საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოპტიმისტურად არის განწყობილი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მიმართ და იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს აღდგება საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის დროს შეჩერდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა ევრონიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოში მოვლენები დრამატულად ვითარდება, ეს კი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები მოიგო, ამ დროს კი მას არჩევნების უსამართლოდ ჩატარებაში სდებდნენ ბრალს. „ევრონიუსი“ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, რათა გაერკვია, რჩება თუ არა საქართველო ევროპულ გზაზე, როგორია მისი ურთიერთობა რუსეთთან და რას ელოდება მომავალში იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია უკვე იწყებს მოქმედებას ამ რეგიონში.
ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუსი: “ბატონო პრემიერო, არჩევნებამდე თქვენ ევრონიუსს განუცხადეთ, რომ გსურდათ, საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც თბილისსა და ბრიუსელს შორის მოხდა, ბრიუსელმა რომ ხვალ მოგიხმოთ, წახვალთ თუ არა სასაუბროდ და ისევ აღადგენთ თუ არა მოლაპარაკებებს?“
ირაკლი კობახიძე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ დიდი მადლობა, რომ ინტერესს იჩენთ ჩვენ მიმართ. სასიამოვნოა, რომ ისევ შევხვდით და მომეცა საუბრის საშუალება თქვენთან და თქვენს აუდიტორიასთან. დიახ, ძალიან მკაცრად გვაქვს გაწერილი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი და ეს არის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა. ჩვენ ევროპული ბიუროკრატიის მნიშვნელოვანი დაბრკოლების წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ მაინც ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და მიგვაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წელს. ეს არის ჩვენი საშუალოვადიანი მიზანი და, შესაბამისად, მტკიცე ნაბიჯებით მივიწევთ ამ მიზნისკენ. და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო მიდგომა იქნება მომავალ წლებში. ასე რომ, ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა წინ ვიაროთ ჩვენს ევროპულ გზაზე.“
ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუსი: „ევროკავშირთან ურთიერთობა კრიზისში ხომ არ შევიდა, რადგან ეს ასე გაფიქრებთ?“
ირაკლი კობახიძე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „დიახ. ურთიერთობის დღევანდელი მდგომარეობა არ არის ჩვენთვის მისაღები. ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ევროკავშირთან ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდეს, რაც ასე არ არის ახლა. მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არ არის საქართველოს (მიერ წარმოებული) პოლიტიკის ბრალი. ეს არის ევროპული ბიუროკრატიის, საქართველოს მიმართ გატარებული პოლიტიკური კურსის ბრალი. ამიტომ თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი უკეთესად იქნება.“
ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუსი: „თქვენი სტრატეგიის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რამდენად მყარად ადგას საქართველო პროევროპულ გზას? თუ ეს არ გულისხმობს დაუყოვნებლივ მოქმედებას, მაშინ როგორია თქვენი გზა ახლო მომავალში?“
ირაკლი კობახიძე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვრჩებით ევროპული ინტეგრაციის ერთგული. მზად ვართ, რომ ბეჯითად შევასრულოთ ასოცირების დღის წესრიგის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები. ეს ძალიან მკაფიო დღის წესრიგია და მოთმინებით დაველოდებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა გამოვიჩინოთ მოთმინება, მაგრამ, ამავდროულად, ბეჯითად შევასრულებთ ყველა ვალდებულებას, რომლებიც ჩვენი ევროპული ინტეგრაციის დაჩქარებას ემსახურება.“
ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუსი: „როგორ აპირებთ ქართველ ხალხთან საუბარს? თქვენი აზრით, არჩევნები საკმარისი პირობა იყო? ხომ არ აპირებთ რეფერენდუმის ჩატარებას ახლო მომავალში?“
ირაკლი კობახიძე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ჩვენ ყველა მოქალაქის მთავრობა ვართ. ჩვენ მხარი დაგვიჭირა 54-მა პროცენტმა, თუმცა ქართველების დაახლოებით 38-მა პროცენტმა ხმა მისცა რადიკალურ ოპოზიციას. დანარჩენების ინტერესებზეც უნდა ვიზრუნოთ – ჩვენი ერთ-ერთი პასუხისმგებლობა ესეცაა.“
ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუსი: „როგორია თქვენი ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან? ხომ არ გეგმავთ რუსეთის საელჩოს ისევ გახსნას თბილისში?“
ირაკლი კობახიძე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და მათი აღდგენის არავითარი საშუალება არ არსებობს, რადგან ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი ოკუპირებული აქვს. მან ცნო ე.წ. დამოუკიდებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების. თუმცა ჩვენ პრაგამტულ პოლიტიკურ კურსს ვადგავართ და სწორედ ეს არის მთავარი რუსეთის მიმართ წარმოებულ პოლიტიკაში. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან და სწორედ ასე ვაპირებთ გაგრძელებას, პრაგმატული პოლიტიკური კურსის გატარებას რუსეთის ფედერაციის მიმართ. ეს არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება.“
ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუსი: „საქართველოს დაახლოებით 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. აპირებს საქართველო ამ ტერიტორიების უკან დაბრუნებას?“
ირაკლი კობახიძე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ქვეყნისთვის, ხალხისთვის ეროვნული მნიშვნელობის მქონე საკითხი. ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება და, რასაკვირველია, უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები ამ კუთხით. მაგრამ ჩვენი რეგიონი მშვიდობისმოყვარეა. არაერთხელ განვაცხადეთ, რომ მშვიდობიანის გარდა სხვა გამოსავალი სრულიად მიუღებელია ამ შემთხვევაში და მხოლოდ მშვიდობიანად გვსურს, აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. ამას ალტერნატივა არ აქვს. იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ გარემოში ეს რეალურად მოხდება. ვნახოთ.“
ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუსი: „საქართველოში წლების განმავლობაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას 14 ათასი ადამიანი შეეწირა. ასე რომ, ქართველებს სხვებზე უკეთ ესმით ეს გარემოება. რას ფიქრობთ, როგორც ომით დაზარალებული ქვეყანა, თუ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას დააპირებენ, ვის მხარეს იქნებით?“
ირაკლი კობახიძე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ჩვენ უამრავი ტკივილი გავიარეთ 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული და სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც ასე თავგამოდებით ვიბრძოდით, რათა თავიდან აგვეცილებინა კიდევ ერთი ომი საქართველოში. ეს არ იყო ადვილი, რომ არ ვქცეულიყავით მეორე ფრონტად, რადგან ძალიან დიდი იყო ინტერესი ამის მიმართ და იყო თხოვნაც ამ კუთხით. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო, რათა აგვერიდებინა კიდევ ერთი ომი საქართველოში. რაც შეეხება უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებას, ამას ალტერნატივა არ აქვს. 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული მუდმივად ვამბობდით, რომ ცეცხლის შეწყვეტას არ აქვს ალტერნატივა. ხალხი იხოცება. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოება სრულად უნდა იყოს კონცენტრირებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა და მშვიდობის მხარდაჭერაზე. სწორედ ეს არის მთელ რეგიონსა და მსოფლიოში ვითარების გაუმჯობესების გასაღები.“
ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუსი: „რამდენად გესახებათ საქართველოს როგორც დასავლეთის უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ სისტემაში სრულად ჩართული ქვეყნის მომავალი, თუნდაც ეს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესებას ნიშნავდეს?“
ირაკლი კობახიძე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „საგარეო პოლიტიკაში საკმაოდ მკაფიო მიზნები გვაქვს ინტეგრაციის თვალსაზრისით. ეს არ დგას დღის წესრიგში ამჟამად დასავლეთის ქვეყნების გადაწყვეტილებებისა და მიდგომების, ზოგადი კონტექსტის გამო ჩვენთან მიმართებით. მაგრამ ევროპული ინტეგრაცია ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. რა თქმა უნდა, თითოეული ნაბიჯის გადადგმის დროს მხედველობაში უნდა მივიღოთ მისი გვერდითი ეფექტები. მაგალითად, მოგვიწია ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, რათა არ დაგვეწესებინა სანქციები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რასაც გვთხოვდნენ დახურულ კარს მიღმა და ზოგჯერ – საჯაროდაც – დასავლეთიდან. ჩვენ საკუთარი ეროვნული ინტერესები უნდა დაგვეცვა. მარტივად გავთვალეთ, რომ სანქციების შემოღება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უზარმაზარ პრობლემებს შეუქმნიდა საქართველოს ეკონომიკას. პირველივე წელს ეკონომიკის ვარდნა დაახლოებით 10 პროცენტი იქნებოდა და პესიმისტური სცენარის მიხედვით, შესაძლოა 18%-საც მიეღწია. ყოველთვის გაწონასწორებული გადაწყვეტილება უნდა მიიღო. თუმცა მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში შეგვიძლია გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი ისე, რომ მსხვერპლად არ შევწიროთ ჩვენი არსებითი ეროვნული ინტერესები.“
ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუსი: „ადრე თქვენ ახსენეთ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. მას ევოლუცია მოაქვს რეგიონში. თქვენ რაზე გაამახვილებთ ყურადღებას? უკვე ესაუბრეთ ტრამპს?“
ირაკლი კობახიძე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ჯერ არა. მაგრამ ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. და ქართველი ხალხსაც იმედი აქვს, როდესაც უსმენს ბოლო განცხადებებს, მათ შორის, მაგალითად, ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტოსთან (USAID) დაკავშირებით. ამ პრობლემაზე 2021 წლიდან ვსაუბრობთ. ჩვენ საქართველოში შემოვიტანეთ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ძალიან მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის საელჩომ წინა ადმინისტრაციის დროს. ეს კანონი მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება, რომ წელიწადში ერთხელ არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინონ ფინანსური დეკლარაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. და ამერიკის წინა ადმინისტრაციის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს შავი დღე გაუთენდა. ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი მესიჯები ემთხვევა ახალი ადმინისტრაციის მესიჯებს. და რა თქმა უნდა, მოვლენების ასეთი განვითარების გამო ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ შევძლებთ პარტნიორობის აღდგენას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იცით, რომ წინა ადმინისტრაციამ შეაჩერა სტარტეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ საქართველო მზადაა, აღადგინოს სტრატეგიული ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან.“
ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუსი: „როგორია საქართველოს სტრატეგიული როლი, რომელსაც საქართველო, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, თამაშობს აზიასა და ევროპას შორის? რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფუნქცია?“
ირაკლი კობახიძე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „ისტორიულად საქართველო ყოველთვის აკავშირებდა ევროპასა და აზიას, აღმოსავლეთსა და დასავლეთს. ჩვენ გვინდა, რამდენადაც შესაძლებელია, აღვუდგინოთ ეს ისტორიული ფუნქცია საქართველოს. ძალიან ბევრს ვაკეთებთ ამისთვის. ვდებთ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურაში, მათ შორის გზატკეცილების, საზღვაო პორტებისა და აეროპორტების განვითარებაში და ა.შ. რკინიგზისაც. და რა თქმა უნდა, ეს ინვესტიციები ახალ შესაძლებლობებს ქმნის საქართველოსთვის. ჩვენ ვისურვებდით, უფრო განგვემტკიცებინა პარტნიორობა შესაბამის ქვეყნებთან, რომლებიც ვაჭრობის ორივე მხარეს დგანან: ერთი მხრივ, ევროპასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და, მეორე მხრივ, სამხრეთ კავკასიის, შუა აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. ჩემი აზრით, მიმდინარე დადებითი ტენდენციები საშუალებას მოგვცემს, აღვადგინოთ ჩვენი სტრატეგიული ფუნქცია.“
ჯეინ უიზერსპუნი, ევრონიუსი: „და ბოლოს, რომ შეგეძლოთ, გაუგზავნოთ მესიჯი პირადად პრეზიდენტ ტრამპს, პრეზიდენტ პუტინსა და ასევე ევროპასაც, რას ეტყოდით მათ?“
ირაკლი კობახიძე,საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „მე საერთო მესიჯს გავუგზავნიდი ყველას. სამართლიანობა არის მთავარი. ჩემი აზრით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ მოგვექცნენ უსამართლოდ. მე მგონია, რომ სამართლიან მიდგომას შეუძლია, ხელი შეუწყოს იმ ობიექტური ინტერესების განხორციელებას, რომლებიც ჩვენს ირგვლივ მყოფ ყველა სხვადასხვა ქვეყანას აქვს.
ავტორი: ჯეინ უიზერსპუნი