უცხო გარემო, მტკივნეული არჩევანი, ყოველდღიური ბრძოლა და უკან დაბრუნების იმედი – ეს ის გზაა, რომელსაც ემიგრანტი ქალები ყოველდღიურად გადიან. ემიგრაციით გამოწვეულ პრობლემებზე საუბარს მათი ნაწილი ანონიმურად ამჯობინებს.
„ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ ვითომ, მაგრამ ყველაზე მთავარს ვაფუჭებთ – შვილებს ვკარგავთ, ახლობლებს ვკარგავთ, მეგობრებს… ჩემი შვილი 14 წლის გათხოვდა – აი, ეს გააკეთა ჩემმა აქ წამოსვლამ… ამას ვერანაირი ფული ვერ აანაზღაურებს“…
„ვამბობდი, რომ პრობლემებს მოვაგვარებ და დავბრუნდები, მაგრამ პრობლემა პრობლემას ემატებოდა ეკონომიური მხრივ, უკან-უკან წავიდა ქართული ყოფიერება“…
„როდესაც 50 წლის ასაკში დავბრუნდი და მივედი იმ სკოლაში, სადაც [წასვლამდე] ვმუშაობდი, მითხრეს, რომ ასაკის გამო და იმის გამო, რომ 10 წელია გაწყვეტილი გაქვთ პედაგოგიური მოღვაწეობა, ჩვენ ვერ მოგცემთ რეკომენდაციას, რომ დაბრუნდეთ სკოლაში მასწავლებლად… დაბრუნების შემდეგ, უცებ აღმოვაჩინე, რომ 50 წლის ასაკში აღარ ვჭირდები ჩემს ქვეყანას, მიუხედავად იმისა, რომ მაქვს პოტენციალი და მონდომება, რომ ვიმუშაო ჩემი სპეციალობით“…
ეს ის ემოციებია, რომლებზეც ემიგრანტებმა ანონიმურად ისაუბრეს „ქართველი შრომით მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის შესახებ“ კვლევაში. ყველა ქალს ემიგრაციაში წასვლის განსხვავებული ისტორია აქვს, თუმცა მიზეზი ხშირად ერთია – ოჯახის ფინანსური მხარდაჭერა. ასე იყო თეონა ბოტკოველის შემთხვევაშიც. ახლა იტალიაში თავისი პროფესიით ფსიქოლოგად მუშაობს და იმ ემიგრანტი ქალების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გვიყვება, რომლებიც მასთან კონსულტაციაზე დადიან.
„ახალი ჩამოსულებისთვის სრულიად შოკისმომგვრელია, სტრესს იღებენ. მე ვინც მომმართავს, თითქმის 80% სერიოზული ნევროზული დაზიანების ფონი აქვთ, ზოგს იმდენად აქვს სტრესი გამჯდარი, რომ ფობიები აქვთ დაწყებული“, ამბობს ფსიქოლოგი, თეონა ბოტკოველი.
ერთია ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მეორე კი – შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა.
„მიგრაციის ფემინიზაციის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი მაინც უკავშირდება დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ ფონსა და უმუშევრობას. ამას თან ახლავს ისეთი სტრუქტურული ბარიერები, როგორიცაა; პოლიტიკური და სოციალური სისტემების ნაკლოვანება, ასევე საბანკო სესხების გაძვირებული ზოგადი ფონი… ქალების უმრავლესობა მთლიან შემოსავალს აგზავნის საქართველოში და მინიმუმია ის, რასაც იტოვებენ თავისი თავისთვის“, – ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის გენდერის მრჩეველი, ანა ლობჟანიძე.
დაბრუნება და რეინტეგრაცია მიგრაციის ციკლის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა რეინტეგრაცია ხშირად დიდი გამოწვევაა. შრომითი მიგრანტი ქალები უამრავ ოჯახს არჩენენ და საქართველოს ეკონომიკას აძლიერებენ, თუმცა სამშობლოში დაბრუნებისას აწყდებიან მნიშვნელოვან ბარიერებს, ხდება გაუცხოება, უჭირთ საკუთარი ადგილის დამკვიდრება, ამიტომ ზოგჯერ კვლავ ხდება მათი რეიმიგრაცია, ანუ ისევ სამშობლოდან წასვლა.
„უამრავი ნაცნობი მყავს, რომლებმაც სამუდამოდ დაბრუნება გადაწყვიტეს. ჩემი პაციენტი იყო, რომელიც დაბრუნდა და სერიოზული პრობლემები შეექმნა ოჯახთან დაბრუნებულს, რადგან აქედან შემოსავალი აღარ იყო“, – გვიყვება ფსიქოლოგი, თეონა ბოტკოველი.
„მიგრაციაში ყოფნის ხანგრძლივობა მაინც აჩენს ერთგვარ გაუცხოებას. როგორც კი ისინი უკან ბრუნდებიან ჩნდება ერთგვარად ზედმეტობის შეგრძნება მათთვის. ეს იმაზეცაა დამოკიდებული დიდწილად, რომ 55+ ასაკობრივი ქალები, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ ემიგრანტი ქალების, დაბრუნების შემდეგ ძალიან რთულია დასაქმების ბაზარზე ადგილის პოვნა, რადგან აქ ისინი აწყდებიან ასაკობრივ დისკრიმინაციას“, – ამბობს გაეროს განვითარების პროგრამის გენდერის მრჩეველი, ანა ლობჟანიძე.
არის შემთხვევები, როდესაც მიგრანტი ქალები სამშობლოში ბრუნდებიან, სურთ, წამოიწყონ მცირე ბიზნესი, გარკვეული დანაზოგიც აქვთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ ფინანსური ცოდნა და რისკების შეფასების უნარი, ამ ბიზნესის განვითარება მდგრადი არაა.
უფლებადამცველები ასევე საუბრობენ, რომ მნიშვნელოვანია, არსებობდეს პროფესიული გადამზადებისა და განვითარების შესაძლებლობები იმ ქალებისთვის, რომლებმაც სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს.
ანა ალელიშვილი