მეცხრე დღეა, დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოს ათობით სოფელი ჩაკეტილია. მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. გურიის რეგიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლების სახურავები და დაინგრა რამდენიმე სახლი.
სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად ჩართული არიან თავდაცვის ძალებიც. გურიის რეგიონში სტიქიის დაწყებიდან დღემდე მუშაობენ მოხალისეები. ისინი მაღალი გამავლობის მანქანებითა და თოვლმავლებით ცდილობენ მოსახლეობისთვის საკვების, მედიკამენტებისა და პირველადი დახმარების ნივთების მიწოდებას. მოხალისეებმა დათოვლილი სახლებიდან გამოიყვანეს ის ადამიანებიც, რომლებსაც უსაფრთხო ტერიტორიაზე გადასვლა დაუყოვნებლივ ესაჭიროებოდათ.
სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი ვრცელდება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. მაგალითად, მოქალაქე ზურა კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ჩოხატაურის სოფელ საჭამიასერში მძიმე პაციენტია ჩარჩენილი და მასთან სასწრაფოდ წამლებია მისატანი. მოქალაქის თქმით, საკრებულოს მიერ გამოყოფილმა ტრაქტორებმა, სოფლის მხოლოდ ნაწილი გაწმინდეს, რის გამოც სახლამდე მისვლა, სავარაუდოდ, მხოლოდ სკუტერით ან სპეციალური თოვლმავლით არის შესაძლებელი.
„სერის საკრებულოში ვინც ხართ, 500 მეტრში მისული ტრაქტორი უკან რომ წამოიყვანეთ, ილოცეთ, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს ჩემთვის“, – წერს მოქალაქე ზურა კალანდაძე სოციალურ ქსელში.
„გურია ნიუსს“ კაპროვანიდან ერთ-ერთი მოქალაქე დაუკავშირდა და შველას ითხოვდა. როგორც ეს მოქალაქე, აკაკი მიქაძე, აცხადებს, კაპროვანში კატასტროფული მდგომარეობაა. სოფელს არც გაზი და არც ელექტროენერგია მიეწოდება. ელექტროსადენების წაქცეული ბოძები კი მიწაზეა დაყრილი.
„ადამიანს ასეთ დროს სჭირდება დახმარება, აბა, კარგ ამინდში სუფთა ჰაერიც დაგვამშვიდებს. დღეს კი ისღა დაგვრჩენია, მოვითმინოთ, გავუძლოთ, დაველოდოთ გამოდარებას”, – წერს აკაკი მიქაძე სოციალურ ქსელში.
როგორც გურიაში, ისე აჭარასა და იმერეთში ადგილობრივების დიდი ნაწილი ამბობდა, რომ არაერთი მიმართვისა და თხოვნის მიუხედავად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს არ ჰქონდათ დროული რეაგირება და ინტენსიურად არ წმენდდნენ გზებს. მოქალაქეები სწორედ ამას უკავშირებენ სოფლებისა და დაბების გარესამყაროსგან მოწყვეტას.