სირიას ახალი მთავრობა პირველი მარტიდან ეყოლება. პარიზში გამართულ კონფერენციაზე ბევრმა დასავლურმა და არაბულმა ქვეყანამ პირობა დადო, რომ დაეხმარებიან სირიას აღდგენაში.
საფრანგეთის მთავრობის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს სირიის პოლიტიკურ ტრანსფორმაციას.
ბაშარ ალ-ასადის მთავრობის ჩამოშლის შემდეგ პარიზის კონფერენცია მესამეა იორდანიასა და საუდის არაბეთში გამართული შეხვედრების შემდეგ.
სირიის აღდგენის დეკლარაციას ხელი მოაწერეს სირიამ, თურქეთმა, ლიბანმა, ევროპის ქვეყნებმა, რომელთა შორის არიან საფრანგეთი, გერმანია, იტალია, საბერძნეთი, ასევე G7-ის წევრებმა – კანადამ და იაპონიამ.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს წარმომადგენელი დაესწრო კონფერენციას, მან დეკლარაციას ხელი არ მოაწერა.
მაკრონისთვის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტული საკითხია.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ ასევე დაადასტურა, რომ ევროკავშირი მუშაობს ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მიღებული სანქციების სწრაფად მოხსნაზე.
„ეს სანქციები ვეღარ იქნება დაბრკოლება სირიის აღდგენის პროცესში – განაცხადა საფრანგეთის საგარეო მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მხარს დაუჭერენ სირიის ახალ მთავრობას ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა ქვეყანამ თავიდან აიცილოს ტერორისტული ორგანიზაციების აღორძინება სირიის მიწაზე“.
სირიის დროებით მთავრობას ახლა ხელმძღვანელობს აჰმედ ალ-შარა, რომელიც დაკავშირებული იყო ტერორისტულ ორგანიზაცია ალ-ყაიდასთან.
ალ-შარა ცდილობდა, დაემშვიდებინა საერთაშორისო საზოგადოება იმით, რომ მან გაწყვიტა კავშირი ჯიჰადისტებთან.
საერთაშორისო დონორებმა გადაწყვიტეს, შექმნან სამუშაო ჯგუფი გაეროს ეგიდით, რათა კოორდინაცია გაუწიონ სირიისთვის დახმარების ღონისძიებებს. საფრანგეთი 2025 წელს სირიის ახალ ხელისუფლებას დახმარების სახით 50 მილიონი ევროს დაჰპირდა.