თეთრი სახლის წარმომადგენლებმა აპლიკაციის, Signal-ის, მიმოწერაში შემთხვევით დაამატეს გამოცემა The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი მაშინ, როცა ისინი განიხილავდნენ იემენელ ჰუსიტებზე თავდასხმის გეგმებს. ტრამპის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ ეს მიმოწერა რეალურია.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენელმა ბრაიან ჰიუზმა განაცხადა, რომ შესაბამისი უწყებები სწავლობენ, თუ როგორ აღმოჩნდა უცხო საკონტაქტო ნომერი აპლიკაცია Signal-ის დახურულ მიმოწერაში.
„მე გავაფრთხილე ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი და შემდეგ პიტ ჰეგსეტი, ტულსი გაბარდი და კიდევ სხვა ოფიციალური პირები, მათ შორის სტეფან მილერი, რომელმაც არაერთი კითხვა დამისვა ამ საკითხთან დაკავშირებით. გამიკვირდებოდა ამის შესახებ ვინმეს რომ მაშინვე პრეზიდენტისთვის არ მიეწოდებინა ინფორმაცია, ჩვენ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დრამატული მასშტაბის მქონე დარღვევა გვქონდა. ვფიქრობ, მომდევნო დღეებში ვიხილავთ უფრო მეტს იმის შესახებ, თუ როგორი რეაგირება ექნება თეთრ სახლს.
იმ მიმოწერაზე წვდომა აღარ მაქვს და არ მაქვს ინფორმაცია, რა ხდება ახლა იქ, თუმცა იემენის ოპერაციას დასაწყისიდან ბოლომდე თვალს ვადევნებდი და მივხვდი, რომ სისტემაში სერიოზული პრობლემა იყო“, – აცხადებს The Atlantic-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი.
მომხდართან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგესთმა განაცხადა, რომ ჯეფრი გოლდბერგი მატყუარაა: „თქვენ საუბრობთ მატყუარა და სახელგატეხილ ეგრეთწოდებულ ჟურნალისტზე, რომელმაც კარიერა დეზინფორმაციის გავრცელებით აიწყო. მაგალითად, ის სულ გაიძახის „რუსეთი, რუსეთი, რუსეთი“… ეს არის კაცი, რომელიც ნაგავში იქექება. აი, სწორედ ამას აკეთებს! არავინ წერდა ომის გეგმების შესახებ, მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. გმადლობ!“