მთავარიკუბიდააყადაღეს ფონდები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეებსა და მათ ოჯახებს ეხმარებოდნენ

დააყადაღეს ფონდები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეებსა და მათ ოჯახებს ეხმარებოდნენ

დააყადაღეს ფონდები, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეებსა და მათ ოჯახებს ეხმარებოდნენ. თავდაპირველად ამის თაობაზე ინფორმაცია ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუკ გვერდზე დაწერა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ „ნანუკას ფონდის” გარდა დაყადაღებულია საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“; საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“; არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“; არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, ფონდების საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წარმომადგენლის, ვატო შაქარიშვილის, განცხადების საფუძველზე დააყადაღეს.

ცნობებს ფონდების დაყადაღების თაობაზე გამოეხმაურა საქართველოს პროკურატურაც.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს პროკურატურაში „მიმდინარეობს გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე”.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ „ცალკეული ფიზიკური და იურიდიული პირები მობილიზებას უკეთებდნენ ფინანსებს, რომელთა დიდი ნაწილი ხმარდებოდა უკანონო ქმედებებში მონაწილე პირთა საჭიროებებს”.

„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, – წერია განცხადებაში.

უწყების ცნობით, სწორედ ამის გამო „საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2025 წლის 17 მარტს საქართველოში არსებულ ყველა საბანკო დაწესებულებაში დააყადაღა ა(ა)იპ „ნანუკას ფონდის” , ა(ა)იპ „ფროსფერითის“, ა(ა)იპ „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის”, ა(ა)იპ „სირცხვილიასა“ და ა(ა)იპ „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშები და მათზე არსებული ფულადი სახსრები”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend