მთავარისაქართველოევროპარლამენტმა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა 13 თებერვალს, ,,საქართველოში პოლიტიკური ვითარების შემდგომი გაუარესების შესახებ“ რეზოლუცია მიიღო. პროექტს მხარი 400-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი 63-მა მისცა.

დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი ამიერიდან არ აღიარებს 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მმართველი პარტიის ,,ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, ისევე როგორც ახლადდანიშნულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს; და მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას შეუერთდეს საქართველოს მმართველი ელიტის ბოიკოტს.

ევროპარლამენტარები განაგრძობენ სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ცნობას და მოუწოდებენ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოსტას, მიიწვიოს იგი ქვეყნის წარმომადგენლად ევროპული საბჭოსა და ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მომავალ შეხვედრებზე.

საქართველოს შესახებ მიღებულ მეექვსე რეზოლუციაში გაზრდილია იმ პირების სიაც, რომლებისთვისაც სანქციების დაწესებაც მოითხოვს ევროპარლამენტი.

,,სადავო არჩევნების შემდეგ, რომელმაც საქართველო პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში ჩააგდო, ქვეყანაში მასობრივი, მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები დაიწყო. ამას მოჰყვა ძალადობრივი და რეპრესიული დარბევა პოლიციისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. შედეგად, ევროპარლამენტარებს სურთ, რომ საბჭომ და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა დაუწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე. მათ შორის არიან გამოჩენილი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ასევე, პოლიტიკურად მოტივირებული მოსამართლეები და დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედიის წარმომადგენლები“, – ვკითხულობთ რეზოლუციის მიღების შემდეგ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

სანქციების სიის გაფართოებასთან დაკავშირებით ისაუბრა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ.

„რაც შეეხება სანქციებს, წინა რეზოლუციასთან შედარებით სია გავაფართოვეთ. დავამატეთ ბიძინა ივანიშვილის ახლო წრეში მყოფი პირები. რეზოლუციაში ბევრი მათგანის სახელითაა მოხსენიებული. ევროკავშირის და ევროპული საბჭოს დონეზე სანქციების დაწესებას სლოვაკეთი და უნგრეთი არ უჭერენ მხარს… იყენებენ ვეტოს უფლებას. ამიტომ ვთხოვთ, დანარჩენ 25 წევრ სახელმწიფოს, რომ სანქციები ამ პირებს თავად დაუწესონ.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკით მოგებული მხოლოდ კრემლი რჩება. მისი და პუტინის ინტერესები ერთია“, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.

რეზოლუციაში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი – ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დაგეგმვაა, რომელიც ევროპარლამენტის წევრების თქმით მომდევნო რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს. ამჯერად, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით.

„საქართველოს პარლამენტში არჩეული 49 დეპუტატის მანდატი გაუქმებულია. ასე რომ, რა თქმა უნდა, უნდა გაიმართოს ახალი არჩევნები. მე არ ვცნობ ამ პარლამენტის ლეგიტიმურობას. თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება მინიმალური წინაპირობაა. ვიცი, ამ მოსაზრებას ალბათ არ იზიარებენ ,,ქართულ ოცნებაში“, თუმცა მათ არა პარტიის ელიტის ინტერესებზე, არამედ ხალხზე უნდა იზრუნონ“, – ამბობს ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრვიჩიუსი.

მმართველი გუნდის გამოხმაურება კრიტიკულია.

ჯერ კიდევ რეზოლუციის მიღებამდე, ირაკლი კობახიძემ დოკუმენტი „მორიგ არასერიოზულ პროექტად“ შეაფასა.

ახლა კი, ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მათი აზრით, ევროპარლამენტის სერიოზულად აღქმა დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ რეზოლუციას ფასი არ აქვს და მისი მიღება ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმის ტოლფასია.

თუმცა, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ის, რასაც ,,ქართული ოცნება“ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას უწოდებს, პარტიის და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ძალაუფლების არაკონსტიტუციური უზურპაციის შედეგია.

ევროპარლამენტარების თანახმად, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება სისტემატურად ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძირს უთხრის სასამართლოს დამოუკიდებლობას, ფუნდამენტურ თავისუფლებებს და კანონის უზენაესობას, რითაც აღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისს;

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend