„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” სოლიდარობას უცხადებს რადიო თავისუფლებას, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციამ დაფინანსება შეუჩერა და ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებსა და კერძო ფონდებს მხარდაჭერის მოთხოვნით მიმართავს.
განცხადებაში ქარტია მიუთითებს, რომ „რადიო თავისუფლება“ 75 წელზე მეტია, მილიონობით ადამიანისთვის ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში, სადაც მათ მთავრობები ინფორმაციაზე წვდომას უზღუდავენ, მიუკერძოებელი ახალი ამბებისა და სანდო ანალიზის მთავარი წყაროა. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია წერს, რომ საქართველოში „რადიო თავისუფლების“ როლი სრულიად განსაკუთრებულია.
„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ შესაძლებელი გახდა თბილისში ადგილობრივი ბიუროს გახსნა, რომელიც მალევე იქცა ადგილობრივი მედიალანდშაფტის ორგანულ და მნიშვნელოვან ნაწილად. ორგანიზაცია წერს იმასაც, რომ თხოვნით მიმართავს ევროპული ქვეყნების მთავრობებსა და კერძო ფონდებს, გამონახონ რესურსები „რადიო თავისუფლების“ შესანარჩუნებლად იმ საზოგადოებებისთვის, რომელთათვისაც ის იმედი და საყრდენია და რომელთა ისედაც რთული ყოველდღიურობა „რადიო თავისუფლების“ გარეშე კიდევ უფრო დამძიმდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.