მთავარისაქართველო„ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე“ - ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები 15...

„ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე“ – ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები 15 თებერვლის აქციაზე

ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლებმა, მათ შორის მწერლებმა, პოეტებმა, მთარგმნელებმა, გამომცემლებმა და რედაქტორებმა 15 თებერვალს თბილისში, ევროპის მოედანზე, დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

მათი შეფასებით, დღეს საქართველოში მწვავე პოლიტიკური კრიზისია, ხოლო „ქართული ოცნება“, როგორც ისინი ამბობენ, რეპრესიული კანონმდებლობით ცდილობს, ჩაახშოს საზოგადოების ხმა.

„ყველას გაცნობიერებული გვაქვს, რა მდგომარეობაა. პრაქტიკულად, არ დარჩა ქვეყანაში ერთი წესიერი ადამიანიც კი, რომელიც ან დაჯარიმებული, ან დაჭერილი, ან ნაბეგვი, ან ნაწამები არ იყოს, ან გაშავებული არ იყოს სამთავრობო ტელევიზიების მიერ.

ქვეყანაში არის სერიოზული კრიზისი. რაც მთავარია, ოფიციალურად უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ გაუქმებულია შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იმიტომ, რომ როდესაც რუსთაველის პროსპექტზე ნებისმიერი გავლისას 5 000 ლარით ჯარიმდება ადამიანი, პრაქტიკულად, აუტანელ პირობას უქმნი ადამიანებს და აუქმებ შეკრების თავისუფლებას. დიქტატურა ამაზე მეტი სხვა არაფერია.

ბუნებრივია, ამაზე უარესი რაღაცები იყო ქვეყანაში ნაწამები და დასახიჩრებული ადამიანების ჩათვლით. ამიტომაც, ხვალ არის დიდი შეკრება, ვიკრიბებით ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისთვის, რომ სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტვრიოთ – სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა. არ უნდა გავჩერდეთ. თუკი ჩვენ გავჩერდებით, გაჩერდება ქვეყანა. ერთადერთი გამოსავალია, არ გავჩერდეთ, ვიაროთ“, – თქვა პოეტმა, პაატა შამუგიამ.

ლიტერატურის სფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ამ მოცემულობაში ქუჩის პროტესტი მნიშვნელოვანია, რათა აქციებისას დაკავებულთა ინტერესები დაიცვან და საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ, რომ ქართველი ხალხი დიქტატურას არ შეეგუება.

15 თებერვალს მოქალაქეები თბილისში, ევროპის მოედანზე, შეიკრიბებიან და საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირამდე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან მივლენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend