პარტია „გახარია – საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრა.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის ფარგლებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, სადაც ის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრებს.
„ასევე, გახარიას ექნება პირისპირ, ორმხრივი შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან, ამერიკულ და ევროპულ წამყვან ანალიტიკურ ორგანიზაციებთან.
გიორგი გახარიას მთავარი გზავნილები საქართველოს პარტნიორებთან, უპირველეს ყოვლისა, შეეხება უკანონო პოლიტიკური პატიმრების დროულად გათავისუფლების მოთხოვნასა და საქართველოს დროულ დაბრუნებას ნორმალური დემოკრატიული განვითარების გზაზე, რაც მხოლოდ და მხოლოდ შეცვლილ საარჩევნო გარემოში ახალი არჩევნების გზითაა შესაძლებელი“, – წერია პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ასევე ცნობილია, რომ ამავე კონფერენციაზე მიწვეულია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.