ყოველდღე საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი 5 000 – 5 000 ლარით, პროტესტის ნიშნად გზის გადაკეტვის გამო ჯარიმდება.
უკვე თითქმის სამი თვეა, დემონსტრაციიდან სახლში მიმავალ დემონსტრანტებს გზად საფიქრალი აქვთ – როდის დაურეკავენ შინაგან საქმეთა სამინისტროდან, კონკრეტულად რომელ დღეს გადაკეტილი გზისთვის დააკისრებენ ჯარიმას და რა მტკიცებულება იქნება წარდგენილი მის წინააღმდეგ.
უწყვეტი პროტესტის მონაწილეთა შორის არიან ისეთებიც, ვინც პოლიციისგან სატელეფონო ზარი არაერთხელ მიიღო, არაერთხელ ჩაიბარა 5 000-ლარიანი საჯარიმო ქვითარი და, შესაბამისად, არაერთხელ მოუწია თბილისის საქალაქო სასამართლოში მისვლა.
„ოთხი ოქმი მაქვს გამოწერილი. აქედან, მხოლოდ ერთი გადავიხადე. ორი იყო სასამართლოს განჩინებით, ორი კი პირდაპირ შსს-დან გამოგზავნილი ჯარიმა. რა თქმა უნდა, ყველაფერი გავასაჩივრე, თუმცა პირველი 5 000-ლარიანი ჯარიმის გადახდა მაინც მომიწია. ოქმზე თანდართულ დოკუმენტებსა და შსს-ის წარმოდგენილ ვიდეოებში დროები ერთმანეთს არ ემთხვევა. ორ შემთხვევაში მე და ჩემს მეგობარს გვაქვს საპატრულო პოლიციისგან გზის გადაკეტვის ვერბალური თანხმობა, რაც წარვადგინეთ სასამართლო პროცესზე, თუმცა ეს მოსამართლემ არ გაითვალისწინა“, – ამბობს ერეკლე კოპლატაძე, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციებისას ოთხჯერ დააჯარიმეს 5 000 ლარით.
დაჯარიმებულ მოქალაქეებს ბევრი რამ აერთიანებთ – პროტესტის მოთხოვნები და უნდობლობა ქართული მართლმსაჯულების სისტემისადმი. მათი თქმით, იმ მტკიცებულებებს, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოში წარადგენს უმეტეს შემთხვევაში სამართლებრივ ლოგიკას აცდენილია. ისინი სახელმწიფოს მხრიდან პერსონალურ მონაცემთა დარღვევის აშკარა შემთხვევებზეც საუბრობენ.
„დღეის მდგომარეობით, მე დამაკისრეს 12 სანქცია. დარჩენილი მაქვს კიდევ ორი სასამართლო პროცესი, რომელიც აპრილში გაიმართება. ასევე, პოლიციიდან ორი ოქმი უნდა ჩამბარდეს. ჯამში, ამჟამად 45 000 ლარის ჯარიმა მაქვს დაკისრებული. ყველაზე უცნაური და გულსატკენი ჩემთვის იყო 6 იანვრის, შობის ღამის საქმე, როდესაც რუსთაველის გამზირზე ათასობით მოქალაქე იდგა. გზის გადაკეტვიდან 20 წუთის შემდეგ მივედი გამზირზე. მოსამართლე, ფაქტობრივად, დაეხმარა შსს-ის წარმომადგენელს, როდესაც ის ვერ პოულობდა კონკრეტულ მტკიცებულებას. სასამართლოს თავისი თავი ვერ წარმოუდგენია დამოუკიდებელ შტოდ, რომელიც უნდა იყოს დამბალანსებელი, ის გვევლინება აღმასრულებელი სახელისუფლებო შტოს გამგრძელებლად. ცუდი და სატირალი ის არის, რომ აქ პენსიონერებიც დააჯარიმეს, ვისი პენსია 350-370 ლარს შეადგენს. საქველმოქმედო ფონდებიც დააყადაღეს და მოქალაქეები „ჰაერში დატოვეს“. მაგალითად, ჩემთვის 45 000 ლარის კი არა, 4 000 ლარის გადახდაც კი წარმოუდგენელია. დროებით უმუშევარი ვარ, ერთი ჩვეულებრივი მწერალი ვარ“, – აცხადებს აკაკი ველთაური – ის პროევროპული დემონსტრაციებისას „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ ბრალდებით 5 000 ლარის ოდენობით 12-ჯერ დააჯარიმეს.
მხოლოდ არასრულ სამ თვეში, „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ცვლილების ძალაში შესვლიდან 2025 წლის 18 მარტამდე, დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწესებული ჯარიმების რაოდენობამ ორ მილიონ ლარს მიაღწია. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ, საქართველოს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და თვიური შემოსავლების გათვალისწინებით, ფინანსური სანქციის 10-ჯერ გაზრდა სახელმწიფოს უსამართლო პოლიტიკის მაგალითია.
უფლებადამცველები ასევე საუბრობენ უცხო სახელმწიფოებში, მოქალაქეთათვის ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების პრაქტიკაზე.
„საარსებო ეს თანხა [5 000 ლარი], სულ მცირე, 20-ჯერ, ხოლო საშუალო ხელფასს – 2,5-ჯერ. ბუნებრივია, ეს ჯარიმა ვერ ჩაითვლება პროპორციულად. პირიქით, სპეციალურადაა შერჩეული დისპროპორციული თანხა, რათა ამ ქვეყანაში არსებითად მოსპოს შეკრების თავისუფლება. ამ მიზანს ემსახურება შეუსაბამოდ და შეუფერებლად დიდი ჯარიმები. თუ ვიმსჯელებთ თუნდაც ისეთი ფაშისტური ქვეყნის კანონმდებლობით, როგორც რუსეთია, იქაც კი მსგავსი ჯარიმები ბევრად ნაკლებია. მაგალითად, არსებობს რუმინული შემთხვევა, სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტიდან, სადაც დაახლოებით 113 ევროს ოდენობის თანხა დააკისრეს პირს, თუმცა მან მოიგო პროცესი. სტრასბურგის სასამართლომ დაკისრებული თანხა არაპროპორციულად ცნო, იმ პირობებში, როდესაც ეს პიროვნება გამოხატავდა პროტესტს პოლიტიკური მოსაზრებებით“, – განაცხადა სანდრო ბარამიძემ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ადამიანის უფლებათა და მართლმსაჯულების პროგრამის მენეჯერი.
დაუმორჩილებლობის ნიშნად, მოქალაქეთა უმრავლესობა აცხადებს, რომ არ აპირებს დაკისრებული ჯარიმების გადახდას, თუმცა ბევრს აწუხებს კითხვა – რა ხდება ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში და რა სამართლებრივი ბერკეტი აქვს სახელმწიფოს? მითუმეტეს, იმ დროს, როცა საქველმოქმედო ფონდებისა და ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დაყადაღებულია.
„6 თებერვლის შემდგომ არსებული სამართალდარღვევის საქმეების ფარგლებში თუ მოქალაქე ასაჩივრებს ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში მის წინააღმდეგ მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს, მას აქვს უფლებამოსილება, დავის დასრულებამდე არ გადაიხადოს ჯარიმა, თუმცა სასამართლოს მიერ დაჯარიმების შემთხვევაში, მას აქვს ძალიან შეზღუდული ვადა ჯარიმის გადასახდელად. სამწუხაროდ, საკანონმდებლო რეგულაციებიდან გამომდინარე, თუ რიგითი მოქალაქეები არ გადაიხდიან ჯარიმას, მათ, რა თქმა უნდა, შესაძლოა, იძულებითი აღსრულების მექანიზმებიც კი შეეხოთ, როგორებიცაა – მოძრავი თუ უძრავი ქონების დაყადაღება, საბანკო ანგარიშების დაყადაღება და ა.შ“, – განაცხადა შორენა ლოლაძემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარების პროგრამის დირექტორმა.
დაჯარიმების საფუძველი ძირითადად რუსთაველის გამზირზე განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებია.
მხოლოდ ჭანტურიას ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, რომელიც ყოველდღიურად მოქალაქეთა შეკრების სივრცეა, 90-მდე კამერაა დამონტაჟებული. მათი რაოდენობა განსაკუთრებითა გაიზარდა 2024 წლის 28 ნოემბრის საპროტესტო აქციების დაწყებიდან, რასაც უფლებადამცველთა უმრავლესობა „უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფად“ შეფუთულ ტოტალურ კონტროლს, რეპრესიებსა და ადმინისტრაციული რესურსის ფლანგვას უკავშირებს.