მთავარისაქართველოროგორი მედიაგარემო იყო საქართველოში 2024 წელს? - ახალი კვლევის შედეგები

როგორი მედიაგარემო იყო საქართველოში 2024 წელს? – ახალი კვლევის შედეგები

როგორი მედიაგარემო იყო საქართველოში 2024 წელს? რა გამოწვევები ჰქონდათ ჟურნალისტებს და რამდენად თავისუფლად აშუქებდნენ ისინი მოვლენებს? როგორ აისახა მედიის საქმიანობაზე „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივები და ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონი.

როგორია მედიის მიმართ ნდობა ქვეყანაში და როგორ უმკლავდება მედია თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას – დეზინფორმაციას – ამ საკითხებზე ორგანიზაცია „მედიახმამ“ კვლევა ჩაატარა, რომელიც კვლევის ავტორებმა დღეს, 26 მარტს, წარადგინეს.

მედიის შესახებ კვლევის პრეზენტაციას ჟურნალისტების გარდა სამოქალაქო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ.  ღონისძიება გერმანიის ელჩმა საქართველოში, ერნსტპეტერ ფიშერმა გახსნა. დიპლომატმა კიდევ ერთხელ და მკაფიოდ განაცხადა, რომ დემოკრატიული ქვეყანა თავისუფალი მედიის გარეშე სრულფასოვნად ვერ იარსებებს და რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი სწორედ პლურალისტური მედიაგარემოა.

ღონისძიებაზე საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესახებ განმარტებები გააკეთეს მედიაექსპერტებმაც. მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ 2024 წელი საქართველოში ჟურნალისტებისთვის განსაკუთრებით რთული იყო. საუბრობენ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის არაერთ ფაქტზე, მედიის წარმომადგენელთა მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, მათ შორის სამართალდამცველების მხრიდან.

ასევე, ისაუბრეს 2024 წლის იმ გამოუძიებელ საქმეებზე, რომლებზეც ჟურნალისტები ოფიციალურად არიან ცნობილი დაზარალებულებად, თუმცა ამ საქმეებს ჯერ ისევ არ ჰყავთ ბრალდებულები. მედიაექსპერტები 2024 და 2025 წლებში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ჟურნალისტების წინააღმდეგ რეპრესიებად აფასებენ.

კვლევის ავტორებმა მედიაგარემო შეაფასეს 20 მედიასაშუალების 23 წარმომადგენლის შეფასებაზე დაყრდნობით და შემდგომი შედარებითი ანალიზით. ამის შემდეგ კი შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც მედიის გარდა, მიემართება ხელისუფლებას, ოპოზიციას, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

დოკუმენტში წერია, რომ ქართულ მედიას მოუწევს არამხოლოდ გადარჩენის, არამედ განვითარების სხვადასხვა, ინოვაციური სტრატეგიების შემუშავება. და უცვლელია ის მთავარი რეკომენდაციაც, რაც ამავე ღონისძიებაზე გერმანიის ელჩმა კიდევ ერთხელ გაახმოვანა – თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის უმნიშვნელოვანესი როლი ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend