ამორტიზებული გზის საფარი, მოუწესრიგებელი მოსაცდელები, არარსებული ბარიერი სატრანსპორტო საშუალებებსა და მათ მომლოდინე მგზავრებს შორის, დარღვეული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები… – ეს ყველაფერი და კიდევ უამრავი ასეთი პრობლემა, რომლებსაც უკვე არაერთი წელია, ყოველდღიურად ხვდებიან მოქალაქეები თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ავტოსადგურზე.
არსებული მდგომარეობის სტანდარტებთან შეუსაბამობაზე თანხმდებიან შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიც, რომლებმაც ექსპერტების ჩართულობით ცვლილებათა პაკეტი მოამზადეს.
ამ ცვლილებების მიხედვით, დამატებითი ვალდებულებები ეკისრებათ როგორც ავტოსადგურების მფლობელებს, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლებს. დარგის ექსპერტთა ნაწილი ცვლილებებს მიესალმება და მოელის, რომ ამ ფორმით, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები შემცირდება.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ამ თვალსაზრისით, მუდმივ სატრანსპორტო საშუალებათა ტექნიკური გამართულობაა.
ექსპერტთა თქმით, მგზავრთა გადამყვანი ტრანსპორტის თითქმის 70%-ს სავალდებულო ტექდათვალიერება გავლილი არ აქვს.
„გარკვეული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, მოთხოვნილი იქნება ბაქნები, სამედიცინო ოთახი, ბავშვთა და დედათა ოთახი. ასევე, მძღოლთა მოსასვენებელი ოთახი. ასევე, უნდა მოხდეს ტექნიკური შემოწმება ყოველი რეისის გასვლის წინ. მნიშვნელოვანია ასევე, მძღოლთა გადამზადების თემა.
აუცილებელი იქნება მძღოლებისთვის სპეციალური ინსტრუქტაჟის, ტრენინგების ჩატარება, რომ მაქსიმალურად შევამციროთ გზებზე სიკვდილიანობა, რაც რეალურად, საქართველოში გვაქვს“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ, საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა.
ახალი რეგულაციების თანახმად, მუშაობის გასაგრძელებლად ავტოსადგურებმა პირველ ივნისამდე სავალდებულო, ხუთწლიანი სერტიფიცირება უნდა გაიარონ. სხვა შემთხვევაში, მათი მუშაობა უკანონო იქნება.
სერტიფიკატს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გასცემს. სადგურებს კატეგორიები მიენიჭება და შესაბამისი დოკუმენტის საფასური ამ კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება – 1 000-დან 10 000 ლარამდე.
ექსპერტების თქმით, საქართველოში დღეს დაუდგენელია მოქმედი ავტოსადგურების ზუსტი რაოდენობა, რადგან მათი დიდი ნაწილი კუსტარულადაა მოწყობილი და შესაბამისი ინფრასტრუქტურაც ან არ არსებობს ან არასათანადოა.
„ავტოსადგური დაექვემდებარება სერტიფიცირებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის თანხმობა ავტოსადგურის განთავსებასთან დაკავშირებით და ექსპერტიზის დასკვნა, საიდანაც ირკვევა ავტოსადგურის შესაბამისობა ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ სამშენებლო, ტექნიკურ და ტექნოლოგიურ პარამეტრებთან.
აქვე, სერტიფიკატი გაიცემა სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ 5 წლის ვადით. ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღების და ამავე წესით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება წარმოიშვება 2025 წლის 1 ივნისიდან, ხოლო 2025 წლის 1 მარტიდან ავტოსადგურებს ვალდებულება ექნებათ არ დაუშვან რეისში იმ მძღოლის გაშვება, რომელსაც სულ მცირე წელიწადში ერთხელ არ აქვს გავლილი სავალდებულო პერიოდული სამედიცინო შემოწმება;
არ დაუშვან რეისში იმ მძღოლის გაშვება, რომელსაც სულ მცირე 6 თვეში ერთხელ არ აქვს წარმოდგენილი ნასამართლეობის შესახებ ცნობა; არ მოემსახურონ იმ პირს, რომელსაც არ გააჩნია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია მასთან არსებულ ყველა გადამზიდველთან შეთანხმებული განრიგების შესახებ“, – წერია სახელმწიფო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მნიშვნელოვანი ვალდებულება ეკისრებათ მძღოლებსაც. პირველი ივნისიდან მათ აეკრძალებათ 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ პუნქტებს შორის მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებით. სახელმწიფო მიკროავტობუსების ჩანაცვლებას ავტობუსებით გეგმავს.
პირად საუბრებში, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების უმეტესობა, დაგეგმილი ცვლილებებით უკმაყოფილოა. მათი შეფასებით, სახელმწიფოს მიდგომა ბუნდოვანია, რადგან უცნობია, რა ალტერნატივას სთავაზობენ იმ მძღოლებს, ვისთვისაც მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შემოსავლის ერთადერთი წყაროა.
დღეისთვის, თბილისის მასშტაბით არსებული 24 ავტოსადგურიდან არც ერთს არ გააჩნია მგზავრთა ინფორმირების სათანადო სისტემა. ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეებისთვის უცნობია, სად ან რა დროს უნდა დაელოდონ სასურველი მიმართულებით მოძრავ ტრანსპორტს.
გარკვეულ ადგილებში საერთაშორისო, საქალაქთაშორისო და შიდასაქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთ სივრცეში მოძრაობს, რაც მგზავრებს დამატებით პრობლემებს უქმნის. მოქალაქეები უჩივიან ერთიანი საგადასახადო სისტემის არარსებობასაც.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ ამ მიმართულებით უფრო მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას და შეიმუშაოს ბილეთის შეძენის ერთიანი პლატფორმა, ინტეგრირებული საბანკო სისტემით. დღეისთვის მგზავრებს ბილეთის საფასურის გადახდა, კვლავ ნაღდი ფულით უწევთ – ან სალაროში, ან მძღოლთან.
ცვლილებების ინიციატივით აქამდე თბილისის მერიაც გამოდიოდა და ავტოსადგურებში არსებულ მდგომარეობას „კრიტიკულს“ უწოდებდა.
ექსპერტებს ელიან, რომ ქვეყნის მასშტაბით მოქმედი, კუსტარულად მოწყობილი არაერთი ავტოსადგური, სერტიფიცირების საჭიროების შემთხვევაში, 2025 წლის 1-ელი ივნისის შემდეგ გაუქმდება.
ჯერჯერობით ღია რჩება კითხვა მგზავრობის საფასურის თაობაზე. მძღოლები და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს, ერთი მხრივ, კერძო სექტორის ინვესტიციებზე, მეორე მხრივ კი, ავტოსადგურების მფლობელებისა თუ მძღოლებისთვის შეღავათების დაწესებაზეა დამოკიდებული.