დიდთოვლობის გამო დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი სოფლები, განსაკუთრებით კი, გურიის რეგიონი ჩაკეტილია, რის გამოც მოსახლეობა გაზის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ზოგიერთ სოფელში თოვლის გამო სახურავები ჩამოინგრა, ზოგიერთ ადგილას თოვლის საფარი 2 მეტრს აღემატება. ბევრგან თოვლით დაფარული გზები წაქცეული ხეებით ჩაიკეტა, რაც სასწრაფო დახმარების მანქანებს გავლის საშუალებას არ აძლევს. მას შემდეგ, რაც დიდთოვლობა დაიწყო, სოციალურ ქსელში მუდმივად ითხოვენ დახმარებას.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საქართველოში დიდთოვლობის შედეგად შექმნილი მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც საია წერს, „გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევს დიდთოვლობასთან გამკლავება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალისხმევა და გატარებული ღონისძიებები სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით არ არის ეფექტიანი”.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად ეროვნული კანონისა და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისა, სახელმწიფო წლებია, ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინისტრირებას, რის შედეგადაც, ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან აცილება და ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა.
