საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მთავრობის წევრებთან ერთად ოფიციალურ შეხვედრებს სომხეთში მართას. ის უკვე შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,, ამ შეხვედრისას მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე წერია, რომ „მხარეებმა ხაზი გაუსვეს სხვადასხვა ფორმატში ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის დიალოგს და მრავალ სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას“. ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
ორი ქვეყნის პრემიერის ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საქართველო და სომხეთი რეგიონში ერთმანეთის ინტერესებს აძლიერებენ.
„ჩვენ მზად ვართ, შავი ზღვის ელექტრონული წყალქვეშა კაბელის განვითარებაში მივიღოთ მონაწილეობა. ჩვენ მშვიდობა და სტაბილურობა არ მიგვიღია მოცემულობად, ჩვენ არსებულ მდგომარეობას რეალობად ვუყურებთ. ჩემს კოლეგას ვესაუბრე ამ საკითხზე, სომხეთ-აზერბაიჯანის ნორმალიზაციის პროცესზე და ხაზი გავუსვი იმას, რომ სომხეთმა კონკრეტული გამოსავლის გზები შესთავაზა აზერბაიჯანს და ველით, რომ სტრატეგიული პასუხიც მოვა აზერბაიჯანიდან. ვუდასტურებთ ჩვენს ქართველ კოლეგას, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის გასაძლიერებლად.”- განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა.
ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხდა სომეხ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მყარი მხარდაჭერისთვის.
„საქართველო-სომხეთს შორის ურთიერთობებში განსაკუთრებული ადგილი უკავია ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს და, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დღევანდელი კომისიის სხდომის განხილვის მთავარი თემა იყო სწორედ ეკონომიკური პარტნიორობა. მოხარულები ვართ, რომ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით პოზიტიური ტენდენცია გვაქვს. რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში, განსაკუთრებით მეზობელ სახელმწიფოებს შორის, მუდმივად არსებობს განვითარების პოტენციალი და ჩვენთვის მთავარია, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად ავითვისოთ”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სომხეთი და აზერბაიჯანი ერთ-ერთი პირველები იყვნენ იმ ქვეყნებს შორის, რომელთა ლიდერებმაც „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. მათ ასევე, პრეზიდენტად არჩევა მოულოცეს „ქართული ოცნების“ ხმოსნების მიერ არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს. მსოფლიო ლიდერების უმრავლესობა 2024 წელს საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.