ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი აღიარებს, რომ Signal-ის „ჩატი“, სადაც ჰუსიტებზე თავდასხმას განიხილავდნენ მისი შექმნილია.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ასევე განაცხადა, რომ არ იცის როგორ აღმოჩნდა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი, ჯეფრი გოლდბერგი ამ საიდუმლო მიმოწერაში და გასცა დაპირება, რომ ილონ მასკი ამ ყველაფერს ტრამპის ადმინისტრაციასთან ერთად გამოიძიებს. ჯეფრი გოლდბერგს მან „საშინელი რეპუტაციის მქონე ჟურნალისტი“ უწოდა.
გამოცემა The Atlantic-მა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა კრიტიკას ასე უპასუხა:
„გამოცემის, მისი რედაქტორისა და რეპორტაჟების დისკრედიტაციის მცდელობა ნაწილია სქემის, რომელსაც ჟურნალისტებისადმი მტრულად განწყობილი თანამდებობის პირები მისდევენ და კონსტიტუციას არღვევენ”.
მაიკ უოლცმა საიდუმლო მიმოწერის შესახებ განმარტებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მას მხარი დაუჭირა. დონალდ ტრამპის თქმით, მაიკ უოლცის კრიტიკა უსამართლოა და კონფიდენციალურ „ჩატში“ The Atlantic-ის რედაქტორის ყოფნას გავლენა არ ჰქონია იემენელ ჰუსიტებზე მიტანილი იერიშის წარმატებაზე.