გერმანიაში მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია დაიწყო.
დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებისა და გერმანიაში არჩევნების მოახლოების ფონზე წლევანდელ კონფერენციაზე მსოფლიოს პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები – გლობალურ მმართველობაზე, ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებსა და მსოფლიოში ევროპის ადგილზე იმსჯელებენ.
14 თებერვლის სესიის დღის წესრიგის მთავარი თემა რუსეთსა და უკრაინას შორის თითქმის სამწლიანი სრულმასშტაბიანი ომის დასრულების გზებია.
კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი პოზიცია უკომპრომისო რჩება და აშშ-ის როლი სამშვიდობო მოლაპარაკებებში ნეიტრალური არ იქნება.
„ბევრი მოსაზრება ისმის, განსხვავებული ხმები. ზოგიერთი მათგანი პატივსაცემია, ზოგიერთი არც ისე. ვფიქრობ, ეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ვფიქრობ, აშშ-ს ნებისმიერი ბოროტების დამარცხება შეუძლია და ამ შემთხვევაში ისინი აუცილებლად ჩვენ გვერდით იქნებიან, რადგან რუსეთი ჩვენ დაგვესხა თავს და დაიკავა ჩვენი ტერიტორიები. ასე რომ, ჩვენ მართლები ვართ, რუსეთი კი არა. აქ არანაირი კომპრომისის ადგილი არ არის. კომპრომისების შესახებ არ გვისაუბრია“, – განმარტავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
მიუნხენში ამერიკულ დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. მოსალოდნელია, რომ კონფერენციის ფარგლებში იგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ბევრი მოელის, რომ საუბარი ნათელს მოჰფენს ამერიკის 47-ე პრეზიდენტის გეგმებს ომის დასრულებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინთან რამდენიმე დღის წინ გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
თუმცა სიტყვით გამოსვლისას ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ევროპის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა არა რაიმე გარე ძალისგან, არამედ მის შიგნიდან მომდინარეობს.
„მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებულია ევროპული უსაფრთხოებით და თვლის, რომ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ გონივრულ შეთანხმებას რუსეთ-უკრაინის ომში, გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია, უახლოეს წლებში ევროპამ დიდი ნაბიჯი გადადგას საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით… საფრთხე, რომელიც ყველაზე მეტად მაწუხებს ევროპის კონტექსტში, არის არა რუსეთი, ჩინეთი ან სხვა გარე აქტორი – არამედ საფრთხე შიგნიდან. ევროპა უკან იხევს ფუნდამენტური ღირებულებებიდან, რომლებიც მას ამერიკასთან აკავშირებს. ყველაფერი – უკრაინის პოლიტიკიდან დაწყებული, ციფრული ცენზურით დამთავრებული, აგებულია დემოკრატიის დაცვის პრინციპით. როდესაც ვხედავთ, რომ ევროპული სასამართლოები აუქმებენ არჩევნების შედეგებს და მაღალი თანამდებობის პირები სხვა არჩევნების შედეგების გაუქმებით იმუქრებიან… უნდა ვკითხოთ საკუთარ თავებს, ვიცავთ თუ არა სათანადოდ მაღალ სტანდარტებს. უნდა გავაკეთოთ მეტი, ვიდრე დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარია, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ დემოკრატიული ღირებულებებით“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ექსპერტების თქმით, ვლადიმერ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრით, რომელიც თავად ტრამპმა „უაღრესად პროდუქტიულად“ დაახასიათა, აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი დასავლურ პროცედურულ წესებს გვერდს უვლის და თავს რუსეთისა და უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ერთადერთ შუამავლად აცხადებს.
თუმცა პასუხად შეკითხვაზე, იქნება თუ არა ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან, ურსულა ფონ დერ ლაინმა განაცხადა, რომ აუცილებლად იქნება.
„ამ ოთახში ყველას გვესმის, თუ რა დევს სასწორზე. ისტორიულად დიდი გამოწვევები გველის. ბოლო დღეების განმავლობაში ბევრი საუბარი გაიმართა, თუმცა ყოველთვის გამოსადეგია იმაზე ფიქრი, თუ რა დგას სიტყვებს მიღმა. ვაღიაროთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. შევადაროთ ერთმანეთს პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის პოზიციები. პრეზიდენტი ზელენსკი უაღრესად მძიმე ვითარების გათვალისწინებით აცხადებს, რომ მზადაა, იმუშაოს მშვიდობისთვის, რომელიც პატივს მიაგებს მისი ქვეყნის მიერ გაღებულ მსხვერპლსა და დაცემულ თანამემამულეებს. ზელენსკი თავიდანვე ამბობდა, რომ უკრაინას მშვიდობა ყველაზე მეტად სურს – სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა, რათა ბოლო სამი წლის განმავლობაში ნანახი სისასტიკე აღარასოდეს განმეორდეს. მეორე მხრივ, პუტინი ამბობს, რომ მზად არის შესახვედრად, მაგრამ რა პირობებით? მან უნდა აჩვენოს, რომ მისი ინტერესი ომის გახანგრძლივება არ არის. აჩვენოს, რომ უარის თქვა უკრაინის განადგურების ამბიციაზე. ნება მომეცით, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, დამარცხებული უკრაინა დაასუსტებს ევროპას, მაგრამ იგი დაასუსტებს აშშ-საც“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
მიუნხენის კონფერენციაზე იმყოფება საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.
იგი შეხვდა ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორ კეტრინ დე ბოლს და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები განიხილა. მათ ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის მიერ ბოლო პერიოდში მიღებული კანონების შესახებ და აღნიშნეს, რომ ვითარება საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან ევროპოლის ტრადიციულ თანამშრომლობას.
იგი ასევე მიიღებს მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში – „საქართველო ყურადღების ცენტრში”, სადაც დამსწრეების შეკითხვებს უპასუხებს და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს განიხილავს.