„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა 82%-ზე მეტი მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. ქვეყანაში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებლობას გამოკითხულთა 78%-მდე „ქართულ ოცნებას” აკისრებს.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 61.7% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.
ასევე დასვეს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა გამოხატავს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას. გამოკითხულთა 38.6% ერთპარტიულ პარლამენტს ასახელებს, 33.7% კი მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს საქართველოში, რომლებიც ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით იმართება, ხოლო 24% პროტესტის მონაწილეთა ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და უკანონო დაპატიმრებას.
კვლევაში ასევე საუბარია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებაზე, აღარ დააყენოს დღის წესრიგში ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხი 2028 წლამდე. გამოკითხულებს დაუსვეს კითხვა, რამდენად მისაღებია ეს გადაწყვეტილება მათთვის. 48%-ისთვის სრულიად მიუღებელია ეს გადაწყვეტილება, დაახლოებით 19%-ისთვის უფრო მიუღებელია, ვიდრე მისაღები.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის” (ISSA) მიერ იანვარში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით. გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით. გამოპასუხების წილი 74.4%-ია. საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 18-30 იანვრის შუალედში. კვლევის დონორები არიან „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი” და „საქართველოს გაეროს ასოციაცია”.