გერმანიის მარშალის ფონდის ორმა ექსპერტმა „ევრონიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკის მოკავშირეების მიმართ ტრამპის აგრესიული რიტორიკა რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებს. ასეთ ვითარებაში ევროპისთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება სავაჭრო დეფიციტისა და ნედლეულის მიწოდების თაობაზე შეთანხმების მიღწევა სამხედრო დახმარების გაგრძელების სანაცვლოდ.
სულ რამდენიმე კვირაა, რაც თეთრ სახლში ახალი ადმინისტრაცია შევიდა და დონალდ ტრამპი უკვე ასრულებს თავის დანაპირებს, მიხედოს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურ სააგენტოებს და დაუწესოს ტარიფები მექსიკას, ჩინეთსა და კანადას,თუმცა ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ევროკავშირი უკვე ემზადება იმისთვის, რაც შეიძლება მოხდეს. „ევრონიუსი“ ესაუბრა ორ ექსპერტს, დევიდ სალვოს და რეიჩელ დინ უილსონის, რომლებიც გერმანიის მარშალის ფონდთან არსებული ორგანიზაციის „ალიანსი დემოკრატიის დაცვისთვის“ (Alliance for Securing Democracy) თანადირექტორები არიან. ისინი ამბობენ, რომ ის ნაბიჯები, რაც უკვე გადაიდგა, მხოლოდ დასავლეთის მტრების წისქვილზე ასხამს წყალს.
დევიდ სალვო რუსეთის პოლიტიკის ექსპერტია, რეიჩელ დინ უილსონი კი – ამერიკის შეერთებული შტატებისა.
შონა მიურეი, „ევრონიუსი: „რეიჩელ, შეიძლება რომ თქვენით დავიწყო და გკითხოთ ცოტა რამ ტარიფებზე? ბრიუსელში ევროკომისიამ მოლოდინის პოლიტიკა აირჩია. ახლა, რა თმა უნდა ემზადებიან იმისთვის, რომ სავარაუდოდ ტარიფები მართლა დაწესდება. რა იქნება თქვენი რეკომენდაცია? რას ურჩევდით ევროკავშირს ამ კუთხით და რა არის ტარიფების მიზანი, თქვენი აზრით?“
რეიჩელ დინ უილსონი, ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის საკითხებში: „დიახ, მოდით გადავხედოთ, რა ხდება ტარიფებთან დაკავშირებით, კარგით? ვნახოთ როგორ იწყება ვაჭრობა კანადასთან, მექსიკასთან და ჩინეთთან და როგორ მიუთითეს ევროპას, რომ იქნებ მოვილაპარაკოთო, ოღონდ მოლაპარაკება ამ კონტექსტში მთავარი სიტყვაა. ჩემი აზრით, თუკი რამ ვიცით დონალდ ტრამპის შესახებ, არის ის, რომ მას უყვარს გარიგებები. ასე რომ ტარიფების ირგვლივ დისკუსიის დაწყება ნიშნავს გარიგებასთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნას.“
შონა მიურეი, „ევრონიუსი: „თქვენი აზრით, მაინც რატომ უნდა დონალდ ტრამპს ტარიფების შემოღება, მაშინ როცა არსებობს საკმაოდ მტკიცე რწმენა იმისა, რომ ეს ამერიკასვე ავნებს ყველაზე მეტად?“
რეიჩელ დინ უილსონი, ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის საკითხებში: „ეს ინსტრუმენტი ძალიან უყვარს ტრამპს და ჩემი აზრით, ეს მისი გადმოსახედიდან არის რაღაც ძალიან ხელშესახები და მისთვის ადვილად ასახსნელი. ამიტომ უფრო ადვილია მისთვის მოლაპარაკებების ტაქტიკის დაწება ამ საკითხით. მე ვერ შევაფასებ ტარიფებს ეკონომიკური თვალსაზრისით, არ ვარ ეკონომისტი და ვერც შევძლებ ამას, რომც ვცადო. თუმცა მგონია, რომ ეს მესიჯების გაგზავნის ეფექტური საშუალებაა მისთვის.“
შონა მიურეი, „ევრონიუსი: „ისიც მესიჯია, როდესაც დონალდ ტრამპი ევროკავშირს ეუბნება, რომ აღარ ვართ ისეთი მოკავშირეები, როგორიც წარსულში ვიყავითო? რაც რეალურად ამ ორი მხარის განცალკევებას ნიშნავს.“
დევიდ სალვო, ექსპერტი რუსეთის პოლიტიკის საკითხებში: „მე ასე შორის არ წავიდოდი. ჩემი აზრით, ყველა ვხვდებით, რომ პრეზიდენტს გარკვეული შეხედულებები აქვს, თუ რას ნიშნავს ალიანსი. ეს ვნახეთ მისი პირველი ადმინისტრაციის დროს, როდესაც კოლექტიური თავდაცვის ცნებას შეეხო და თქვა, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა მეტი უნდა დახარჯონ საკუთარი ბიუჯეტიდან ნატოსა და თავდაცვაზე. არ ვფიქრობ, რომ ტარიფების საკითხი არის ნიშანი იმისა, რომ ტრამპს არ ადარდებს ალიანსი. ვიცი, რომ ევროპელები ამას სავარაუდოდ სწორედ ასე აღიქვამენ და მესმის, რომ ვერც იმას ვეტყვი, არ აღიქვან ეს პირად წყენად.“
შონა მიურეი, „ევრონიუსი: „ჩემი აზრით, ტარიფები აღარ არის ასეთი მნიშვნელოვანი, როდესაც საქმე ეგზისტენციალურ კრიზისს ეხება ევროპის კონტინენტზე. ვგულისხმობ ომს უკრაინაში, რუსეთის ჩარევებს და ა.შ. როგორ გგონიათ, რას ფიქრობს ტრამპი, როდესაც საქმე ეხება მოკავშირეების დაცვას, მათ მხარში ამოდგომას?“
დევიდ სალვო, ექსპერტი რუსეთის პოლიტიკის საკითხებში: „ჩემი აზრით, ტრამპს სურს, რომ ომი ხვალვე გაქრეს. მგონია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ხელს არ აძლევს უკრაინაში მიმდინარე ომი – წერტილი. ტრამპი იმასაც ფიქრობს, რომ ომი უკრაინაში უპირველეს ყოვლისა ევროპის პასუხისმგებლობაა. ეს არ ნიშნავს, რომ ამერიკა დაუყოვნებლივ მოიხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას უკრაინის მხარდაჭერის მიმართ. და თანაც არის მინიშნებები იმაზე, რომ კულუარებში მიმდინარეობს დისკუსია რუსეთთან, რათა ნახონ, რამდენად სერიოზულად არის განწყობილი რუსეთი მოლაპარაკებების მიმართ.“
შონა მიურეი, „ევრონიუსი: „ ჩემი აზრით, ეს მესიჯი ამ ეტაპზე უკვე კარგად გაიგონეს და აღიქვეს. მაგრამ თქვენი გადმოსახედიდან, ეს როგორ უნდა მოხდეს? იმის თქმა მინდა, რომ უამრავი ადამიანი ამბობს, რომ სხვა გზა არ არის გარდა იმისა, რომ უკრაინა გარკვეულწილად მაინც ოკუპირებული დარჩეს, განსაკუთრებით აღმოსავლეთით, ყირიმში და ა.შ. რომ იქ შესაძლოა მოხდეს ტერიტორიების გაყინვის მსგავსი რამ და შემდეგ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს მიეცეთ უსაფრთხოების გარანტიები. მაგრამ, თქვენი აზრით, რისი მიღება შეიძლება ამერიკას სურდეს ასეთ ვითარებაში? იმიტომ რომ უკვე მოვისმინეთ საუბარი ნედლეულის თაობაზე, თუ რისი მიწოდება შეუძლია უკრაინას ამერიკისთვის.“
დევიდ სალვო, ექსპერტი რუსეთის პოლიტიკის საკითხებში: „თქვენ თავად თქვით უკვე. არ მჯერა, რომ ადმინისტრაცია იმის იქით იყურებოდეს, თუ რისი მიცემა შეუძლია უკრაინას ამერიკელი ხალხისთვის ან ამერიკის ინტერესებისთვის. ტრამპმა რამდენჯერმე თქვა კიდეც, მაინც რატომ უნდა მადარდებდეს უკრაინა? ვის ადარდებს? ეს არ არის ჩვენს უშუალო ინტერესებშიო. მაგრამ სინამდვილეში არსებობს რეალური ეკონომიკური, ტექნოლოგიური და ყველა სხვა სახის ინტერესები, მაგალითად იმ ნედლეულის მიმართ, რომელიც უკრაინას აქვს და რომელზეც, სავარაუდოდ, პირველ რიგში ფიქრობს ადმინისტრაცია. ჩემი აზრით, ომი ძალიან ცუდია ბიზნესისა და ბევრი სხვა თვალსაზრისითაც. ამიტომ თუ გვინდა, რომ გვქონდეს ერთიანი თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა, რომელთან ვაჭრობაც მომგებიანია ორივე მხარისთვის, მაშინ, რასაკვირველია, ხელს არ მოგცემს, თუ ამ კონტინენტზე წლობით გაგრძელდება ომი.“
შონა მიურეი, „ევრონიუსი: „რეიჩელ, ადმინისტრაციამ უკვე უზარმაზარი საქმე გააკეთა. ჩემი აზრით, ხალხი გაოგნებულია იმით, რაც მოხდა გამოძიების ფედერალური ბიუროს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს, ხაზინის მიმართულებით და იმით, რომ ხალხის პერსონალური ინფორმაცია გადაეცა ადამიანებს, რომლებიც უკავშირდებიან ილონ მასკს, რომელიც არ არიან არჩეული საჯარო მოხელე. რას ნიშნავს ეს ყველაფერი მოქალაქეებისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის, პირადი მონაცემების უსაფრთხოებისთვის და ა.შ.?“
რეიჩელ დინ უილსონი, ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის საკითხებში: „ამაზე ჯერ კიდევ ვფიქრობთ, რას ნიშნავს ეს. თუმცა ამოსავალი წერტილი ის არის, რომ ილონ მასკს სპეციალური სტატუსი აქვს. და მას შეუძლია, ცოტათი მთავრობის მიღმაც იმუშაოს ისე, რომ თან მთავრობასთან დარჩეს ასოცირებული. ჩემი აზრით, ის უკვე მიუახლოვდა ზოგიერთ ზღვარს ან გადაკვეთა კიდეც. სხვადასხვა ფედერალური სამსახურის თანამშრომლები განიხილავენ სარჩელის აღძვრას ზოგიერთ ქმედებასთან დაკავშირებით. და ერთ-ერთი ძალიან საინტერესო საკითხი ამ პერიოდთან მიმართებით ისიც არის, რომ ის კითხვები, რომლებიც ჩნდება, სასამართლოში გადაინაცვლებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტი – ეს გარე დეპარტამენტი, რომელსაც მასკი ხელმძღვანელობს, როგორც ვხედავთ ეყრდნობა ტრამპის ადმინისტრაციის შიგნით მიღებულ აღმასრულებელ ზომებსა და ბრძანებულებებს, რაც აღმასრულებელი ხელისუფლების ზღვარზე გადის.“
შონა მიურეი, „ევრონიუსი: „რეიჩელ, მინდა გკითხოთ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოზეც (იუესეიდზეცUSAID). ილონ მასკმა თქვა, რომ სახერხ დანადგარში გაატარებს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა მსოფლიოში ამერიკისთვის, რადგან ის ეხმარება ისეთ ხალხს, ვისაც აწუხებს სიღარიბე, ვისაც თავს დაატყდა ომი, სტიქიური უბედურება, მიწისძვრა თუ გლობალური დათბობით გამოწვეული პრობლემები. მას კი ამ ყველაფრის დასრულება უნდა.
რეიჩელ დინ უილსონი, ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის საკითხებში: „დიახ, ეს ნამდვილად კარგი კითხვაა. ეს იმას ჰგავს, რომ ჩაქუჩი გამოიყენო იმ დროს, როცა საჭრეთელიც საკმარისია. ნამდვილად არსებობს იმის განცდა, რომ ფედერალურ მთავრობაში ყველაფერი რიგზე არ არის. ჩემი აზრით, ეს სიმართლეა. მგონია, რომ ნებისმიერ სააგენტოდან შეიძლება ამოიღო პროგრამები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს და რომლებზეც არ უნდა იხარჯებოდეს გადასახადების გადამხდელთა ფული. მაგალითად ჩემს ძველ სამსახურში უნდა მოგვემზადებინა ანგარიშები ე.წ. „ხაზინის წურბელა“ პროექტების ხარჯებზე. უნდა შეგვესწავლა ყოვლად სულელური პროექტები, რომელთაც ფედერალური მთავრობა აფინანსებდა. ასე რომ, ეს უკვე დიდი ხანია იქცა ზოგადად მთავრობის გვერდით მოვლენად. ამიტომ ჩემი აზრით, ნამდვილად გონივრულია, რომ შეკვეცო ასეთი ტიპის სამთავრობო სააგენტოები. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ მთლიანად შეაჩერეს იუ-ეს-ეიდის USAID პროგრამები ყველგან, როგორც თქვენ თქვით, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები მთელი მსოფლიოსთვის.“
შონა მიურეი, „ევრონიუსი: „მაგრამ ილონ მასკი, ყველაზე მდიდარი კაცი მსოფლიოში, სახსრებს ართმევს ყველაზე ღარიბ ხალხს მსოფლიოში, ხალხს, რომელიც შიმშილობს, უსახლკაროა, გაჭირვებულია, იქნება ეს კლიმატის ცვლილების, სტიქიური უბედურებისა თუ ომის გამო. ფულს პარავს ამ ხალხს და ლუკმას აცლის პირიდან.“
რეიჩელ დინ უილსონი, ექსპერტი ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის საკითხებში: „გასაგებია, მე არ ვიცი ეს, ვერ ვილაპარაკებ ილონ მასკის სახელით, მაგრამ ვიცი, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რამ არის, რასაც ტრამპი აკეთებს ზოგადად. რაც უფრო ღრმად წახვალ ნებისმიერი ამ პოლიტიკური მიმართულებით, უფრო მეტ წინააღმდეგობას წააწყდები. თუმცა ზოგადად, ძალიან პოპულარულია, რომ შეკვეცო ამერიკის მთავრობის ზომა.“
დევიდ სალვო, ექსპერტი რუსეთის პოლიტიკის საკითხებში: „ზნეობრივი თვალსაზრისით სამწუხარო ის არის, რომ ეს ის ჰუმანიტარული პროგრამებია, რომელთაც ამდენი ხნის მანძილზე უჭერდა მხარს ორივე პარტია და ამერიკის შეერთებული შტატები. ჩემი აზრით, ამერიკის მოქალაქეების უმეტესობა, თუკი აუხსნიდი, რომ ამერიკის ფედერალური ბიუჯეტის ძალიან მცირე ნაწილი მიდის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსითა და შიდსით (შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი) დაავადებულთა დასახმარებლად აფრიკაში ან სურსათისა და სასმელი წყლის მიწოდებაზე კონფლიქტის ზონებში, არ მგონია, რომ ვინმე წინააღმდეგი ყოფილიყო. ამას ძალიან დიდი ხნის მანძილზე უჭერდნენ მხარს რესპუბლიკელები და დემოკრატები კონგრესში, არა? ორივე მხარის ადმინისტრაცია. ასე რომ, მორალური თვალსაზრისით, ეს ნამდვილად საშინელებაა. რაც შეეხება პრაგმატულ მხარეს, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ამერიკა უარს ამბობს მსოფლიო ლიდერობაზე. ასე რომ, თუკი ტრამპის ადმინისტრაციის ხედვა არის მშვიდობის დამყარება, ამ მშვიდობამდე ძალის დემონსტრირებით უნდა მივიდეთ, და არა ასე. ახლა რასაც ვაკეთებთ, არის ხალხის მომდურება. კარს ვუღებთ ამერიკის მოწინააღმდეგეს, რომ შეავსონ მის მიერ დატოვებული ლიდერის ვაკუუმი მსოფლიოში, ლათინურ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა თუ აფრიკაში. ჩინეთი და რუსეთი დარჩებიან საბოლოოდ ყველაზე მოგებული ამ პოლიტიკით, და არა ამერიკელი ხალხი.“
შონა მიურეი, „ევრონიუსი: „რაც შეეხება რუსეთს, რაკი თქვენ რუსეთის ექსპერტი ხართ. ცენტრალური დაზვერვის სააგენტოსა და ფედერალური გამოძიების ბიუროდან ხალხის გაშვება, მათი როლის ერთგვარი დაკნინება და მათი სხვადასხვა გზით დამცირება, რასაც ტრამპის ადმინისტრაცია აკეთებს, ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მთავრობაშია, მაგრამ ისინი მაინც თავს ესხმიან მთავრობასა და მთავრობის სააგენტოებს. მაგრამ რა შედეგი მოჰყვება ამ ყველაფერს ამერიკის უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთთან მიმართებით, რომელიც ისედაც ერეოდა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მთელი ევროპისა და მსოფლიოს საქმეში?“
დევიდ სალვო, ექსპერტი რუსეთის პოლიტიკის საკითხებში: „ ამერიკის ინსტიტუტების ასეთი დესტაბილიზაცია და ქაოსი, არის ზუსტად ის, რაც რუსეთს უნდა და რასაც ისინი გამოიყენებენ, რათა უფრო გააღრმაონ უთანხმოება, პოლარიზაცია და თავს დაესხან ამერიკის ხელისუფლებას. ეს მხოლოდ ვლადიმერ პუტინსა და სი ძინპინს აძლევს ხელს. სწორედ ეს უნდა ორივეს. მათ სურთ დემოკრატიის დესტაბილიზაცია, დასუსტებული, შიდა არეულობაში ჩაფლული ამერიკა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში ჩვენ აღარ გვეცლება გლობალური პასუხისმგებლობისთვის. და რუსეთი და ჩინეთი იპარპაშებენ.“
შონა მიურეი, „ევრონიუსი: „ დევიდ, ბოლო კითხვა მინდა თქვენ დაგისვათ. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ვლადიმერ პუტინს, სავარაუდოდ, ძალიან უხარია, რასაც დონალდ ტრამპი აკეთებს ამერიკაში, რომ უკან იხევს და უფრო იზოლაციონისტურია გარკვეულწილად. თუმცა ევროკავშირსა და ამერიკას შორის ურთიერთობის გამოც ხარობს ალბათ, რადგან არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ის, რომ დასავლეთში ახლა ქიშპია.
დევიდ სალვო, ექსპერტი რუსეთის პოლიტიკის საკითხებში: „მართალს ბრძანებთ. იმას ვგულისხმობ, რომ თუ ალიანსი გაიხლიჩება, ეს რუსეთს მისცემს ხელს. ვლადიმერ პუტინს სურს ალიანსის გაყოფა, რადგან ეს კარს გაუღებს რუსეთს, ის ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც პუტინის მსგავსად აზროვნებენ, იფიქრებენ, რომ რაკი ვერ ვეწყობით ამერიკას, ხომ არ ჯობია ისევ აღმოსავლეთით შევტრიალდეთ? ხომ არ ჯობია ისევ დავიბრუნოთ რუსული ენერგორესურსები? ხომ არ ჯობია მოვუხსნათ რუსეთს სანქციები და უფრო ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობები დავამყაროთ? ვეღარ ვენდობით ამერიკას. ზუსტად ეს უნდა ვლადიმერ პუტინს.“
შონა მიურეი, „ევრონიუსი: „გასაგებია. დევიდ სალვო და რეიჩელ დინ უილსონი გერმანიის მარშალის ფონდიდან იყვნენ ჩვენი სტუმრები. დიდი მადლობა, რომ მობრძანდით ევროპულ საუბრებში.“
ავტორი: შონა მიურეი