მთავარისაქართველო„მზია დღეს კიდევ უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ორი დღის წინ“- ადვოკატი

„მზია დღეს კიდევ უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ორი დღის წინ“- ადვოკატი

„თავისუფლება მზია ამაღლობელს“ – ამ მოთხოვნით ჟურნალისტის მხარდამჭერები, მეგობრები და კოლეგები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ, ამჯერად ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან. უკვე 20 დღეა მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად, საპატიმროში შიმშილობს.

ახლა ჟურნალისტის მხარდამჭერები არა მხოლოდ მის პატიმრობას აპროტესტებენ, არამედ იმასაც, რომ მის ჯანმრთელობას ნამდვილი საფრთხე ემუქრება. ისინი მზია ამაღლობელის კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.

მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი, რომელმაც ჟურნალისტი დღეს საპატიმროში მოინახულა, ამბობს, რომ მზია დღეს კიდევ უფრო სუსტად გამოიყურება და კიდევ უფრო უჭირს მოძრაობა, ვიდრე ორი დღის წინ. მიუხედავად ამისა, მზია ამაღლობელი კლინიკაში გადაყვანას ან სხვა სახის დახმარებას არ ითხოვს.

ჟურნალისტის შიმშილობასთან დაკავშირებულ რისკებზე, უფლებადამცველებთან და მის მხარდამჭერებთან ერთად, საუბრობენ ექიმებიც. დღეს, 31 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრმა ექიმებმა მოითხოვეს, სრული ინფორმაცია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ. ასევე თქვეს, რომ არსებულ ვითარებას გააცნობენ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებათა მიმართულებით მუშაობს და წაიკითხეს წერილი, რომლითაც გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს  მიმართავენ.

„შეშფოთებული ვართ ამ ხანგრძლივი შიმშილობით. მე გავეცანი მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შიმშილობის დაწყებამდე და მას აქვს რამდენიმე სერიოზული ქრონიკული დაავადება, რომელიც შიმშილობასთან შეუთავსებელია.“, – განაცხადა საქართველოს ჰუმანიტარულ და სახელოვნებო მეცნიერებათა აკადემიის წევრმა, ექიმმა მანანა ჯებაშვილმა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კი აცხადებენ, რომ შიმშილობის მე-20 დღეს მზია ამაღლობელის მდგომარეობა „დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია“ და რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია. მასზე მონიტორინგი მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში. ლაბორატორიული კვლევები პრაქტიკულად ყოველდღიურად ტარდება. ამ ეტაპზე, ბოლო მონაცემებით, მნიშვნელოვანი სახის ცვლილებები არ აღინიშნება. ბრალდებულს ყოველდღიურად ხვდება სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ეცნობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ადვოკატისთვისაც, მისი მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში“, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი, მალხაზ ურთქმელიძე.

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას დამაკმაყოფილებელს უწოდებს სახალხო დამცველიც, თუმცა ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები, რომლებიც ჟურნალისტს დაკავებამდე ჰქონდა, შიმშილობის ფონზე შესაძლოა გართულდეს. ამასთან, სახალხო დამცველი ეხმაურება ექიმთა კონსილიუმის შექმნასთან დაკავშირებულ კითხვებსაც:

„არც თავად მზია ამაღლობელს, არც მის ოჯახს და არც მის კანონიერ წარმომადგენლებს, მსგავსი მოთხოვნა არ დაუყენებიათ. სახალხო დამცველი განიხილავს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, დამატებითი სპეციალისტების მოწვევის საკითხს, ასეთის აუცილებლობის გამოვლენის შემთხვევაში“, – წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 11 იანვრიდან შიმშილობს. ჟურნალისტს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო „პოლიციელზე თავდასხმის“ ბრალდებით 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend