ ქვეყნებთან დეფიციტი არ გვექნება. ამას არ გავაკეთებთ, რადგან ჩემთვის დეფიციტი დანაკარგია. ჩვენ გვექნება მოგება ან ყველაფერი გაუარესდება. მომდევნო ხანმოკლე პერიოდში ჩვენ ამ ტარიფებით შემოგვივა ტრილიონობით დოლარი. ქვეყნებს საუბარი სურთ, მაგრამ არ შედგება საუბარი, თუ ისინი ბევრ ფულს არ გადაიხდიან. მე მსურს ჩინეთსა და ევროკავშირთან არსებული დეფიციტის მოხსნა, თუ მათ სურთ ამაზე საუბარი, მე ღია ვარ. სხვა შემთხვევაში, რატომ მომინდება მათთან საუბარი?” – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
საუბრის სურვილი უკვე გამოთქვა მსოფლიოს 50-ზე მეტმა სახელმწიფომ. მათ თეთრ სახლს მოლაპარაკებების მოთხოვნით მიმართეს. ეს თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკის საბჭოს დირექტორმაც დაადასტურა. მისი თქმით, მიზანი იმ სატარიფო შეზღუდვების მოხსნაა, რომელიც გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ქვეყნებს ექსპორტირებულ პროდუქციაზე დაუწესა. ამით კი შექმნა ვაჭრობის შემცირების, ეკონომიკური ზრდის შენელების, ფინანსური ბაზრების არასტაბილურობისა თუ რაც მთავარია, პოლიტიკური დაძაბულობის რისკი. შტატებში ფიქრობენ, რომ ეს შიში უსაფუძვლოა. აქ ვითარებაზე დაკვირვებას განაგრძობენ. მთავარი სტრატეგია – ამერიკელი მშრომელების პირობების გაუმჯობესებაა.
„ფაქტია, რომ ქვეყნები ბრაზობენ და საპასუხო ზომებსაც მიმართავენ, თუმცა ამასთან სხდებიან მაგიდასთან. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისიდან გასულ ღამეს უკვე მივიღე ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 50-ზე მეტი ქვეყანა პრეზიდენტს მოლაპარაკებების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. ისინი ამას აკეთებენ, რადგან ესმით, რომ დიდი რაოდენობით ტარიფების გადახდა მოუწევთ“, – აღნიშნა თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკის საბჭოს დირექტორმა კევინ ჰასეტმა.
20%-იანი ტარიფი, რომელიც დონალდ ტრამპმა ევროპიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე დააწესა, 9 აპრილს შევა ძალაში. ფოლადზე, ალუმინსა და მანქანებზე კი ცალკე 25 %-იანი ტარიფია განსაზღვრული. ჯამში შეზღუდვა ევროპაში დამზადებულ 380 მილიარდი ევროს პროდუქტს შეეხება. ევროპელები საპასუხო ნაბიჯებზე დღეს ლუქსემბურგში მსჯელობდნენ. 27 ქვეყნის ვაჭრობის მინისტრების მთავარი ამოცანა ტარიფების მოხსნაა, თუმცა ამის მიღწევის გზებში ხედვები განსხვავდება.
„თავად კალკულაციაა ნონსენსი. დაშვება, რომ სავაჭრო ბიუჯეტი იგებს ან დეფიციტშია, არასწორი შეფასებაა, რადგან გლობალიზაცია ემსახურება ყველა ეკონომიკას, განსაკუთრებით კი ამერიკულს. მათ აქვთ უდიდესი ზრდა მშპ-ს თვალსაზრისით, ევროპულ ქვეყნებზე უკეთესი. ასე რომ, თუ ჩვენ ვყიდით უფრო იაფ პროდუქციას აშშ-ის ეკონომიკაში, ეს ამერიკული ეკონომიკის სასარგებლოდ ხდება. ეს გამოთვლა ფილოსოფიურ დონეზე გაუგონარია. ჩენ ვნახეთ, რომ ქვეყნები წინასწარ ცდილობენ, გაამარტივონ კონფლიქტი აშშ-სთან იმის იმედით, რომ ტარიფები დაიკლებს – ეს არასწორია. ეს არ მომხდარა, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია ჩემი ევროპელი პარტნიორებისთვის, რომ ერთიანები უნდა დავრჩეთ. თუ პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტას შეეცდები, ეს არ იქნება წარმატებული”, – ფიქრობს გერმანიის ფინანსთა მინისტრი რობერტ ჰაბეკი.
„არსებობს ე.წ. საპასუხო ტარიფების იდეა, რადგან ჯერ ისევ ვცდილობთ, ჩავწვდეთ ამის უკან არსებულ ზუსტ მათემატიკასა და იდეას, მაგრამ უკვე ნათელია, რომ ამ კონფრონტაციას გამარჯვებული არ ეყოლება. უკვე ნახეთ, რომ აშშ-ის საფონდო ბირჟამ ხუთშაბათსა და პარასკევს 5 ტრილიონი დოლარი დაკარგა. აზიურ ბაზარზე კიდევ უფრო დიდი დანაკარგია. ვიდრე ვისაუბრებთ, აშშ-ისთვის დანაკარგები გაიზრდება”, – ამბობს მიქაელ ბარანოვსკი, რომელიც ევროპელების შეხვედრაზე პოლონეთს წარმოადგენდა.
„ეს სავაჭრო ომია. ის სწორედ ახლა ხდება. რაც ჩვენ შეგვიძლია ისაა, რომ საპასუხო მოლაპარაკებები გავმართოთ. ეს კარგი იქნება ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისთვის, ჩვენი და ამერიკული სამუშაო ადგილებისთვის. ესაა ჩვენი საბოლოო მიზანი – არასოდეს ვიტყოდი, რომ ჩვენი დღის წესრიგი სიტუაციის ესკალირებაა”, – ფიქრობს ფრანგი მინისტრი ლორენ სან-მარტინი.
ევროკომისიის პრეზიდენტი მზადაა, სამრეწველო პროდუქციაზე ვაშინგტონმა და ბრიუსელმა ერთმანეთს ნულოვანი ტარიფების დაუწესონ. მოლაპარაკებების დაწყების იდეა პირადად ურსულა ფონ დერ ლაიენს ეკუთვნის. აქამდე ევროპასა და აშშ-ს შორის ნულოვანი ტარიფების მქონდე თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნასთან დაკავშირებით ტრამპის მრჩეველი ილონ მასკიც საუბრობდა.
Europe is ready to negotiate with the US.
We have offered zero-for-zero tariffs for industrial goods.
Because we’re always ready for a good deal.
But we’re also prepared to respond with countermeasures.
And protect ourselves against indirect effects through trade diversion. pic.twitter.com/hpZ77TXH4B
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) April 7, 2025
„ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ურთიერთტარიფები სამრეწველო პროდუქციაზე, ისე როგორც ეს სხვა სავაჭრო პარტნიორებთან გვაქვს დაწესებული. ეს იმიტომ რომ ევროკავშირი მუდამ მზადაა კარგი გარიგებისთვის – ასე რომ იდეა მაგიდაზე რჩება. ამასთან, ჩვენ მზად ვართ საპასუხო ზომებისთვის და საკუთარი ინტერესების დასაცავად. ვამზადებთ პოტენციურ სიას, საჭიროების შემთხვევაში საპასუხოდ. ნათელია, რომ შემდგომ ნაბიჯებამდე ღრმად ტექნიკური დეტალებია განსახილველი“, – ამბობს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ფინანსისტები წამყვანი ბანკების, ფასიანი ქაღალდებისა თუ ნავთობის ფასების მეტ ვარდნას კვირის ბოლოსთვის ელიან. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა პასუხი ექნება აშშ-ის ტარიფებზე ისეთ დიდ ბაზრებს, როგორებიცაა არა მხოლოდ ევროპა, არამედ ჩინეთი. განიხილება, რომ შესაძლოა დონალდ ტრამპმა ტარიფების მოქმედება 90 დღით შეაჩეროს, თუმცა ეს შეეხება ყველა ქვეყანას, გარდა ჩინეთისა.