ბრიტანული მოდელით მედიის კონტროლი – „ქართული ოცნება” ახალი სადავო კანონპროექტების შესახებ მუშაობას იწყებს. მმართველი პარტია გეგმავს, მიიღოს სპეციალური კანონი მედიის გაშუქებისა და დაფინანსების კონტროლის შესახებ.
გარდა ამისა, „ქართული ოცნება” გეგმავს, შეცვალოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი უფრო მკაცრი ვარიანტით. უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, საქართველოს პარლამენტში ასევე დაჩქარებულად იღებენ კიდევ უფრო გამკაცრებული, რეპრესიული კანონების დადგენილებებს.
„მედიასთან დაკავშირებული კანონმდებლობა არის გამოწვევა. ამ სკანდალური მხილებიდან გამომდინარე, ვნახეთ, რომ თურმე აშშ-ს ბიუჯეტიდან სხვადასხვა ორგანიზაციის საშუალებით თანხები იხარჯებოდა მედიასაშუალებებში იმისთვის, რომ გაეტარებინათ საკუთარი ნარატივი, გავლენა ამა თუ იმ ქვეყანასა თუ საერთაშორისო მედიის დონეზე. აქაც ვნახეთ მხილება, თუ როგორ იჯდა დაფინანსებაზე ესა თუ ის მედია იმისთვის, რომ გაეტარებინა ზუსტად ის პროპაგანდა, რომელიც დამფინანსებელს სურდა.
ჩვენ ვსაუბრობთ ყალბ ამბებზე, როგორც მთავარ გამოწვევაზე თანამედროვე სამყაროში. თუ რა დამაზიანებელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს ამას, საქართველოშიც ვხედავთ ხშირად. ასე რომ, ყალბ ამბებთან ბრძოლა ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევაა თანამედროვე დემოკრატიების და ჩვენც, რა თქმა უნდა, უნდა ვებრძოლოთ.
არც აქ გამოვიგონებთ არაფერ ახალს. ავიღებთ ბრიტანულ სტანდარტს, რომელიც მიღებულია მედიასთან დაკავშირებით და გადმოვიტანთ. რამე კითხვებია ამ სტანდარტთან დაკავშირებით? – მიმართეთ ბრიტანეთს, ან მის საელჩოს საქართველოში და განგიმარტავენ. თუ რაიმე კრიტიკული მოსაზრება გაქვთ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ბრიტანეთი და მისი საელჩო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.