რუსეთის მხრიდან ახალი საფრთხეების გათვალისწინებით, ნატომ განიზრახა გააფართოოს თავისი წარმომადგენლობა არქტიკის რეგიონში.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ალიანსის მასშტაბური სამხედრო მანევრები დედამიწის ამ მონაკვეთში ხშირად ტარდება. წვრთნებს მართავს კრემლიც. ამ მანევრებში მოსკოვთან ერთად პეკინიცაა ჩართული.
დღევანდელ მიმოხილვაში ვისაუბრებთ არქტიკის ძალთა ბალანსზე. საინტერესოა, რამდენად არის ტრამპის ინიციატივა გრენლანდიასთან დაკავშირებით არქტიკაში მეტი დასავლური ძალის გამოჩენის მიზეზი.
ü არქტიკა საკმაოდ დატვირთულია სამხედრო წვრთნებით. ალასკასა და მის მიმდებარედ, სანაპირო წყლებში, ასევე ნორვეგიაში, აშშ-მა და ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა რამდენიმე წვრთნა ჩაატარა, რომლებიც მოიცავდა როგორც საზღვაო კომპონენტს, ისე სახმელეთო და საჰაერო მანევრებს.
მნიშვნელოვანია, რომ 2005 წლიდან რუსეთმა განაახლა ძველი საბჭოთა სამხედრო ბაზები არქტიკაში, ასევე საზღვაო ფლოტი და გააუმჯობესა სარაკეტო სისტემები. სააგენტო „როიტერი“ ნატოში ნორვეგიის ყოფილი სამხედრო წარმომადგენლის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ არქტიკა ამჟამად ბნელი ტერიტორიაა რუკაზე. აშშ-ის არმიის ჩრდილოეთ სარდლობაშიც აცხადებდნენ, რომ არქტიკაში ძალების გაძლიერება აუცილებელია.
საინტერესოა უშუალოდ სამხედრო კომპონენტების გადანაწილების სურათიც.
· რუსეთმა დიდი ინვესტიცია ჩადო პორტებში, ინფრასტრუქტურასა და გემებში ჩრდილოეთის ზღვის მარშრუტის განვითარებისთვის და მის დასაცავად. 2021 წელს მან განაახლა ჩრდილოეთის ფლოტიც, რამაც იგი ქვეყნის მეხუთე სამხედრო ოლქად აქცია.
· რეგიონი დატვირთულია სამხედრო საჰაერო ძალების ბაზებითაც, როგორც დასავლური ასევე რუსული. კრემლი ჩინეთთან ერთად არაერთ სამხედრო სწავლებას ატარებდა არქტიკის მიმართულებით.
· სამხედრო სახმელეთო ძალების თვალსაზრისით რუსული ბაზები ჭარბადაა არქტიკულ სარტყელში. აშშ-სა და ნატოს რამდენიმე სახმელეთო ბაზის გარდა, რეგიონში, კონკრეტულად კი გრენლანდიაში 1951 წლიდან ამერიკული სამხედრო კოსმოსური ბაზაცაა.
ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის აკვატორიაში უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში უსაფრთხოების ექსპერტმა ანდრო გოცირიძემ ისაუბრა.