ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესმა 26 მარტს საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტს მხარი კონგრესის 101-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 10 წინააღმდეგ წავიდა. მიღებული რეზოლუცია ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დემოკრატიის მხრივ არსებულ ვითარებას აღწერს.
ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესის მიერ მიღებული დოკუმენტის მიხედვით, „საქართველოში მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე, ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოხატულმა სწრაფმა და დრამატულმა დემოკრატიულმა უკუსვლამ გავლენა მოახდინა ქვეყნის დემოკრატიულ გზაზე“. ამავე რეზოლუციის თანახმად, ეს განსაკუთრებით გაძლიერდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ყველა ოპოზიციური პარტია არალეგიტიმურად მიიჩნევს. რეზოლუციის მიხედვით, არჩევნები არალეგიტიმურად მიიჩნია ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების ნაწილმაც.
„ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის არარსებობამ გამოიწვია პოლიტიკური პლურალიზმის დე-ფაქტო გაქრობა, მათ შორის, მუნიციპალურ საბჭოებში“, – წერია დოკუმენტში.
ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული მმართველობის კონგრესის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 28 ნოემბერს გაკეთებულმა განცხადებამ ევროკავშირში გაწევრების პროცესი მნიშვნელოვნად შეაფერხა.
დოკუმენტის მიხედვით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონისა” და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის” მიღებამ საგრძნობლად გაზარდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლების სტიგმატიზების ტენდენცია, შეზღუდა მათი გამოხატვის თავისუფლება და გაართულა მათი სამუშაო პირობები.
„დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება დაცული და მხარდაჭერილი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, კრიტიკულია თუ არა იგი ხელისუფლების მიმართ“, – წერია დოკუმენტში.
რეზოლუციაში რეკომენდაციებიც არის მოცემული – მათ შორის საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმოს ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს.
„დაუყოვნებლივ აღადგინოს პოლიტიკური დიალოგი მთავრობის ყველა დონეზე, ინკლუზიური პოლიტიკური პროცესის გზით, რომელიც მოიცავს ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის, ადგილობრივ ხელისუფლებას, ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებას, რათა შემცირდეს პოლარიზაცია, აღდგეს პლურალისტურ დემოკრატიაში აუცილებელი კონტროლისა და დაბალანსების მექანიზმები და დარეგულირდეს ოპოზიციის მონაწილეობის უფლებები“, – წერია დოკუმენტში.