მთავარიევროპაუკრაინაომის 1071 დღე უკრაინაში

ომის 1071 დღე უკრაინაში

ომის 1071 დღე უკრაინისთვის კვლავ საჰაერო იერიშის ფონზე გათენდა. რუსეთმა სამიზნეში ხარკივის და სუმის ოლქი ამოიღო.

81 უპილოტო საფრენი აპარატიდან, მხოლოდ 37-ის მოგერიება მოხერხდა, მათგან ერთ-ერთი, შაჰიდის ტიპის დრონი სუმში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა.

ქვეყნის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას შეგნებულად უტევს და სუმის შემთხვევაც კრემლის დანაშაულებრივი ქმედებების მაგალითია.

„გამოვთქვამ მწუხარებას რუსული თავდასხმის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და მეგობრების მიმართ. კიდევ 9 ადამიანია დაჭრილი, მათ შორის ბავშვიც. სამაშველო ოპერაციები ადგილზე ჯერ კიდევ გრძელდება, იქ მაცხოვრებლებს დახმარებას უწევენ. საშინელი ტრაგედიაა, საშინელი რუსული დანაშაული. მნიშვნელოვანია, რომ ამ ტერორის პირისპირ მსოფლიო არ გაჩერდეს რუსეთზე ზეწოლის საქმეში. მადლიერი ვარ ყველა ლიდერის, ვინც საუბრობს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერაზე“, – აღნიშნა სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კიევის მეგობრები უკრაინის მხარდაჭერის გარდა, სულ უფრო ინტენსიურად საუბრობენ იმაზეც, თუ როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი.

ეს თეთრ სახლში დონალდ ტრამპის მოსვლის თანმდევი დისკუსიაა, რომელიც მანამდე ომის 24 საათში დასრულებას აანონსებდა. ჯერ არ მიღწეული შეთანხმების ხელმოწერაზე ალაპარაკდა რუსეთის პრეზიდენტიც.ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ჯერ არ ჩანიშნულ მოლაპარაკებებში მოსკოვის ინტერესებს ბოლომდე დაიცავს.

რუსეთის სამთავრობო მედიასთან საუბრისას, ის კვლავ უპირატესობის ჩვენებას შეეცადა.

„თუ არსებობს სურვილი, ყველა იურიდიული ხასიათის გადაწყვეტაა შესაძლებელი, თუმცა ასეთ სურვილებს ჯერ ვერ ვხედავთ. ვფიქრობ, მისი დასავლელი პარტნიორები თუ შეწყვეტენ მის მხარდაჭერას – ისინი ერთი თვეც კი ვერ გაძლებენ,  ამოეწურებათ ფული და ფართო გაგებით ტყვიები და მორჩა, ყველაფერი თვე ნახევარში ან 2 თვეში დასრულდება. ამ შემთხვევაში კი უკრაინის სუვერენიტეტი ნულოვანია.
თუ მის დასავლელ სპონსორებს  სურთ მშვიდობის მიღწევა, გზა მარტივია. მე ერთხელ ეს სიგნალები ბაიდენსაც გავუგზავნე, არსებობს სურვილი? გთხოვთ“, – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

ომის დასრულების სურვილის არქონაში დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს. პროცესის დაწყებისთვის პირველ ნიშნებს ინტერესით ელის ევროპაც. ვაშინგტონსა და ბრიუსელში ახლადდანიშნული დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელებს შორის საუბარი უკვე შედგა. ცნობილია, რომ საკითხის გადაწყვეტამდე პარიზი უკრაინის დახმარებას განაგრძობს.

უახლოვეს პერიოდში კიევში “მირაჟი 2000-5-ის” ტიპის გამანადგურებლებს ელიან. ამას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადიო სანს უდასტურებს, რომ „როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებაში იყო ნათქვამი, მოდერნიზებული ფრანგული „მირაჟი“ მალე უკრაინის ცაზე იფრენს“. ჟან-ნოელ ბარროს მათი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.

სამხედრო მოქმედებები უკრაინაში გრძელდება და მას ყოველდღიურად მოაქვს მსხვერპლი.

აგრესორი ქვეყნის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმებს აგრძელებს უკრაინაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სულ ბოლოს 100-ზე მეტი უკრაინული დრონის მოგერიება მოუხდა: კურსკში, სმოლენსკში, ტვერსა და ბელგოროდში. რაც შეეხება სამხედრო პერსონალს, ბოლო ინფორმაციით ამ მხრივ რუსეთის დანაკარგები მნიშვნელოვნად აღემატება უკრაინისას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend