2 აპრილს თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „SITFY საქართველო” გაიხსნა. ფესტივალი „აბრეშუმის გზა” 15 ქვეყნის თეატრს უმასპინძლებს. საერთაშორისო ფესტივალი „აბრეშუმის გზა” საკონკურსო ხასიათისაა.
პირობები ორკაციანი სპექტაკლების წარმოდგენას გულისხმობს და მათ სპეციალური საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები 6 აპრილს, სოხუმის თეატრში დაჯილდოვდებიან.
ფესტივალში მონაწილეობენ – საუდის არაბეთის, რუმინეთის, კატარის, ომანის, თურქეთის, იაპონიის, უნგრეთის, ტუნისის, ბაჰრეინის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების თეატრების წარმომადგენლები.
სპექტაკლები ერთსაათიანი იქნება და მხოლოდ ერთხელ შესრულდება. ფესტივალის ორგანიზატორები არიან: შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ახალგაზრდებისთვის (SIFTY) და იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის საქართველოს ეროვნული ცენტრი (ITI Georgia).
ფესტივალი 2016 წელს რეჟისორის მაზენ ელ-გარაბავის მიერ დაარსდა. მისი დაარსების მიზანი თეატრის მოყვარული იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა იყო, რომლებსაც თავიანთი ნიჭის გამოსავლენად, საერთაშორისო პლატფორმები არ ჰქონდათ.
2024 წელს, პოლონეთში ფესტივალის წარმატებული დებიუტის შემდეგ, საქართველო ფესტივალის მეორე ევროპული დანიშნულების ადგილი გახდა.
დღეს ასევე თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში, ქართული თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მსახიობები ლილი ხურითი და ზურა ყიფშიძე დააჯილდოვეს.
ფესტივალის გახსნაზე არაერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო იდეალური პარტნიორია ფესტივალის საერთაშორისო გაფართოებისთვის, რადგან იგი კულტურული ხიდია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.
ორგანიზატორების განცხადებით, შარმ ელ-შეიხის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პირველი გამოშვება საქართველოში წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს მათი გლობალური მისიის გზაზე- შეიქმნას პლატფორმა, სადაც ახალგაზრდები თავიანთ თეატრალურ ნიჭს საერთაშორისო აუდიტორიას გააცნობენ.